როგორი იქნება ახალი თბილისის "დინამო"?

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ევროტურნირების საგზურის გარეშე დარჩა. კლუბის ხელმძღვანელობას აქვს საშუალება, მშვიდად გააანალიზოს დაშვებული შეცდომები და აქედანვე ჩაყაროს წარმატების საფუძველი.

როგორი იქნება "დინამოს" სამომავლო ნაბიჯები, ამის თაობაზე სულ მალე შევიტყობთ, მანამდე კი ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მოვუყრით თავს...

წამსვლელები
ჩვენი ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ თბილისის "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. ერთ-ერთი მათგანი რენე ფერეირაა. ბრაზილიელი მცველი, ვინც ბოლო დროს თბილისური კლუბის ლიდერთაგანია. ითქვა კიევის "დინამოს" ინტერესზე, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, რენეს აქვს სხვა ვარიანტებიც და ის არჩევანს ახლო მომავალში გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი
საქართველოში პირველად "ზესტაფონში" გამოჩნდა. მან მალევე აუღო ალღო ჩვენს პირველობას და ნაკრების ყოფილი თავკაცი კახა ცხადაძე მისი ნატურალიზების ალბათობასაც განიხილავდა...

ასევე საუბრობენ იმის თაობაზე, რომ გუნდიდან შეიძლება წავიდეს საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლადო დვალიშვილი. ითქვა იმის თაობაზეც, რომ არსებობს ინტერესი მათე ცინცაძესა და ჯაბა ჯიღაურთან დაკავშირებითაც...

ძალიან მნიშვნელოვანია ნუკრი რევიშვილის საკითხი. არ არის გამორიცხული, თბილისის "დინამო" ნაკრების მეკარემაც დატოვოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კარიერის გაგრძელების უკეთესი ვარიანტი გამოუჩნდება.

ასეთ შემთხვევაში, "დინამო" ალბათ უკრაინელ მეკარე სერგეი ლიტოვჩენკოს მოიყვანს. ის კარგი მეკარეა და "ზუგდიდის" შემადგენლობაში თავი მშვენივრადაც წარმოაჩინა, თუმცა ერთია თამაში უმაღლესი ლიგის აუტსაიდერში და მეორე - ქართული საკლუბო ფეხბურთის გრანდში.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბთან კონტრაქტის გაახანგრძლივა გიორგი პაპუნაშვილმა. თუმცა ამბობენ, რომ მან მაინც შეიძლება დატოვოს "დინამო". ამ შემთხვევაში, კლუბი ფინანსურ სარგებელს ნახავს და ეს ცუდი ნამდვილად არ არის, ოღონდ კარგ ფორმაში მყოფი პაპუნაშვილი საჭირო ფეხბურთელად მოჩანს თბილისის "დინამოსთვის".

პრიორიტეტები
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას ფეხბურთის სიყვარულს, ცდასა და მონდომებას ვერავინ დაუკარგავს. ახლა, როცა მის მრჩევლად ფეხბურთის კარგად მცოდნე ლევან სალუქვაძე მუშაობს, ჩნდება განცდა, რომ კლუბი ბოლომდე გაჰყვება გეგმაზომიერი გაახალგაზრდავების გზას და შედეგსაც მოიმკის.

ამ დროისთვის "დინამოს" ხელმძღვანელობის მთავარ პრიორიტეტად ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბება მოჩანს, რომელიც ღირსეულად დაიცავს კლუბის პრესტიჟს როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

რაც შეეხება მწვრთნელს, ევროსაგზურის გარეშე დარჩენის მიუხედავად, ვიაჩესლავ გროზნის ჯერ ვერ გავაკრიტიკებთ. ერთ თვეში გუნდს წარმატებას გროზნი კი არა, მასზე გაცილებით მაღალი დონის სპეციალისტიც ვერ მოუტანდა.

ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლუბის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი პრიორიტეტი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურებაა, რომლებმაც ასაკობრივ გუნდში თავი კარგად წარმოაჩინეს.

მკითხველი დაგვეთანხმება, რომ მთავარ მწვრთნელად მოსვლის შემდეგ გროზნი დიდ ნდობას უცხადებს სწორედ ახალგაზრდებს. მაგალითისთვის გიორგი ზარიაც იკმარებს. ამ ბოლო დროს, ის "დინამოს" ერთ-ერთ ლიდერად და მეგოლედ გვევლინება.

რა თქმა უნდა, ამ ახალგაზრდებთან ერთად, გუნდში იქნებიან გამოცდილი ფეხბურთელებიც.

ის, რომ "დინამო" მაქსიმალურად იაქტიურებს ახალგაზრდა, ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებთან მიმართებაში, უკვე გამოჩნდა - ჩვენი ინფორმაციით, არაფერი უდგას წინ იმას, რომ "ცხინვალის" ყოფილმა საყრდენმა ბაქარ ქარდავამ კარიერა "დინამოში" გააგრძელოს.

განათხოვრებულები
თბილისის "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს განათხოვრებული სხვადასხვა ქართულ კლუბში. მათ დასრულებული სეზონის მიმდინარეობისას თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინეს. "სამტრედიამ" საქართველოში პირველობა არავის დაუთმო და ამაში ძალიან დიდია ბაჩანა არაბულის წვლილი.

საჩხერის "ჩიხურამ" ვერცხლის მედლები მოიგო და ეს წარმატება პირდაპირ უკავშირდება საბა ლობჟანიძეს. ეს ფეხბურთელი კონტრაქტით "დინამოს" საკუთრებაა, თუმცა ამ დრომდე მას საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის შემადგენლობაში თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლეოდა.

მართალია, ბოლნისის "სიონი" უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მაგრამ ამ გუნდის შემადგენლობაში კარგი სეზონი ჰქონდა დავით ვოლკოვს. ასევე თბილისის "დინამოს" საკუთრებაა ბოლნისელთა კიდევ ერთი ფეხბურთელი, ფლანგელი ოთარ კობახიძე.

თურქულ შეკრებაზე გუნდის ახალწვეულები აუცილებლად მიიღებენ თავის გამოჩენის შანსს და, შეიძლება ითქვას, ყველაფერი მათზე იქნება დამოკიდებული.

ლეგიონერები
ყველამ იცის, რომ კიევის "დინამოდან" თბილისში უკრაინული დესანტის გამოჩენაა მოსალოდნელი. ამისთვის საჭიროა, ჯერ კიეველთა ძირითადი შემადგენლობა დაკომპლექტდეს. წესით, ის მოთამაშეები, რომლებიც კიევური გრანდის ძირითადი შემადგენლობის კარზე აკაკუნებენ, გამოსადეგები უნდა იყვნენ თბილისური გუნდისთვის.

ჩვენი ინფორმაციით, "დინამოში" უკრაინელი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ლეგიონერების გამოჩენას სპონტანური სახე არ ექნება და ისინი გამოჩნდებიან მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც ადგილობრივი რესურსი საკმარისი არ იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
ჩემი შეცდომა რა ძალიან გაგიხარდა?
ცოტა ზრდილობა არ გაწყენდა.
გიო777
14:49 13-12-2016
0
გიო777
13 დეკემბერი 2016 13:30
ბევრი ძირითადის ფეხბურთელი არ ყავდა თბილისის დინამოს და როგორ უნდა მოეგო სამტრედიისთვის??? :) :) ჰა ჰა ჰა :) ყავაწრუპიები :) რამდენი ყავა დალიე რომ ასეთი სენსაციური ამბავი დაწერე? :)

რა შუაშია სამტრედია?ესეც არ იცი ვის ეთამაშებოდა დინამო?
იმიტომაა კარგ დღეში ქართული ფეხბურთი ასეტი გულშემატკივრები რომ ჰყავს :)
QWERTY
13:50 13-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული