"დღეს ბათუმის "დინამო" გადამფრენი ფრინველივითაა - სადაც მოედანს ვნახავთ, იქ ვვარჯიშობთ"

AutoSharing Option
წლეულს, ბათუმის "დინამოს" თამაშში არასტაბილურობა აშკარად შეინიშნება. მშვენიერი სტარტის შემდეგ გუნდმა სატურნირო ცხრილში პოზიცია დათმო და მესამეზე ჩამოქვეითდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან ხომერიკი ამას ნაწილობრივ წინასწარმეტყველებდა კიდეც მაშინ, როცა მისი გუნდი ლიდერობდა.

"ძალიან მახარებს, რომ წარმატებული სტარტი გვქონდა. მაგრამ საქართველოში ძალიან ძნელია მიზნის დასახვა. ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ყველა ადამიანი ერთ ნავში ვსხედვართ და თქვენც კარგად იცით, რომ არასტაბილური გარემო, მწირი პირობები და განადგურებული ინფრასტრუქტურა წინსვლის შანსს გვისპობს", - ამბობს ხომერიკი.

ბათუმელთა ინფრასტრუქტურის არარსებობაზე ხომერიკმა მაშინ საინტერესო ანალიზი გააკეთა:

"უკვე 10
წელია, რაც ბათუმის "დინამოს" საკუთარ სტადიონზე არ უთამაშია, ხოლო ახალი ვერა და ვერ აგვიშენეს. ჩვენი იმედი ანგისას ბაზას უკავშირდება, სადაც 4 მოედნის მოწყობა იგეგმება. მაგრამ ახლა რა ხდება? დიახ, ფეხბურთელებს უნდა მოვთხოვოთ, მაგრამ ელემენტარული პირობებიც უნდა შევუქმნათ. საქმისადმი მათი დამოკიდებულება გმირობის ტოლფასია - არც მოედანი, არც სტადიონი და საკუთარი ბაზა... და მიკვირს, ამ წვალებაში ლიდერებში როგორ ვართ...

ამ ყველაფერს თუ არ მოვუვლით, არ იქნება ყველა ქალაქში ინფრასტრუქტურა, ბაზები, სტადიონები, მოწესრიგებული საფეხბურთო სკოლები, არ გავაუმჯობესებთ მოთამაშეთა ფიზმომზადებას, ჩვენი იმედი რეალურად ილუზია იქნება და ყოველი ახალი ევროსეზონის შემდეგ გულშემატკივარი ისევ იმედგაცრუებული დარჩება".

რა ხდება სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით, ამაზე "ლელომ" ბათუმის "დინამოს" დირექტორ ოთარ ფედიჩკინს ჰკითხა:

"ბათუმის "დინამოს" სტადიონზე ტენდერი გამოცხადდა და ის აუცილებლად აშენდება. უკვე ცნობილია საზედამხედველო კომპანია, რომელიც მშენებლებს გააკონტროლებს - ეს პოლონური ორგანიზაციაა. ამის შემდეგ ჩატარდება მშენებლობის ტენდერი და სტადიონზე სამუშაოებიც დაიწყება", - ამბობს ფედიჩკინი.

ანუ, ჯერ მაინც უცნობია, ბათუმის "დინამოს" სტადიონის მშენებლობა როდის დაიწყება და გუნდი საკუთარ არენაზე თამაშს როდის ეღირსება. მაგრამ გარკვეული კომპენსაცია ანგისას საფეხბურთო ბაზის მშენებლობაა, რომელიც უკვე დაწყებულია, მის დასრულებას 2016 წლის დეკემბერში ვარაუდობდნენ. ასეთ შემთხვევაში, გუნდი ბათუმში ახალ ჩემპიონატს მაინც დაიწყებს.

ფედიჩკინმა უარყო ხმები, თითქოს, ანგისაში მშენებლობა შეჩერებულია.

"ანგისაში მუშაობენ, ეს ფაქტია. ჩვენს გუნდს საკუთარი ბაზა არასოდეს ჰქონია და იმედია, ეს პრობლემა მალე მოგვარდება და მშენებლობა მალე დასრულდება. ამით ჩვენ დიდი ხარჯებისგან გავთავისუფლდებით, რადგან აქეთ ბათუმიდან ქობულეთში სიარულში საკმაოდ სოლიდური თანხები გვეხარჯება.

გარდა ამისა, ჩვენი ყველა ასაკობრივი გუნდი ქობულეთში ვარჯიშობს და დღეში მინიმუმ 100 ლარის მარტო საწვავი მაინც გვჭირდება. რომ დავიანგარიშეთ, საკუთარი სტადიონისა და ბაზის აშენების შემთხვევაში, წელიწადში 150 ათასი ლარი მაინც დაგვეზოგება და ეს თანხა გუნდის საჭიროებას მოხმარდება.

იმედია, ანგისას ბაზას მალე ჩაგვაბარებენ და ამოვისუნთქავთ. დღეს კი ბათუმის "დინამო" გადამფრენი ფრინველივითაა - სადაც მოედანს ვნახავთ, იქ ვვარჯიშობთ. ასე, გუნდის არსებობა ძალიან რთულია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
არც დეკემბერში იქნება ბაზა,სამუშაო შეჩერებული კი არა 2 ტვეა არავის უმუშავია იქ,ნუ რასაც ვხდავტ არაფერი გაკეტებულა,ჟურნალისტებს გთხოვთ დააკვირდეთ ბატუმის ბაზის მშენებლობას,და გააშუქოთ ფოტო მასალა მაინც
ariqaa
16:57 20-10-2016
0
მხოლოდ დაპირებები და პიარ კამპანიაა სტადიომთან დაკავშირებით რეალურად საქმე ადგილიდან არ იძვრება. ყველა არჩევნებზე და თანამდებობის დაკავების დროს ახსენდებათ რაღაცას წაიფაფორთხიალებენდა საქმე მორჩა ასეა უკვე რამდენი წელი ((
გიო
17:34 20-10-2016
0

სიახლეები პოპულარული