ერთი ხელის მოსმით მომიშორეს - გიორგი განუგრავა დაკარგულ წლებზე, "ჩიხურასა" და ნაკრებზე

AutoSharing Option
გიორგი განუგრავა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი იყო მათ შორის, ვინც ბოლო 10 წელიწადში საქართველოში გამოჩნდა.

17 წლის გახლდათ, ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა რომ ჩაატარა და 2005-11 წლებში "ჯვაროსნების" ფორმა 9-ჯერ მოირგო.

მაგრამ სწორედ მაშინ გაჩერდა, ფეხბურთელისთვის საუკეთესო წლები რომ დაუდგა. 23 წლიდან ნაკრებში აღარ იწვევდნენ. ახლა 28 წლისაა და რამდენიმე გუნდის ფორმა მოირგო: "ამერიდან" "ზესტაფონში" გადავიდა, საიდანაც ბოლესლავის "მლადას" მიაშურა (2008-09), ჩეხეთიდან უნგრეთში წავიდა და "დიორში" (2009-12), "ლომბარდ პაპასა" (2011) და "ზალაეგერშეგში" (2012) ითამაშა...

მაგრამ გიორგი ტრავმებმა ძალიან გაამწარა და
24 წლისა საქართველოში დაბრუნდა. სამწუხაროდ, თავი ვერც რუსთავის "მეტალურგში" (2012-13) გამოავლინა, ვერც ბოლნისის "სიონში" (2013) და ბევრმა მიიჩნია, რომ კიდევ ერთი ნიჭიერი ფეხბურთელი დაიკარგა.

ყველაფერი 2015 წელს შეიცვალა, როცა გიორგი "ჩიხურაში" მიიწვიეს, სადაც ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ მოთამაშედ იქცა - დაღვინებული, გამოცდილი და უფრო სასარგებლო.

თბილისის "ლოკომოტივისა" და "ჩიხურას" მატჩისადმი მიძღვნილ წერილს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ გავიმეორებთ - ამ მატჩში საჩხერელებმა ძალიან თანამედროვე ფეხბურთი აჩვენეს, რაც უპირველესად მათი ცენტრალური ნახევარმცველების - თორნიკე გორგიაშვილისა და გიორგი განუგრავას დამსახურება იყო.

ბევრი გინახავთ ისეთი მატჩი, სადაც ნახევარმცველი ერთი შეხებით ავითარებს და ამწვავებს შეტევას, ბურთს და მაყურებელს არ აწვალებს და ტექნიკითაც გამოირჩევა?..

ამით იყო დასამახსოვრებელი განუგრავას თამაში. "ჩიხურას" ნახევარმცველმა "ლელოს" ინტერვიუ მისცა:

შესაძლოა, საქმეს  მეც დავაკელი რაღაც
- "ლოკომოტივთან" გამარჯვებით, ფაქტობრივად, საჩემპიონო ფინალში თამაში გაინაღდეთ...
- ეს ჯერ გარანტირებული არ გვაქვს, მაგრამ ფინალისკენ დიდი ნაბიჯი ნამდვილად გადავდგით. "ჩიხურას" უეფას თასზე ბევრჯერ უთამაშია და წარმატებული სეზონებიც ჰქონია. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ გარდამავალ ჩემპიონატში განსაკუთრებულად წარმატებულები ვართ და გამორჩეულად კარგ ფეხბურთსაც ვთამაშობთ.

ამავე დროს, ბიჭებს დიდი მოტივაციაც გვაქვს და, რაც მთავარია, ძალიან კარგი შემადგენლობა და სამწვრთნელო შტაბი შეიკრიბა. "ჩიხურამ" ქართულ ფეხბურთში ახალი სათამაშო სტილი დანერგა. ძალიან გუნდურები და შეთამაშებულები რომ ვართ, ეს დადებითი მხარე კარგად ჩანს.

- სწორედ ამაზე უნდა მეკითხა. 21-ე საუკუნის თამაშების ფონზე, საქართველოს ჩემპიონატის მატჩები მეტისმეტად დუნედ და დაბალ ტემპში მიმდინარეობს. გამონაკლისი ორიოდე გუნდია და მათ შორის, უპირველესად - "ჩიხურა"...
- ევროპის ჩემპიონატს ყველა ვუყურებდით. იქიდან დასკვნა ყველამ გამოიტანა - თანამედროვე ფეხბურთში მხოლოდ ქართული გაგებით და ბურთის თრევით ვერაფერს მივაღწევთ. თუმცა, მიმაჩნია, რომ ჩვენი პლუსები ყველაზე უკეთ სწორედ სწრაფ ფეხბურთში გამოჩნდა.

რა თქმა უნდა, შეცდომებს ხშირად ვუშვებთ, მაგრამ ნელ-ნელა უკეთეს ფეხბურთს ვაჩვენებთ, რაც გულშემატკივრებს მოსწონთ.

რაც შეეხება სტილს, ეს მწვრთნელის დამსახურებაა. ის ყოველთვის გვეუბნება, როგორ ფეხბურთს ითხოვს ჩვენგან და გუნდს თავისი ხელიც დაატყო. სხვათა შორის, "ჩიხურაში" ბევრი ახალგაზრდაა და გამოცდილები ვინც ვართ, ვცდილობთ, მათ თავის გამოჩენაში დავეხმაროთ.

- უნდა თუ არა, გარემო გავლენას ყველა გუნდსა და მოთამაშეზე ახდენს და ჩვენი ჩემპიონატის ფეხბურთს ყველა ეჩვევა. ალბათ, "ჩიხურას" ფეხბურთელებს სწრაფ ფეხბურთზე გადასვლა გაგიჭირდათ...
- ბუნებრივია, იოლი არ იყო, მაგრამ ასეთი გახლდათ მწვრთნელის მოთხოვნა და ისეთი ფეხბურთელებიც შეკრიბა, რომელთაც არც სისწრაფე დაეწუნებათ, არც აზროვნება და არც - ტექნიკა.

ბოლო ორი წელია, ბირთვი შენარჩუნდა და ეს ჩვენს თამაშს აშკარად დაეტყო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ დრო ჩვენზე კიდევ უფრო კარგად იმუშავებს.

- რას გულისხმობ?
- უფრო მეტი პოტენციალი გვაქვს, კიდევ უფრო კარგად შევთამაშდებით და თუ ამ შემადგენლობის ბირთვიც შენარჩუნდება, უახლოეს წლებში ბევრად უკეთეს გუნდად ჩამოვყალიბდებით.

- გულახდილად ვთქვათ: საჩხერეში ბევრი ისეთი მოთამაშეა, რომლებიც ჩვენი ფეხბურთის ლიდერებმა ჩამოწერეს, ამ დროს კი, საქართველოში ყველაზე სწრაფ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებთ. "ჩარეცხილებისგან" ასეთი თამაში მოულოდნელი იყო...
- ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. დიდხანს არ ვჩანდი ქართულ ფეხბურთში. შესაძლოა, საქმეს მეც დავაკელი რაღაც, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ერთი ხელის მოსმით მომიშორეს. თუმცა, სოსო ფრუიძე მენდო, მიმიწვია და, ალბათ, მისი იმედები არ გამიცრუებია.

- 5 წელიწადია საქართველოს ეროვნული გუნდის შეკრებაზე აღარ ყოფილხართ, მაგრამ ახლა, საუკეთესო ფორმაში მყოფი, გულის სიღრმეში ხომ არ იმედოვნებთ მიწვევას ვლადიმირ ვაისისგან?
- საკმაოდ ბევრი წელი დავკარგე. როცა ბირთვს ასე მკვეთრად ჩამოგაშორებენ, წლების მერე ამაზე ფიქრი ძალიან ძნელია. საქართველოს ნაკრებს კომპეტენტური მწვრთნელი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, ღირსეულ შემადგენლობას შეარჩევს. ვლადიმირ ვაისსა და ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Eseti kargi gundi yavs sachxeres da mama marchenals ar sheuzlia nax_naxevari stadioni aushenos tavis qalaqs da gunds? Magram ...
Fanni
08:49 29-10-2016
0
თუ საჩხერის ჩიხურა ჩემპიონი გახდება მეორე დღესვე გორიჯვარზე ფეხშიშველი ავდივარ.წარმატება ბიჭებო მართლა მაგარი კამანდა შეიკრიბა.(ბურსას)შემდეგ:)))ღირსი ვართ ბოლოსდა ბოლოს ჩემპიონები გავხვდეთ.ვინც ჩახედულია ქართულ ფეხბურთში ყველა თამამათ იტყვის ქართულ ფეხბურთის აღორძინებში რა როლს ასრულებს ჩიხურა.სტადიონის ღირსები ნამდვილათ ვართ სარჩხებლები
ჩიხურა
21:38 28-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული