გია ჭიაბრიშვილი: პაბლოს გუნდი კარგად იცავდა თავს, ჩვენ უკეთ ვუტევთ

AutoSharing Option
ბოლო ტურში "ზუგდიდთან" გამარჯვებით (3:1), "საბურთალომ" სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა.

გია ჭიაბრიშვილმა გუნდი 4 ტურის წინ ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით, თბილისელებმა უკვე 7 ქულა დააგროვეს, მაშინ, როცა მანამდე 7 შეხვედრაში მხოლოდ 9 ქულა ჰქონდათ. ამჟამად, "საბურთალო" 16 ქულით მე-4 ადგილზეა და ევროპალიგის საგზურისთვის პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ.

"ჩვენთვის "ზუგდიდთან" შეხვედრა და მოგება უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან მეტოქეს 3 ქულა ჰაერივით სჭირდებოდა და საომრად იყო განწყობილი. ეს იყო ნერვების თამაში. რომ არ მოგვეგო, ლიგიდან გასავარდნების პლეი ოფში მოვხვდებოდით.

მოთამაშეთა ახალგაზრდული ასაკის
გამო, შეტევებით ვერთობით და დაცვაში შეცდომებს ვუშვებთ. მაგრამ მიხარია, რომ ურთულეს მატჩში სასურველ შედეგს მივაღწიეთ.

იმედია, რომ ბათუმის "დინამოსთან" ბოლო ტურის მატჩში ასეთ შეცდომებს აღარ დავუშვებთ და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ეს ჩვენთვის რადიკალურად განსხვავებული თამაში იქნება. აქაც მეტოქეს მხოლოდ მოგება სჭირდება და დასამალი არ არის, რომ ბათუმის "დინამოს", ჩვენთან შედარებით, რამდენიმე უპირატესობაც აქვთ - პირველი ის, რომ მასპინძელია; მეორე - ლევან ხომერიკმა ძალიან კარგი გუნდი ჩამოაყალიბა; მესამე - გამოცდილი მოთამაშეები ჰყავთ და თავად გუნდიც უფრო გამოცდილია...

ისიც სათქმელია, რომ "საბურთალო" წლეულს ხელოვნურ საფარზე აღარ ვარჯიშობს, "დინამო" კი ქობულეთში სწორედ ასეთ მოედანზე გვიმასპინძლებს, რასაც თავისი სირთულეები აქვს.

ცხადია, ბათუმელები ამ უპირატესობების გამოყენებას შეეცდებიან. მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად ჩვენ ცდას არ დავაკლებთ. გამარჯვება ჩვენც ძალიან გვჭირდება"
.
ჭიაბრიშვილმა "ლელოს" განუმარტა, თუ რა განსხვავებაა მის და ესპანელი პაბლო ფრანკო მარტინის გაწვრთნილ გუნდებს შორის:

"ვერავინ უარყოფს, რომ პაბლო ფრანკო მარტინმა გუნდში დიდი სამუშაო გასწია და დაცვა უფრო უკეთ ჰქონდა დალაგებული, ვიდრე მანამდე იყო. მაგრამ ტრაბახის გარეშე ვამბობ, რომ ჩემი გაწვრთნილი გუნდი უფრო აგრესიულად უტევს და ბევრად მეტ მომენტს ქმნის.

ჩემი ამოცანა ახლა ის არის, რომ ამ ორ უკიდურესობაში ბალანსი ვიპოვო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული