- სამტრედია-ჩიხურა 2:0 - ნოკდაუნი პირველ რაუნდში [VIDEO]
- უპირველეს ყოვლისა, დამსახურებულ გამარჯვებას გილოცავთ. როგორ შეაფასებდით თამაშს?
- 2:0 მოვიგეთ და, რა თქმა უნდა, ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. მთავარი ისაა, რომ ბიჭებს რა დავალებაც მივეცი, ყველაფერი იდეალურად შეასრულეს.
- მეორე ტაიმი შედარებით ფრთხილი ტაქტიკით ჩაატარეთ...
- ჩვენი ამოცანა იყო,
- რას ელოდებით თბილისურ მატჩში?
- "ჩიხურა" დიდ ომს გაგვიმართავს და მალე ამაში ყველა დარწმუნდებით. საპასუხო მატჩისთვის თბილისში მოვემზადებით. სხვათა შორის, უამინდობის გამო, დედაქალაქში მატარებლით გავემგზავრებით და არა - ავტობუსით, თავი რომ დავიზღვიოთ. კარგია, რომ 11 დეკემბრის მატჩს ყველა დიდი ინტერესით ელოდება.
- რეალურად რომ ვთქვათ, ასეთი უპირატესობის გაბათილება ძალიან ძნელი იქნება...
- 2:0 კომფორტული უპირატესობაა და საპასუხო შეხვედრის წინ ეს იმედს გვაძლევს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ლამაზი და სანახაობრივი თამაში ვაჩვენეთ. ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ ვამბობ - თბილისში ძალიან მძიმე მატჩი გველის და ეს ლიტონი სიტყვები არ არის. ახლა გადამწყვეტი მომენტი დაგვიდგა - ამ მოგებით ჩემპიონობას მივუახლოვდით და საქმე ბოლომდე რომ მივიყვანოთ, მოდუნების უფლება არ გვაქვს.
- მეტოქეზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- გულწრფელად და გადაუჭარბებლად ვამბობ, რომ სოსო ფრუიძემ კარგი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც თამაშის ხარისხით გამოირჩევა და ეს მეორე ტაიმშიც გამოჩნდა. ჩემთვის დიდი პატივია, ჩემპიონობას კარგი მწვრთნელის ძლიერ გუნდს რომ ვეცილებით. დარწმუნებული ვარ, "ჩიხურას" დარი 4-5 გუნდი კიდევ რომ გვყავდეს, ეროვნული ჩემპიონატის დონე საგრძნობლად აიწევდა და ევროთასებზე "გაბალას" მსგავსი მეტოქე, მინიმუმ, დიდი უპირატესობით ვეღარ გვაჯობებდა.
ამიტომაც მეიმედება 10-გუნდიანი ჩემპიონატის, რადგან იქ დიდი დაძაბულობა და კონკურენცია იქნება, დონე კი ამის გარეშე ვერ ამაღლდება...
აქვე, ესეც აუცილებლად უნდა ვთქვა - "ჩიხურაც" მომეწონა და მისი მოთამაშეების საქციელიც. იყო ერთ-ერთი ეპიზოდი, როცა თამაში მთავრდებოდა და საჩხერელები უტევდნენ, მათ ერთი გოლის გატანა მაინც სჭირდებოდათ. ხომ იცით, ასეთ დროს, უხეშობა და არასაფეხბურთო მომენტები მატულობს ხოლმე. მაგრამ ამ შეხვედრაში პირიქით მოხდა - ჩვენი ფეხბურთელი რომ დაშავდა, ბურთი გიორგი რეხვიაშვილს ჰქონდა და თამაშის გაგრძელების ნაცვლად, აუტზე გადააგდო, ამის გამო კი მისთვის არც ერთ საჩხერელსა და არც მთავარ მწვრთნელს არ უსაყვედურია. ამით, "ჩიხურამ" შედეგზე მაღლა ადამიანობა დააყენა და ჩემთვის ამგვარ საქციელს ვერაფერი გადაწონის.
- რაიონებში სტადიონები თითქმის სულ სავსეა, მაგრამ თბილისში ხალხი ფეხბურთზე არ დადის. თქვენი აზრით, გულშემატკივარს საჩემპიონო ფინალი მაინც მიიზიდავს და 11 დეკემბერს "მიხეილ მესხი" სანახევროდ მაინც შეივსება?
- ძნელი სათქმელია. ჩვენი და საჩხერელი გულშემატკივრები ნამდვილად იქნებიან. ამას გარდა, ფეხბურთით დაინტერესებული ხალხიც მოვა... კარგი იქნება, 7-8 ათასი მაყურებელი მაინც თუ დაესწრება. ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ჩემპიონატშიც შესაძლებელია ლამაზი ფეხბურთის ხილვა. ვინც პირველ მატჩს დაესწრო, მგონია, რომ არ უნანია და კარგი ფეხბურთი ნახა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"