დინამო (ბთ)-ტორპედო 1:0 - ბათუმი ბრინჯაოსკენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმის "დინამომ" ბრინჯაოს პლეი ოფის პირველ შეხვედრაში სტუმრად 1:2 წაგებული შეხვედრის შემდეგ ქობულეთის "ჩელე არენაზე" "ტორპედო" 1:0 დაამარცხა და სტუმრად გატანილი გოლის წყალობით "ბრინჯაოს" ფინალში გავიდა.

ლევან ხომერიკის შეგირდებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და სწრაფადაც დაწინაურდნენ - მარჯვენა ფლანგიდან ანზორ სუხიაშვილის ჩაწოდების შემდეგ გიორგი ქავთარაძემ ძლიერი დარტყმით როინ კვასხვაძეს ეფექტური გოლი გაუტანა.

ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ ტორპედოელებიც გააქტიურდნენ. თორნიკე კაპანაძე ზედიზედ ორჯერ დაემუქრა ანატოლი ტიმოფეევის კარს. პირველად "ელვას" დარტყმულ ბურთს მეკარე გადაეღობა, მეორე ეპიზოდში კი ქუთაისელთა შემტევს სიზუსტე დააკლდა.

ავდარმა მატჩს თავისი
დაღი დაასვა. ფეხბურთელები ხშირად კარგავდნენ ბურთს და ორმხრივი შეტევების მიუხედავად, სახიფათო მომენტები იშვიათად იქმნებოდა. შედარებით დინამიკური გამოდგა პირველი ტაიმის ბოლო 10 წუთი, როცა ჯერ ზღვისპირელებს მიეცათ გატანის შანსი. ელგუჯა ლობჯანიძე, რომელიც ბათუმელთა რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მარჯვნიდან გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და მახვილი კუთხიდან ბურთი კარისკენ გაუშვა, მაგრამ სიზუსტე ოდნავ დააკლდა და ბურთი გარედან მოარტყა ბადეს.

შემდეგ მიხაილ გორელიშვილს შეეძლო თავის გამოჩენა - მეკარე ტიმოფეევისგან გრძელი გადაცემა მიიღო და კარშიც დაარტყა, მაგრამ კვასხვაძეს ვერ აჯობა.

უქმად ქუთაისელებიც არ ყოფილან, ეგ კი არა, ცოტა რომ გამართლებოდათ, ტაიმის ბოლოს ანგარიშსაც გაათანაბრებდნენ - კაპანაძემ ვაჟა ტაბატაძესთან შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა და ხელსაყრელი პოზიციიდანაც დაარტყა, მაგრამ ბურთი მცირედით ასცდა კარს.

მეორე ტაიმი "ტორპედოს" უპირატესობით წარიმართა. ბურთს ძირითადად სტუმრები აკონტროლებდნენ და მეტოქის საჯარიმოსთან ტრიალებდნენ, მაგრამ საგოლე მომენტებამდე საქმე ვერ მიჰყავდათ.

"დინამომ" კი აქცენტი კონტრშეტევებზე გააკეთა, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული არც მასპინძლებს შეუქმნიათ. ერთადერთი დასამახსოვრებელი მომენტი ის იყო, როცა შეცვლაზე შესულმა ლევან გეგეჭკორმა მოედანზე შესვლისთანავე დაარტყა კარში, მაგრამ კვასხვაძეს ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია.

"ტორპედო" ბოლო წუთებამდე ცდილობდა გათანაბრებას, მაგრამ ამაოდ. კახა ჩხეტიანის გუნდს ძალა უკვე გამოლეული ჰქონდა. "დინამომ" შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა, ახლა კი "ბრინჯაოს" ფინალის მოგებასა და ევროტურნირებზე გასვლას შეეცდება.

უმაღლესი ლიგა. ბრინჯაოს პლეი ოფი. საპასუხო მატჩი
04.12. ქობულეთი. "ჩელე არენა"
დინამო (ბთ)-ტორპედო 1:0
გოლი: 1:0 ქავთარაძე (8)
დინამო: ტიმოფეევი - ტვილდიანი, გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი - ფონიავა (61. გეგეჭკორი), თარხნიშვილი, შონია, გორელიშვილი (46. მარიანოვიჩი), ქავთარაძე (72. თევდორაძე) - ლობჯანიძე.
სათადარიგოები: შოვნაძე, ჭკუასელი, ქორიძე, ვარშანიძე
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
ტორპედო: რ. კვასხვაძე - ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე (66. ნერგაძე) - ფალავანდიშვილი - ბენაშვილი (62. კვარაცხელია), ბაბუნაშვილი, ბურჯანაძე (46. საღრიშვილი), ტუღუში - კაპანაძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, წილოსანი, ფურცხვანიძე, კვერნაძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: ბენაშვილი (10), ფალავანდიშვილი (69), ტვილდიანი (69), თარხნიშვილი (82), ბაბუნაშვილი (86)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული