ლოკომოტივი-ცხინვალი 2:0 - დიასამიძის დუბლი და კითხვა: იყო თუ არა გოლი?

AutoSharing Option
"ლოკომოტივმა" საშინაო ასპარეზზე უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო "ცხინვალს" და სატურნირო აქტივში მეტად საჭირო 3 ქულა ჩაიწერა. ამასთან, საქმე გაურთულა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ "ცხინვალს".

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ორივე გუნდს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მოძღვრავდა. ლაშა ჭაღიაშვილმა და გოჩა ჩიქოვანმა დისკვალიფიცირებულები - გიორგი დევდარიანი და კახა კაჭარავა შეცვალეს.

"ლოკომოტივს" დევდარიანის ხელი უკვე დასტყობია. "რკინიგზელთა" თამაში იდეალური ჯერაც ვერ არის, მაგრამ გუნდი მაქსიმალურად სწრაფ თამაშს ცდილობს და იყენებს თავისუფალ სივრცეებს. "ცხინვალისთვის" კი ეს შეხვედრა ძალიან ცუდად აეწყო. გარდა იმისა, რომ გუნდმა ორი სწრაფი გოლი
გაუშვა, სტუმრები მსაჯსაც შემოსწყრნენ...

როგორც ვთქვით, "ლოკომოტივი" ძალიან მალე დაწინაურდა. ცხინვალელთა საყრდენმა ბაქარ ქარდავამ ბურთი კარგად ვერ დაამუშავა და ამით კარგად ისარგებლა გეგა დიასამიძემ - ბურთი "მოიპარა", გიორგი ნადირაძის კარს მიუახლოვდა და ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით დააწინაურა თავისიანები.

გავიდა 3 წუთი და "ლოკომოტივის" უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. დავით უბილავას აქტიურობის შემდეგ მოვლენების ეპიცენტრში კვლავ დიასამიძე აღმოჩნდა და მის დარტყმულს სიზუსტე არც ამჯერად დაჰკლებია - 2:0.

საერთოდ, "ცხინვალმა" ძალიან ცუდად დაიწყო თამაში. მალევე "ლოკოს" გატანის კიდევ ერთი შანსი მიეცა. ძალიან აქტიური უბილავა ერთხელაც ჩაერთო შეტევაში, ძლიერად დაარტყა და რომ არა ნადირაძის საიმედო გარჯა, ანგარიშში სხვაობა აუცილებლად გაიზრდებოდა.

ტაიმის შუაში, როგორც იქნა, "ცხინვალმაც" გამოიღვიძა. გიორგი კახელიშვილის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით ანგარიშში სხვაობის შემცირებას ჯაბა დვალი ცდილობდა, თუმცა რევაზ თევდორაძემ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და "ლოკომოტივი" გადაარჩინა.

შემდეგი დასამახსოვრებელი მომენტი მასპინძელმა კონტრშეტევისას შექმნა. შუახაზელებმა, ირაკლი კლიმიაშვილის მეთაურობით სწრაფად და მობილურად რომ მოქმედებდნენ, უცბად გაათამაშეს ბურთი, რომელიც ირაკლი ბუღრიძეს მიუგორდა, მაგრამ ახალგაზრდა ფორვარდს ნადირაძემ არ გაატანინა.

პირველი ტაიმის დასრულებას 5 წუთი აკლდა, როცა მატჩის ყველაზე საკამათო ეპიზოდი მოხდა. გიორგი ცერცვაძის თავურის შემდეგ ბურთი ლოკომოტიველთა კარის ძელს მოხვდა და უკუგდებული დვალმა ცარიელ კარში შეაგდო. არბიტრმა ბაკურ ნინუამ ჯერ ჩათვალა გოლი, მერე კი გვერდით მსაჯს გახედა და დაინახა რა აწეული ალამი, გოლი გააუქმა. ამ ეპიზოდმა ცხინვალელთა შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მართლაც სადავო ეპიზოდი იყო... თამაშგარე ცერცვაძის დარტყმამდე რომ დაფიქსირებულიყო, საპრეტენზიო არაფერი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მომხდარა...

წუთიც და, მორიგი სადავო ეპიზოდის მოწმენი გავხდით. ცხინვალელთა შეტევის დროს გიორგი კახელიშვილი სწრაფად გაიჭრა მოწინააღმდეგის კარისკენ. ტრიბუნიდან ისე ჩანდა, რომ ის წააქციეს, თუმცა არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა...

მეორე ტაიმი "ცხინვალმა" პირველზე გაცილებით უკეთ ჩაატარა, თუმცა ჩაგდებული პირველი ნახევრის გამოსწორებისთვის ეს საკმარისი ვერ აღმოჩნდა. ამასთან, "ლოკოს" რიგებში "აიწყვიტა" ლუკა ზარანდიამ, ვინც შეუჩერებელი იყო მატჩის დასკვნით ნაწილში. ეგაა, მის გარჯას გოლი დააკლდა...

"ლოკომოტივს" მანამდეც შეეძლო გატანა, როცა კლიმიაშვილი თავზე უგდებდა ბურთს ნადირაძეს, მაგრამ დარტყმა ოდნავ უზუსტო გამოდგა. მერე დვალმა შესანიშნავად უპასა ბიძინა მახარობლიძეს, რომლის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი ხარიხას გაეხახუნა და პირით ხაზს იქით გადაგორდა.

ეს იყო და, გუნდებმა მომენტები გაცვალეს. ჯერ ზარანდიამ ააცილა, მერე კი დვალის მიერ ჯარიმიდან დარტყმული ბურთი არ გაუშვა თევდორაძემ, ვინც გუშინ ზესაიმედოდ ითამაშა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის წარმატებაში.

ბოლო შანსი კვლავ "ლოკომოტივის" იყო. ზარანდიამ შესანიშნავი სოლო შეასრულა, ოღონდ, დაარტყა თუ ჩააწოდა, ვერ გავიგეთ. ფაქტია, გოლი არ გავიდა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

უმაღლესი ლიგა. XII ტური. თეთრი ჯგუფი
06.11. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ლოკომოტივი-ცხინვალი 2:0
გოლები: 1:0 გ. დიასამიძე (9), 2:0 გ. დიასამიძე (12)
ლოკომოტივი: თევდორაძე, გ. ფოფხაძე, ჩიტეიშვილი (76. გაბაძე), კლიმიაშვილი, კუხიანიძე, დიასამიძე, ხიდეშელი (55. გეთიაშვილი), ბ. მახარაძე, ზარანდია, უბილავა, ბუღრიძე.
სათადარიგოები: ლ. კუპატაძე, დ. ჩაგელიშვილი, მ. გავაშელიშვილი, კიკნაძე, სამურკასოვი.
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
ცხინვალი: ნადირაძე, მახარობლიძე, ქარდავა, სულთანიშვილი, ბაჩიაშვილი, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ცერცვაძე, კახელიშვილი (88. ფირცხალავა), შინდაგორიძე (85. გაბრიჩიძე), დვალი (83. მაქაცარია).
სათადარიგოები: სომხიშვილი, მ. გელაშვილი, თომაშვილი, ჯამარაული
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: ქარდავა (73)
არბიტრი: ბ. ნინუა

მომდევნო, XIII ტური
18 ნოემბერი
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
გურია-ჩიხურა
ცხინვალი-ტორპედო

19 ნოემბერი
სიონი-დინამო (ბთ)
საბურთალო-ზუგდიდი
სამტრედია-დილა

ბომბარდირები
ზივზივაძე (სამტრედია) 9
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 8
დვალი (ცხინვალი) 7.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული