უმაღლესი ლიგა. საჩემპიონო პლეი ოფი. I მატჩის წინათქმა: ახალი ჩემპიონის მოლოდინში

AutoSharing Option
2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებული იმ ორრაუნდიან დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ამ პირველობის ორი, უდავოდ საუკეთესო გუნდი: "სამტრედია" და "ჩიხურა"...

03.12. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 14:00. LIVE პირველ არხზე
სამტრედია-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =1 -2, 5-5

რეგულარულ ჩემპიონატში
თეთრი ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩიხურა 12 9 2 1 27-11 29

წითელი ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სამტრედია 12 8 3 1 27-9 27

3 დეკემბერს სამტრედიის სტადიონზე სრული ანშლაგი რომ იქნება, ამაში ეჭვი არ გვეპარება; თუმცა, ახლავე უნდა შევთანხმდეთ იმაში, რომ როგორც უნდა დასრულდეს "სამტრედიასა" და "ჩიხურას" პირველი მატჩი, საქართველოს
ახალი ჩემპიონის ვინაობა, საპასუხო შეხვედრაში (11 დეკემბერს, თბილისში) გაირკვევა.

იმის მტკიცებაც უადგილოდ გვეჩვენება, რომ ამ ორ გუნდს ჩემპიონობის თანაბარი შანსები აქვს. აღარაფერს ვამბობთ იმ უზარმაზარ მოტივაციაზე, ორივე გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებს რომ ექნებათ - გამარჯვებული ხომ მომავალ ზაფხულს საქართველოს წარმომადგენელი უნდა იყოს ჩემპიონთა ლიგაში!

თუმცა, სხვა არანაკლებ კი არა, შესაძლოა, ბევრად უფრო მეტი სტიმულიც უნდა ვახსენოთ: არც "სამტრედია" და არც "ჩიხურა" საქართველოს ჩემპიონი არასდროს გამხდარა! ეგ კი არა, ამ გუნდებს თასიც არასდროს აუღიათ და, აქედან გამომდინარე, ერთ-ერთისთვის ეს პირველი ტიტული იქნება!..

11 დეკემბერს საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება: "სამტრედია" ან "ჩიხურა"! ანუ, ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთი შეურთდება იმ გუნდების რიცხვს, საქართველოს ჩემპიონატში აქამდე რომ გაუმარჯვიათ. ამასაც შეგახსენებთ: "დინამო" (თბილისი) - 16 ტიტული, "ტორპედო" - 3, "ვიტ ჯორჯია" - 2, "ზესტაფონი" - 2, "ოლიმპი"/"მეტალურგი" - 2, "სიონი" - 1, "დილა" - 1.

აი, XXVIII ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობა კი 11 დეკემბერს გაირკვევა, როცა საჩემპიონო პლეი ოფის საპასუხო დაპირისპირება გაიმართება. თუმცა, მანამდე ხომ პირველი მატჩია...

მწვრთნელების ფაქტორი
"სამტრედიამ" უმაღლეს ლიგაში 16 სეზონი ჩაატარა და 1990 წლიდან მოყოლებული დღემდე, ორჯერ შეძლო მეორე ადგილზე გასვლა: 1994/95 წლების სეზონში და წინა ჩემპიონატში; ანუ, "სამტრედიას", სულ მცირე, გარანტირებული აქვს წინა სეზონის მიღწევის გამეორება, თუმცა პირველი ტიტულიც რომ ასე ახლოსაა?!

აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ წინა სეზონში "სამტრედიამ" ამ წარმატებას გია ცეცაძის ხელმძღვანელობით მიაღწია და ამ ახალგაზრდა და საინტერესო მწვრთნელის დამოძღვრილი გუნდი ამჯერადაც მაქსიმალური მიზნებისათვის იბრძვის.

აი, "ჩიხურას" კი მხოლოდ 6 სეზონი აქვს ჩატარებული უმაღლეს ლიგაში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 5 სეზონის ყველაზე სტაბილური გუნდი სწორედ "ჩიხურაა"! თავად განსაჯეთ: საჩხრელთა გუნდი სამჯერ გავიდა IV ადგილზე, ერთხელ - მეხუთეზე, ამ გარდამავალ ჩემპიონატში კი "თეთრ ჯგუფში" აბსოლუტურად დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი.

ცალკე საუბრის თემაა ბოლო 4 წლის განმავლობაში "ჩიხურას" ასპარეზობა საქართველოს თასზე. საჩხერელთა გუნდი ზედიზედ ხუთჯერ გავიდა ნახევარფინალში, აქედან ორჯერ - ფინალში. "ჩიხურას" ამ სტაბილური და წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელია - სოსო ფრუიძეს ადრეც წარმატებით დაუმოძღვრავს სხვადასხვა ქართული გუნდი ("ტორპედო", "სამგურალი", "ბორჯომი"), მაგრამ ყველაზე მეტი წარმატებით მაინც საჩხერეში მუშაობს.

თანაც, ამ მუშაობის ხანგრძლივობასაც ხომ მნიშვნელობა აქვს: უკვე აღარავის უკვირს, ჩვენს ჩემპიონატში ამა თუ იმ გუნდში, სეზონის მსვლელობისას, სამჯერ, ოთხჯერ ან ხუთჯერ რომ ხდება სამწვრთნელო გადაადგილება. აი, "ჩიხურას" ხელმძღვანელობა კი აშკარად "სხვანაირად" ენდობა გამოცდილ სპეციალისტს: სოსო ფრუიძე უკვე 9 (ცხრა!) წელიწადია, რაც "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელია!

წინა სეზონის დასრულების მერე, ჩვენმა გაზეთმა 2015/16 წლების სეზონის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად, "სამტრედიას" თავკაცი გია ცეცაძე დაასახელა. ახლახან დასრულებულ რეგულარულ ჩემპიონატში "ტურის მწვრთნელის" ნომინაციაში, ფაქტობრივად, უკონკურენტო გახლდათ "ჩიხურას" თავკაცი სოსო ფრუიძე, რომელიც ექვსჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში...

...და ფეხბურთელებიც
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ საჩემპიონო პლეი ოფის ორივე ფინალისტმა აბსოლუტურად დამსახურებულად გაიმარჯვა თავის ჯგუფში: ორივემ ყველაზე მეტი მატჩი მოიგო და ყველაზე მეტი გოლიც გაიტანა.

ისიც სათქმელია, რომ ორივე ფინალისტი ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე მართლაც გამორჩეული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ამის თქმა შეიძლება ყველა რგოლზე. ერთადერთი უპირატესობა "ჩიხურას" იმაში უნდა მივანიჭოთ, რომ ამ გუნდში ერთიმეორეზე გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ, ადრე სხვა გუნდების მაისურით არაერთი ტიტული რომ მოუგიათ საქართველოს ჩემპიონატში თუ თასზე: შოთა კაშია, გიორგი რეხვიაშვილი, ლევან კაკუბავა, დენის დობროვოლსკი, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი გაბედავა, თორნიკე გორგიაშვილი და სხვები.

აი, "სამტრედიაში" კი ასეთი სოლიდური გამოცდილება მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს: ომარ მიგინეიშვილს, გიორგი დათუნაიშვილსა და დავით იმედაშვილს. სამაგიეროდ, "სამტრედიას" ერთიმეორეზე საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს (განსაკუთრებით - წინა ხაზში) და რაღა შორს მივდივართ: სწორედ "სამტრედიაში" თამაშობს გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე.

სხვათა შორის, ბოლო ტურის მიმოხილვაშიც ვთქვით და კვლავაც გავიმეორებთ, რომ სწორედ ამ საჩემპიონო პლეი ოფმა უნდა გასცეს პასუხი კიდევ ერთ კითხვას: ვინ იქნება გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი? დღესდღეობით კი, ჩვენი აზრით, ამ ნომინაციის უმთავრესი კანდიდატები სწორედ საჩემპიონო პლეი ოფის მონაწილე გუნდებში არიან: უკვე ნახსენები ბუდუ ზივზივაძე ("სამტრედია") და საბა ლობჟანიძე ("ჩიხურა")!

თუმცა, ამ ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის "დუელის" გარდა, სხვა ლიდერებზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული: მეკარე დინო ჰამზიჩის რეაქციაზეც, რეაქტიული გარემარბის მიხეილ სარდალიშვილის დრიბლინგზეც (ორივე - "ჩიხურა"), ლაშა შერგელაშვილის "საფირმო" სტანდარტულებზეც, გიული მანჯგალაძის ორგანიზატორულ ნიჭზეც და ბაჩანა არაბულის საგოლე ალღოზეც (ყველა - "სამტრედია").

მოკლედ, დიდი მოლოდინით ველოდებით იმერული "დერბის" პირველ "სერიას" და კიდევ ერთხელ (და უკვე - მერამდენედ) ვიტყვით: "სამტრედიაც" და "ჩიხურაც" აბსოლუტურად დამსახურებულად მონაწილეობენ საჩემპიონო პლეი ოფში და ამათგან ერთ-ერთიც, პირველად გახდება საქართველოს ჩემპიონი!...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ისეე რამე სუპერ თასის მაგვარი რო მოიფიკროს ფედერაციამ, აღმოსავლეთი Vs დასავლეთი:)) რაღაც ახალია და მრავალფეროვნებას შესძენდა ქართულ ფეხბურთს:))
basko
13:29 03-12-2016
0
ბრავო ორივე გუნდს! მე ტორპედოს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ამ ჯერად სამტრედიას, მეზობლები ვართ ბოლოსდაბოლოს და თან სამტრედია ყველაზე მეტად იმსახურებს წელს ტიტულს, იმერული გუნდების წარმატება კიდე ძაან მიხარია
basko
13:23 03-12-2016
0

სიახლეები პოპულარული