უმაღლესი ლიგის XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ჩათამაშდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურიც. ცოტაც და, ჩვენი პირველობა ფინიშის სწორზე გავა - დასრულდება რეგულარული სეზონი და დაიწყება საპლეიოფო ციებ-ცხელება. მანამდე იყო ძალიან მნიშვნელოვანი უქმეები, რომელმაც რამდენიმე საკითხი გაარკვია...

სანამ მიმოხილვის მთავარ ნაწილზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ სანაკრებო პაუზის გამო საქართველოს ჩემპიონატი გარკვეული ხნით გვემშვიდობება.

ამასთან, დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველობის განახლებას მოლდოვას ძლევით განწყობაამაღლებულნი შევხვდებით...

ვითარება ჯგუფებში
დავიწყოთ "წითელი ჯგუფით". მთავარი მოვლენა: გია ცეცაძის გაწვრთნილმა "სამტრედიამ" გასვლაზე მოუგო საკადრო პრობლემებით სავსე "კოლხეთს" და საჩემპიონო პლეი ოფში თამაშის პატივი გაინაღდა.

ეს
იმას ნიშნავს, რომ იმერთა სიმპათიური დესპანი ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროთასებზე. ახლა საკითხავი ისღაა - ჩემპიონთა თუ ევროპალიგაში? აქვე დავწერთ: გვჯერა, გაზრდილი "სამტრედია" ამჯერად უკეთესი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე, ვიდრე შარშან იყო...

უმაღლეს ლიგაში დარჩენა გაინაღდა ფოთის "კოლხეთმა". ბოლო დროს გელა სანაიას გუნდი ძველებურად ვეღარ ყოჩაღობს, მაგრამ ამას აქვს თავისი მიზეზი: ისინი ლამის განახევრებული შემადგენლობით თამაშობენ. ისე, კოლხებს ევროთასებზე გასვლის მშვენიერი შანსიც რჩებათ.

ევროზონის საპლეიოფო ზონაშია ბათუმის "დინამო", თუმცა აჭარლებს "საბურთალოს" სუსხიანი სუნთქვა ესმით. "სიონი" და "დილა" პლეი აუტის ზონაში არიან. აი, "ზუგდიდი" კი ამ გადასახედიდან განწირულად მოჩანს.

გადავინაცვლოთ "თეთრ ჯგუფში". საჩემპიონო პლეი ოფში თამაშის უფლება ადრევე დაიბევა "ჩიხურამ". ამ ტურში მთავარი ის იყო, რომ ქობულეთში მოპოვებული გამარჯვებით მეორე ადგილზე გადავიდა თბილისის "დინამო", რაც ევროსაგზურის მაძიებლობას ნიშნავს. აქვეა "ლოკომოტივიც". ამ ჯგუფში ისეთი ჩახლართული ვითარებაა, რომ ჯერ კაცი ვერაფერს გაიგებს. ასე განსაჯეთ, თვით ბოლოადგილოსანი "ცხინვალიც" კი უმაღლესში დარჩენისთვის ბრძოლაში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული.

ბომბარდირები
არანაკლებ დაძაბულია ბომბარდირთა დავა. ამ დროისთვის, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 9 გოლით "სამტრედიის" ლიდერი ბუდუ ზივზივაძეა. მას კვალში უდგანან "ჩიხურას" საბა ლობჟანიძე (8 გოლი) და "ცხინვალის" გამორჩეული ფორვარდი ჯაბა დვალი (7).

რა და როგორ იქნება ამ მეტად საინტერესო ბრძოლაში, ჩემპიონატის ბოლოს ვნახავთ. უნდა ითქვას, რომ ზივზივაძესა და ლობჟანიძეს გარკვეული უპირატესობა აქვთ დვალთან შედარებით. თუ "ცხინვალი" გააფთრებით იბრძვის გადარჩენისთვის, "სამტრედიამ" და "ჩიხურამ" უკვე გადაჭრეს ლოკალური სატურნირო ამოცანები და საჩემპიონო ფინალამდე დარჩენილ ყველა შეხვედრას ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ითამაშებენ.

დევდარიანის და გროზნის პირველი
თავიანთ ახალ გუნდებში საქართველოს ჩემპიონატში პირველი მატჩები მოიგეს გიორგი დევდარიანმა და ვიაჩესლავ გროზნიმ.

დავიწყოთ დევდარიანით. პირველი, წაგებული შეხვედრის შემდეგ "ლოკომ" სულ სხვანაირად, მობილურად და სწრაფად ითამაშა "ცხინვალთან". გუნდს აშკარად ეტყობოდა მწვრთნელის ხელი, ეს კი საქართველოს ჩემპიონატში ხშირი მოვლენა არ არის.

"ტორპედოსთან" განცდილი სათასო მარცხის შემდეგ ხასიათი გამოიკეთა გროზნიმაც. მისმა გაწვრთნილმა "დინამომ" ქობულეთში ადგილობრივ "შუქურას" ურთულესი თამაში მოუგო. მართალია, ქვეყნის მრავალგზის ტრიუმფატორს ჩემპიონობის შანსი აღარ აქვს, მაგრამ გუნდი აქტიურადაა ჩაბმული ევროსაგზურებისთვის ბრძოლაში.

გროზნი აქტიურად ენდობა ახალგაზრდა ფეხბურთელებს და ესეც ძალიან კარგია ზოგადად ქართული ფეხბურთისთვისაც.

დუბლები
მიმდინარე ჩემპიონატში აქამდე მხოლოდ ერთი ჰეთ-თრიკია შესრულებული. ეს წინა ტურში "საბურთალოს" ახალგაზრდა შემტევმა გიორგი ფანცულაიამ შეძლო.

სამაგიეროდ, დუბლებით მართლაც რომ განებივრებულები ვართ. აგერ, ამ ტურშიც ერთბაშად ოთხი დუბლი ვიხილეთ. მოწინააღმდეგეების კარი ორ-ორჯერ აიღეს ბუდუ ზივზივაძემ ("სამტრედია"), დავით ვოლკოვმა ("სიონი"), გეგა დიასამიძემ ("ლოკომოტივი") და თორნიკე კაპანაძემ ("ტორპედო").

სამწუხაროდ, "სამტრედიაში" უიღბლო დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ყოფილ ფორვარდ ბაჩანა ცხადაძეს, ვინც 68-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა. მან მყესი გაიწყვიტა და კარგა ხანს მოუწევს უქმობა.

დებიუტანტები
გასული ტური რამდენიმე ფეხბურთელს არასოდეს დაავიწყდება, მათ ხომ პირველი შეხვედრები ჩაატარეს ქვეყნის მთავარ ლიგაში.

დებიუტანტი არ ყოფილა, მაგრამ სადებიუტო გოლი მიითვალა "კოლხეთის" 21 წლის ნახევარმცველმა გურამ ლუკავამ.

უმაღლეს ლიგაში პირველად ითამაშეს "კოლხეთის" ნახევარმცველმა ბაჩუკი კოკაიამ, "დილას" შემტევმა დავით კაპანაძემ და "დინამოს" ნახევარმცველმა ნიკა ნინუამ.

ქუთათურთა აღმაფრენა
არ შეიძლება აღტაცება არ გამოხატო ქუთაისის "ტორპედოს" ბოლოდროინდელი შესანიშნავი თამაშით. თითქოს ჯადოსნური ჯოხი აიქნიაო, რიონისპირელთა დამრიგებელმა კახა ჩხეტიანმა უცბად შეცვალა უკეთესობისკენ ქუთათურთა გარჯა.

საქართველოს თასის ნახევარფინალში "დინამოს" სტუმრად დამარცხების შემდეგ "ტორპედომ" საშინაო ასპარეზზე უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი - ლანჩხუთის "გურია" გაანადგურა - 5:0.

არ შეიძლება, ქუთათურთა ერთ-ერთ მეგოლეზე, ოლეგ მამასახლისზე ცალკე არ ვთქვათ. ამ პერსპექტიულმა ფეხბურთელმა კიდევ ერთი, მე-5 გოლი შეაგდო და ამჯერადაც... 11-მეტრიანით.

გია ტუხაშვილი
ალეკო კაკაურიძე


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული