საბურთალო-კოლხეთი 6:1 - ორი საგოლე პასი, დუბლი და ჰეთ-თრიკი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"წითელი ჯგუფის" ცენტრალურ დაპირისპირებას ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. გელა სანაიას ხელმძღვანელობით, ფოთელები საკუთარ თავს გადაახტნენ და ბოლო წლებში საუკეთესო სეზონს ატარებენ. თუმცა "კოლხეთი" მატჩს სერიოზული დანაკლისით შეხვდა. დისკვალიფიკაციის გამო სანაიას გუნდს კაპიტანი ომარ გოგონაია, ლიდერი დავით ბოლქვაძე და შეტევის მთავარი დამრტყმელი ძალა - ვლადიმირ კორობკა აკლდათ, რის გამოც სათადარიგოთა განაცხადიც ბოლომდე ვერ შეავსეს.

ოპტიმალური შემადგენლობით ვერც "საბურთალომ" ითამაშა. ეს გუნდი გარდამავალ ჩემპიონატში არასტაბილურად თამაშობს და 9 ქულით მე-5 პოზიციაზეა. მასპინძლებს დისკვალიფიცირებული გია ჩაბრაძე და ხოსე კარასკო ვერ დაეხმარნენ.

რაც
შეეხება უშუალოდ თამაშს, ტერიტორიულ უპირატესობას "საბურთალო" ფლობდა. გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილები აქცენტს სისწრაფესა და ბურთის კონტროლზე აკეთებდნენ, კოლხების დაცვაში ბზარს ფლანგებიდან და ცენტრიდან გამუდმებული ზეწოლითა თუ მოძრაობებით ეძებდნენ.

მართალია, კოლხები მეტოქეს მჭიდროდ ეთამაშებოდნენ, მაგრამ მათ კართან საგოლე მომენტები მაინც შეიქმნა. სახიფათო გამოდგა გიორგი ფანცულაიას დარტყმა, რომელიც გაბი თებიძემ მოიგერია. კოლხების მეკარემ ჩინებული რეაქცია გამოავლინა ცოტნე ნადარაიას შეტევის დროს, როცა საბურთალოელთა მარცხენა მცველმა ჯერ ფლანგიდან დაურტყა, მერე კი დამატებაზე მცველს დაასწრო, მაგრამ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.

თებიძემ გუნდი აშკარა გოლისგან კიდევ ერთხელ იხსნა, როცა გიორგი ხარაიშვილის ჯარიმას გადაეღობა, დამატებაზე კი ახლო მანძილიდან თედორე გრიგალაშვილის დარტყმაზე მშვენიერი რეაქცია გამოავლინა.

ტაიმის შუაში კოლხეთმა მდგომარეობის გამოსწორება სცადა: მარჯვენა ფლანგზე იგორ ოზარკივმა გარღვევა საჯარიმოში სახიფათო ჩაწოდებით გააგრძელა, თუმცა მცველმა ბურთი მოიგერია.

პირველი ნახევრის მიწურულს "საბურთალომ" ზეწოლა გააძლიერა: ფანცულაიასთან გათამაშებული "სამკუთხედის" შემდეგ ხარაიშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მეკარემ ბოლო მომენტში ბურთს თითი წაჰკრა და კუთხურზე მოიგერია, რომლის გათამაშების შემდეგ ვაგნერ დე სოუზამ სახიფათოდ დაარტყა და მეკარე ბურთს ადგილზე დახვდა.

"საბურთალოს" შეტევებმა ტაიმის ბოლოს შედეგი მაინც გამოიღო: ვაგნერმა სანდრო ალთუნაშვილთან გაათამაშა ბურთი, რომელმაც ფრანგ ლეგიონერს ბურთი მოხდენილად გააყოლა, მან კი ბურთს წვერი წაჰკრა და თებიძეს შორეულ კუთხეში გაუტანა - 1:0.

გასახდელში "გამოყოლებული" გოლის გამო გელა სანაიამ "კოლხეთი" შესვენებისას კარგად "დაქოქა" და წონასწორობაც მალევე აღდგა. გურამ ლუკავას მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ რასიმ რამალდანოვმა საჯარიმოში ყველას დაასწრო და თავურით ულამაზესი გოლი გაიტანა - 1:1.

მაგრამ მერე მოვლენები მოულოდნელი სცენარით წარიმართა. გიორგი ხარაიშვილის კლასი და შემართება სწორედ აქ გამოჩნდა: ელვინ ტერამ სწრაფი კომბინაცია საჯარიმოსთან გაუგრძელა საბურთალოელთა კაპიტანს, რომელმაც ძლიერად და ზუსტად დაარტყა - 2:1. შეტევა იმდენად სწრაფად განვითარდა, თებიძემ ბურთზე რეაგირება ვერ მოასწრო.

