11:52 31-10-2016
ჩიხურა-ტორპედო 2:1 - საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება! [VIDEO]
AutoSharing Option
იმერულმა გუნდებმა შუაგულ ქართლში "თეთრი ჯგუფის" მატჩი გამართეს. გორელები, მოგეხსენებათ, "წითელ ჯგუფში" არიან და მიმდინარე სეზონში ამ ქალაქში არც ქუთაისელებს უთამაშიათ და არც - საჩხერელებს. იქვე იყო "მზვერავიც" - ტრიბუნებიდან თამაშს თვალს ადევნებდა თბილისის "დინამოს" ახალი თავკაცი ვიაჩესლავ გროზნი თავისივე სამწვრთნელო შტაბის წევრებთან ერთად.
პირველ ნახევარში ერთობ უღიმღამო ბურთაობა ვიხილეთ. ტაიმმა მეკარეთათვის მეტწილად უხიფათოდ ჩაიარა. ტემპიც არ ყოფილა მაღალი, ორივე გუნდის ფეხბურთელები საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გაცილებით მეტს ზრუნავდნენ, ვიდრე მოწინააღმდეგის კარის აღებაზე.
თუმცა მაინც ვნახეთ რამდენიმე ისეთი ეპიზოდი, შემტევთა უფრო ზუსტად მოქმედების შემთხვევაში, სახეირო რომ შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგალითად, მე-12 წუთზე ქუთაისელთა საჯარიმო მოედანში მყოფმა ირაკლი ლექვთაძემ მცველთაგან უყურადღებოდ მიტოვებული თორნიკე გორგიაშვილი მონახა, მაგრამ ამ უკანასკნელმა მიზანი ვერ გაასწორა.
ცოტა ხანში უკვე თავად გორგიაშვილმა დაუგორა ლექვთაძეს დასარტყმელად, თუმცა ამ შემთხვევაში მეკარე როინ კვასხვაძემ იყოჩაღა. საპირისპირო კართან კი, "სტანდარტულის" შესრულებისას, ქუთაისელთა თავდამსხმელ ოთარ კვერნაძეს ბოლოსღა დაასწრეს მცველებმა, თორემ ანგარიშიც გაიხსნებოდა.
მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე, "ტორპედო" უკეთ ათამაშდა და საერთოდაც, ბევრად უკეთესი ფეხბურთი გაჩაღდა მოედანზე. ქუთათურები ნომინალური მასპინძლის საჯარიმო მოედანს მიეძალნენ. გააქტიურდა ბექა ტუღუში, რომლის პასით კვერნაძეს მართებდა ახლო მანძილიდან ბურთის კარში გადაგზავნა, მაგრამ მიზანს ააცილა.
ტუღუშმა მერე შორიდანაც სცადა გატანა, მაგრამ ეს მცდელობაც ამაო გამოდგა. შედეგი კი ცოტა ხანში ოლეგ მამასახლისის ქმედებას მოჰყვა - საჯარიმოში შეჭრილი, საჩხერელებმა წესების დარღვევით შეაჩერეს. პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა და ტაბლოზე 0:1 აინთო.
"ჩიხურას" გონზე მოსასვლელად დიდი დრო არ დასჭირვებია. მეტიც - პრაქტიკულად, მომდევნო იერიში გოლით დაასრულა. ნიშანდობლივია, რომ სოსო ფრუიძის დამოძღვრილებმა ორივე გოლი ერთმანეთის მსგავსი და აშკარად კარგად დამუშავებული კომბინაციის შედეგად გაიტანეს - ქუთაისელთა საჯარიმო მოედნის გასწვრივ საჩხერელები მოკლე პასებით სწრაფად გადასცემდნენ ბურთს თანაგუნდელებს, რომლის დროსაც, მესამე ან მეოთხე ფეხბურთელი დასარტყმელად უკეთეს პოზიციაში რჩებოდა, ეს დარტყმა კი ორივე შემთხვევაში ზუსტი გამოდგა.
პირველად, დიმიტრი ტატანაშვილის ბოლო პასით, გორგიაშვილი დარჩა დასარტყმელ პოზიციაზე და შესანიშნავადაც გაგზავნა ბურთი მეკარისგან მარჯვენა "ცხრიანში". შეხვედრის მიწურულს კი უკვე ლაშა ჩიკვაიძემ ახეირა თავისი გუნდი ანალოგიურ სიტუაციაში - 2:1.
აქვე დავძენთ, რომ ტატანაშვილმა, მართალია, თავად ვერ გაიტანა, მაგრამ ორივე გოლში შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი და ერთხელაც მის მიერ დასარტყმელად გასწორებულ ბურთს მძლავრად დასცხო მიხეილ სარდალიშვილმა, ოღონდ ამ შემთხვევაში კვასხვაძემ განმუხტა მომენტი.
ვერ ვიტყვით, რომ "ჩიხურა" მოგებას არ იმსახურებდა, მაგრამ ამ ორ გოლს შორის გუგა ფალავანდიშვილის შორეული დარტყმული დინო ჰამზიჩს "ცხრიანიდან" რომ არ "ჩამოეხსნა", ვერავინ იტყვის, საბოლოოდ რა მოხდებოდა.
ერთი სიტყვით, ამ გამარჯვებით "ჩიხურა", რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, "თეთრ ჯგუფში" მდევართათვის მიუწვდომელი შეიქნა და საჩემპიონო მატჩში მონაწილეობა გაინაღდა. ამით "ჩიხურამ" რეგალიები ჩამოხსნა თბილისის "დინამოს", რომელსაც ტიტულის დაცვის შანსი საბოლოოდ მოესპო.
ამას გარდა, ფრუიძის გუნდი თასის ნახევარფინალშიცაა გასული და ამ ჯილდოსთვისაც იბრძვის. ამ ორ ტურნირში ერთად, "ჩიხურას" ზედიზედ 7 მატჩია, არ წაუგია. ამის საპირისპიროა "ტორპედოს" მდგომარეობა, რომელიც გორული მარცხით კიდევ უფრო დამძიმდა.
უმაღლესი ლიგა. XI ტური. თეთრი ჯგუფი
29.10. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
ჩიხურა-ტორპედო 2:1
გოლები: 0:1 მამასახლისი (64-პენ), 1:1 გოგიაშვილი (66. ტატანაშვილის პასით), ჩიკვაიძე (84. ლობჟანიძის პასით)
ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიკვაიძე, რეხვიაშვილი, კაშია, გრიგალაშვილი, დობროვოლსკი (46. გვალია), განუგრავა, გორგიაშვილი, ლექვთაძე (70. სარდალიშვილი), ლობჟანიძე (89. კაკუბავა), ტატანაშვილი.
სათადარიგოები: სეფიაშვილი, მუმლაძე, კორიფაძე, დეკანოიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, მამასახლისი (86. კაპანაძე), ბაბუნაშვილი (80. ნერგაძე), დოლიძე, ტუღუში, კვერნაძე (61. კუჭუხიძე).
სათადარიგოები: ქვილითაია, ენდელაძე, ბენაშვილი, საღრიშვილი
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: ფალავანდიშვილი (48), ჩიკვაიძე (55)
არბიტრი: ლ. სილაგავა.
მომდევნო ტური
5 ნოემბერი
თეთრი ჯგუფი
ლოკომოტივი-ცხინვალი
შუქურა-დინამო (თბ)
ტორპედო-გურია
წითელი ჯგუფი
დილა-საბურთალო
კოლხეთი-სამტრედია
ზუგდიდი-სიონი
ბომბარდირები
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 8
ჯ. დვალი (ცხინვალი) 7
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 7
გ. ხარაიშვილი (საბურთალო) 6
გ. ფანცულაია (საბურთალო) 6.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ვულოცავ ჩიხურას და ასევე სამტრედიასაც, მაგრამ ძალიან არ მომწონს ეს სისტემა 1 გუნდი რომ მთელი ჩემპიონატის მანძილზე 12 მატჩს ატარებდეს და მე-13 პინალი იყოს სისულელეა და მეტი არაფერი. სათასო სისტემა რო იყოს კიდე ჰო მაგრამ ჩემპიონატი, რავიცი უინტერესოა
0
0
kide uyureben am sports am qveyanashi?
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული