ეს გამარჯვება საკმარისი არ იყო
უკანასკნელი უქმეების წინათქმაში აღვნიშნეთ, რომ გარდავალი ჩემპიონატის ფინიშზე გასამართავი 6 მატჩიდან, სულ მცირე, 5 დაპირისპირება უდიდეს ინტერესს იწვევდა. "ზუგდიდი" უმაღლესი ლიგიდან უკვე გავარდნილი იყო. ბოლო ტურში ასეთივე ბედი ეწია "ცხინვალსაც" - ჩემპიონატის ფინიშზე გუნდს რომ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია (თანაც, ზედიზედ 3 მარცხი) ექნება, ცხადი იყო, უმაღლეს ლიგაში დარჩენა რომ ძალიან
ვიაჩესლავ გროზნის თავკაცობით, თბილისის "დინამომ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, თანაც საქართველოს აწ უკვე ექსჩემპიონმა საკმაოდ გაახალგაზრდავებული შემადგენლობით ითამაშა "ქართულ კლასიკოში".
ასევე წარმატებული სერია გააგრძელა კიდევ ერთმა დედაქალაქურმა გუნდმა - გიორგი ჭიაბრიშვილის მიერ დამოძღვრილმა "საბურთალომ" მორიგი მატჩი მოიგო და ევროპის საკლუბო ტურნირებზე ასპარეზობის შანსიც დაიტოვა. "საბურთალოსა" და თბილისის "დინამოს" ორრაუნდიანი დაპირისპირება ბრინჯაოს პლეი ოფში მართლაც დიდ ინტერესს იწვევს...
იმავე პლეი ოფში არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს "ტორპედოსა" და ბათუმის "დინამოს" ჯახი. აღარაფერს ვამბობთ დასარჩენ პლეი აუტზე, სადაც ორივე წყვილში ("სიონი"-"შუქურა", "გურია"-"დილა") უადგილოდ გვეჩვენება რომელიმე გუნდისთვის ფავორიტისა თუ აუტსაიდერის სტატუსის მინიჭება.
"დილამ" კი მოიგო ბოლო ტურში, მაგრამ უჩა სოსიაშვილს საკადრო პრობლემები აქვს და ეს გამარჯვება არ ეყო იმისთვის, რომ როგორმე აერიდებინა თავი გასავარდნი პლეი აუტისთვის.
აი, ბოლო ტურის ყველაზე საინტრიგო მატჩმა კი, მოლოდინისამებრ, დაძაბულად ჩაიარა და გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ლოკომოტივმაც" საბოლოოდ შეძლო თავისთვის სასურველი შედეგის მიღწევა. "მიხეილ მესხზე" დაფიქსირებული ფრე იმას ნიშნავდა, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად "შუქურას" ორი ურთულესი დაპირისპირება მოუწევს "სიონთან"...
11 მატჩი 11 დეკემბრამდე
1991 წელს, რიგით მეორე ეროვნული ჩემპიონატი ერთ წრედ იმიტომ ჩატარდა, რომ მომდევნო სეზონიდან (1991/92) ახალ სისტემაზე (შემოდგომა-გაზაფხული) გადავსულიყავით. და აი, 25-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ ჩავატარეთ გარდამავალი ჩემპიონატი, ოღონდ, 1991 წელს თუ ჩემპიონი ბოლო ტურში გამოვლინდა (თბილისის "იბერიამ", ანუ იმდროინდელმა "დინამომ" სტუმრად ფრედ ითამაშა ზესტაფონის "მარგვეთთან")... ამჯერად კი ჩემპიონატი გრძელდება. თუმცა ეს არახალი ამბავია და ბოლო ტურის წინათქმაშიც შევახსენეთ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს, რომ უმაღლეს ლიგაში საფეხბურთო სეზონის დასრულებამდე კიდევ 11 მატჩია დარჩენილი.
ბრინჯაოს პლეი ოფი ხვალ დაიწყება, ზეგ - პლეი აუტის პირველი მატჩებია, მერე საჩემპიონო პლეი ოფის პირველი დაპირისპირება და ასე გაგრძელდება 11 დეკემბრის ჩათვლით, როცა რიგით XXVIII ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა.
ფეარ პლეის ერთგულნი
ისე მოხდა, რომ გარდამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, "ჩიხურას", ბოლო ორ ტურში უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ გუნდებთან ("გურია", "ჩიხურა") მოუწია დაპირისპირება. არადა, საჩხერელთა გუნდს დიდი ხნით ადრე ჰქონდა განაღდებული საჩემპიონო პლეი ოფში ასპარეზობა და გარდამავალი ჩემპიონატის ეს ბოლო 2 მატჩი "ჩიხურასთვის", წესითა და რიგით, ყოვლად უმოტივაციო უნდა ყოფილიყო.
თუმცა, სოსო ფრუიძის გუნდმა ორივე შემთხვევაში დაამტკიცა, რომ ბოლომდე ერთგული იქნებოდა "სამართლიანი თამაშის" პრინციპებისა და ორივე მატჩი ისე მოიგო, მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა.
არის სამი დუბლი!
XI ტური იყო, გარდამავალი ჩემპიონატის პირველი და, როგორც შემდგომ გაირკვა, უკანასკნელი ჰეთ-თრიკი რომ დაფიქსირდა - "საბურთალოს" 22 წლის გარემარბმა გიორგი ფანცულაიამ "კოლხეთის" კარში 3 გოლი გაიტანა! ისე, არ დავმალავთ და, კი გვქონდა იმის მოლოდინი, რომ ბოლო ტურში სეზონის მეორე ჰეთ-თრიკს ვნახავდით, მაგრამ... ასე არ მოხდა. არადა, არც არაფერი აკლდა მის შესრულებას: "ჩიხურას" 33 წლის თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი "ცხინვალთან" მატჩში შეცვლაზე შევიდა, დროის უმოკლეს პერიოდში დუბლიც გაახერხა და ბოლო წუთზე, მეტოქის კართან სიმარტოვეში მყოფმა ბურთი... თანაგუნდელ თორნიკე გორგიაშვილს გადააწოდა...
ერთი სიტყვით, ტატანაშვილი დუბლით (მისთვის პირველი იყო გარდამავალ ჩემპიონატში) დაკმაყოფილდა, ისევე, როგორც "სამტრედიის" 22 წლის შემტევი ბაჩანა არაბული, ხოლო ამ უკანასკნელის თანაგუნდელმა, ასევე 22 წლის ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ, ბოლო ტურში თავის აქტივს კიდევ 2 გოლი მიუმატა და სრულიად დამსახურებულადაც გახდა გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი!
აღსანიშნავია, რომ ამ ჩემპიონატში მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა შეძლო დუბლის შესრულება სამჯერ - ხსენებულმა ზივზივაძემ და "ჩიხურას" 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ.
ისიც სათქმელია, რომ სწორედ ზივზივაძე და ლობჟანიძე მიგვაჩნია გარდამავალი ჩემპიონატის "საუკეთესო ფეხბურთელის" ნომინაციაში უმთავრეს კანდიდატებად.
სხვათა შორის, "ლელოს" ვერსიით შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტჯერ (შვიდ-შვიდი) სწორედ ზივზივაძე და ლობჟანიძე არიან დასახელებულნი.
სადებიუტო გოლები, სადებიუტო მატჩები...
ბოლო ტურში რამდენიმე დებიუტის მომსწრენიც გავხდით. ასე მაგალითად, უმაღლეს ლიგაში პირველი მატჩები ჩაატარეს 17 წლის გიორგი კუციამ (თბილისის "დინამო"), 17 წლის ნუგზარ სპანდერაშვილმა ("ლოკომოტივი"), 17 წლის აკაკი ნინუამ ("სამტრედია"), 18 წლის შალვა ბურჯანაძემ ("ტორპედო"), 18 წლის ხვიჩა ბუკიამ ("ზუგდიდი"). უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლები კი ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გაიტანეს - 18 წლის რატი არდაზიშვილმა ("ლოკომოტივი"), 19 წლის გიორგი ზარიამ (თბილისის "დინამო") და 19 წლის დავით კაპანაძემ ("დილა").
აღსანიშნავია, რომ არდაზიშვილის გოლმა "ლოკომოტივს" მე-4 ადგილი გაანაღდებინა. ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობის გამოდგა დავით კაპანაძის გოლიც, არადა, ამ ახალგაზრდა ფორვარდს წინა ტურში ჰქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში, თავის მეორე მატჩში კი "დილასთვის" უმნიშვნელოვანესი ბურთიც შეაგდო.
ლეგიონერები
უცნაურია, მაგრამ ფაქტია: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მოკლე გათამაშება სწორედ ახლახან დასრულებული გარდამავალი ჩემპიონატი იყო, თუმცა სწორედ ამჯერად დაფიქსირდა უცხოელ ფეხბურთელთა სარეკორდო რაოდენობა - 50 ლეგიონერი! ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით საფეხბურთო სეზონის (ანუ პლეი ოფების) დასრულების შემდეგ, თუმცა, იმის თქმა კი შეიძლება, რომ ამ 50 ლეგიონერიდან, სულ მცირე, ნახევარზე მეტი... ჩვენი ჩემპიონატის დონესაც კი არ აკმაყოფილებდა.
ჰოდა, ამიტომაც იყო, რომ ლამის ყოველი ტურის მერე უწევდა სამშობლოში გამგზავრება ლეგიონერთა ძალიან დიდ ნაწილს. აი, ახლაც, ბოლო ტურში, მხოლოდ 16-მა ლეგიონერმა ითამაშა და "უცხოური" გოლიც (ოღონდ, უმნიშვნელოვანესი) მხოლოდ ერთი ვიხილეთ - "საბურთალოს" 25 წლის ესპანელმა შემტევმა სანტიაგო ხარამ თავის გუნდს პლეი ოფის საგზური მოუტანა.
სხვათა შორის, "ხიხონის" ყოფილმა ფეხბურთელმა სადებიუტო გოლი საქართველოს ჩემპიონატში მხოლოდ წინა ტურში გაიტანა...
უმაღლესი ლიგა. XIV ტური
თეთრი ჯგუფი
ჩიხურა-ცხინვალი 4:1
ლოკომოტივი-შუქურა 1:1
ტორპედო-დინამო 0:1
წითელი ჯგუფი
დილა-კოლხეთი 1:0
დინამო (ბთ)-საბურთალო 0:1
ზუგდიდი-სამტრედია 0:5.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"