მალე "საბურთალომ" მესამეც გაიტანა: მოედნის ცენტრთან თამაზ ჟიშკარიანი ორთაბრძოლაში წაიქცა და ჯარიმის დანიშვნას იმედოვნებდა,"საბურთალომ" კი შეტევა განავითარა და საჯარიმოში ფანცულაია წააქციეს. არბიტრმა დანიშნა პენალტი, რამაც სტუმართა აღშფოთება გამოიწვია. 11-მეტრიანი იყო, მაგრამ, მათი აზრით, არბიტრს ჟიშკარიანის წაქცევაზე თამაში უნდა შეეჩერებინა. პროტესტი უშედეგო გამოდგა და ხარაიშვილმა ზუსტად დაარტყა - 3:1.

კოლხებმა მაინც გაიბრძოლეს: 68-ე წუთზე, "საბურთალოს" საჯარიმოში ჟიშკარიანი დიდი სისწრაფით შეიჭრა და გაგი მარგველაშვილთან ორთაბრძოლისას წაიქცა. ფოთელები და მათი გულშემატკივრები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა. რეალურად, ეს ფოთელების ბოლო გაბრძოლება აღმოჩნდა.

70-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგზე მასპინძელთა სწრაფი შეტევისას ვაგნერმა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ფანცულაია, რომელმაც "საბურთალოს" უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა - 4:1.

აქედან დაიწყო მისი ბენეფისიც: 83-ე წუთზე, მან მეკარესთან პირისპირ დატოვა ხუან გარსია პენა, რომელმაც თებიძეს ვერ აჯობა, მაგრამ ბურთს ისევ ესპანელი დაეუფლა და კართან გახსნილი ფანცულაია მოძებნა, "საბურთალოს" ფორვარდმა კი თავისიანების უპირატესობა კიდევ გაზარდა - 5:1.

ორიოდე წუთში, მარჯვენა ფლანგზე 30-მეტრიანი სპრინტის შემდეგ, ვაგნერმა საჯარიმოში შეჭრილი ფანცულაია მეკარესთან პირისპირ დატოვა და ჰეთ-თრიკს წინ ვეღარავინ აღუდგა - 6:1.

საინტერესოა, რომ ვაგნერმა გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა, ხარაიშვილმა - დუბლი, ხოლო ფანცულაიამ, ჰეთ-თრიკის გარდა, პენალტი მოიპოვა და მეხუთე გოლიც უშუალოდ შექმნა.

"საბურთალომ" ამ ერთ შეხვედრაში თითქმის იმდენივე გაიტანა, რამდენიც (7 გოლი) წინა 8 შეხვედრაში და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა. ხოლო წლევანდელი სეზონის "აღმოჩენას", გელა სანაიას "კოლხეთს", ლიდერების არყოფნა და მოკლე სათადარიგოთა სკამი აშკარად დაეტყო.

უმაღლესი ლიგა. XI ტური. წითელი ჯგუფი
29.10. თბილისი. "მიხეილ მესხი" 
საბურთალო-კოლხეთი 6:1
გოლები: 1:0 ვაგნერი (45+2. ალთუნაშვილის პასით), 1:1 რამალდანოვი (51. ლუკავას პასით), 2:1 ხარაიშვილი (58. ტერას პასით), 3:1 ხარაიშვილი (62-პენ), 4:1 ფანცულაია (70. ვაგნერის პასით), 5:1 ფანცულაია (83. პენას პასით), 6:1 ფანცულაია (85. ვაგნერის პასით)
საბურთალო: გოშაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, თედ. გრიგალაშვილი, ნადარაია (67. სოფრომაძე), ვაგნერი, ალთუნაშვილი, ტერა (56. მამუჩაშვილი), ხარაიშვილი, ფანცულაია, სანტიაგო ხარა (74. გარსია პენა).
სათადარიგოები: ქურდაძე, რუხაძე, ბუხაიძე, კოხრეიძე
მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
კოლხეთი: თებიძე, გ. კილასონია (74. გედენიძე), რამალდანოვი, ჩაკვეტაძე, ქებურია, შ. კერძევაძე, ოზარკივი, ლ. კაკულია (46. ლუკავა), ჯღამაია (84. თ. შალიკაშვილი), ჟიშკარიანი, ნიქაბაძე.
სათადარიგოები: ძაგანია, კოკაია
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: ტერა (45), მარგველაშვილი (55), ალთუნაშვილი (60), ჩაკვეტაძე (61), ჯღამაია (64), ხარაიშვილი (64), ოზარკივი (88)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

მომდევნო ტური
5 ნოემბერი
თეთრი ჯგუფი
ლოკომოტივი-ცხინვალი
შუქურა-დინამო (თბ)
ტორპედო-გურია.

წითელი ჯგუფი
დილა-საბურთალო
კოლხეთი-სამტრედია
ზუგდიდი-სიონი.

ბომბარდირები
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 8
ჯ. დვალი (ცხინვალი) 7
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 7
გ. ხარაიშვილი (საბურთალო) 6
გ. ფანცულაია (საბურთალო) 6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული