ასე იწყებოდა, ასე მოდიოდა... რა უნდა ვიცოდეთ ახალ ჩემპიონ "სამტრედიაზე" [ნაწილი I]

AutoSharing Option
გარდამავალი ჩემპიონატის დასრულებამდე გახდა ცნობილი, რომ ყველა შემთხვევაში ახალი ჩემპიონი გვეყოლებოდა: საჩემპიონო პლეი ოფის ორივე მონაწილეს, "ჩიხურას" და "სამტრედიას" მანამდე ხომ არასოდეს ჰქონდათ მოპოვებული ოქროს მედლები...

და აი, რიგით, XXVIII ჩემპიონატის აბსოლუტურად დამსახურებული ტრიუმფატორი "სამტრედია" ქვეყნის მთავარი საფეხბურთო ტიტულის მფლობელი გუნდების რიცხვს შეუერთდა. აი, ის გუნდებიც, 1990 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ჩემპიონატში რომ პირველობდნენ: თბილისის "დინამო" (16 ტიტული), ქუთაისის "ტორპედო" (3), თბილისის "ვიტ ჯორჯია" (2), "ზესტაფონი" (2), რუსთავის "მეტალურგი"/"ოლიმპი" (2), ბოლნისის "სიონი" (1), გორის "დილა" (1) და "სამტრედია" (1).

კალაძიდან კალაძემდე...
აღსანიშნავია,
რომ თავის ისტორიაში პირველი ტიტულის მოპოვება "სამტრედიამ" იუბილეს "დაამთხვია": საჩემპიონო პლეი ოფის საპასუხო მატჩის დღეს, 11 დეკემბერს, ამ გუნდს დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა.

ასე და ამრიგად, საქართველოს ჩემპიონატის ორგზის ვერცხლის პრიზიორმა (1995, 2016) და თასის ფინალისტმა (2015), როგორც იქნა, ნავსი გატეხა და პირველი ტიტული მოიპოვა! აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში მხედველობაში ვიღებთ მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატში ნაჩვენებ შედეგებს (ანუ, 1990 წლიდან დღემდე).

აი, რაც შეეხება საბჭოთა კავშირის დროინდელ პერიოდს, სამტრედიელთა საყვარელ გუნდს (1990 წლამდე "ლოკომოტივის" სახელით რომ ასპარეზობდა), მაშინაც ჰქონდა გარკვეული წარმატებები: იმდროინდელ საქართველოს პირველობაზე სამტრედიის "ლოკომოტივმა" ერთხელ III ადგილი დაიკავა, ორჯერ კი - მეორე (ორივეჯერ, თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, ლანჩხუთის "გურიას" ჩამორჩა).

1972 წელს კი სამტრედიის "ლოკომოტივმა" მთელი სეზონი სტაბილურად ჩაატარა და სრულიად დამსახურებულად გახდა საქართველოს ჩემპიონი. "ლოკომოტივის" კაპიტანი კარლო კალაძე გახლდათ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშის, კახა კალაძის მამა.

აღსანიშნავია, რომ ბატონი კარლო კალაძე დღესდღეობითაც ყველანაირად გვერდში უდგას მშობლიური ქალაქის გუნდს და მისი დიდი დამსახურებაც არის, "სამტრედიამ" ბოლო წლებში ასეთ პროგრესს რომ მიაღწია: შარშან თასის ფინალში გავიდა, 2015/16 წლების სეზონში ვიცე-ჩემპიონი გახდა, ახლახან კი, თავის პირველ ტიტულსაც დაეუფლა.

1972 წლის მერე, სამტრედიის "ლოკომოტივი" უკვე საკავშირო მეორე ლიგაში გამოდიოდა და საკმაოდ წარმატებითაც. გუნდი რამდენიმეჯერ ძალიან ახლოს იყო საკავშირო პირველ ლიგაში აღზევებასთან, მაგრამ მუდამ მცირედი აკლდებოდა.

პირველი და მტკივნეული შანსი...
...1990 წლიდან კი, როცა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება გადაწყდა, სამტრედიის გუნდს სახელწოდება შეეცვალა და თავდაპირველად "სანავარდოს" სახელით ასპარეზობდა.

სამწუხაროდ, პირველ სამ ჩემპიონატში სამტრედიელთა გუნდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნიდა. საუკეთესო შედეგი (X ადგილი) გუნდს მეოთხე ეროვნულ ჩემპიონატში ჰქონდა, თუმცა ის სეზონი (1993/94 წლები) იმით უფრო იყო გამოსარჩევი, რომ სწორედ მაშინ ჩაატარა სადებიუტო მატჩი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში იმ დროისათვის 15 წლის კახა კალაძემ!

აი, რიგით მეხუთე ეროვნული ჩემპიონატი კი, "სამტრედიისთვის" ტრიუმფული უნდა ყოფილიყო და რომ არა სეზონის ფინიშისკენ მომხდარი აშკარად არასაფეხბურთო ამბები, ეს გუნდი თავის პირველ ტიტულს სწორედ მაშინ მოიპოვებდა.

კლუბის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ტარიელ ჩაჩუამ და მთავარმა მწვრთნელმა მურთაზ ხურცილავამ მართლაც მშვენიერი შემადგენლობა შეკრიბეს: მეკარე - გრიგოლ ჭანტურია, მცველები - გია ჯიშკარიანი, გოჩა გუჯაბიძე, ზვიად ჯელაძე, რომეო გოგიტაძე, გია ჩხაიძე, ნახევარმცველები - კახა გოგიჩაიშვილი, დავით ცომაია, ბესიკ ამაშუკელი, გიორგი გოგიაშვილი, გელა ფანჩულიძე, თავდამსხმელები - დავით ჯანაშია, ზურაბ იონანიძე და გუნდის ახალწვეული, 18 წლის ზაზა ჯანაშია!

Sportall.Ge
ფოტოზე: 1996 წელი. ზურაბ იონანიძე და ზაზა ჯანაშია სამტრედიაში თამაშის წინ

VII ტურში "სამტრედიამ" გასვლითი მატჩი მოუგო თბილისის "დინამოს" და დაიწყო კიდეც შთამბეჭდავი სერია: ზედიზედ 14 მოგება! ამასობაში, ფინიში ახლოვდებოდა და "დინამოსთან" 5-ქულიანი უპირატესობის განიავება ყველას წარმოუდგენლად მიგვაჩნდა; თუმცა, "სამტრედიას" ჯერ ფოთში მოუწია აშკარად არასაფეხბურთო გარემოში თამაშმა, მერე კი რუსთავის "ისტორიული" მატჩის დროც დადგა...

ჩემპიონატის ფინიშამდე 2 ტურით ადრე "სამტრედია" მაინც უსწრებდა თბილისის "დინამოს", მაგრამ ორი გასვლითი შეხვედრა რჩებოდა რუსთავსა და ზუგდიდში. ორივეს მოგების შემთხვევაში "სამტრედია" ჩემპიონი ხდებოდა, მაგრამ რუსთავში გუნდი მხოლოდ ფრეს დასჯერდა, არადა, მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გელა ფანჩულიძემ გოლი გაიტანა მასპინძელთა კარში, თუმცა... ლაინსმენმა გურამ ასკარ-ოღლიმ, გარკვეული პაუზის მერე ალამი ასწია და "თამაშგარე მდგომარეობა" დააფიქსირა. არბიტრმა ოთარ გუნთაძემაც გოლი არ ჩათვალა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბოლო ტურის მატჩმა საერთოდ აზრი დაკარგა.

თუმცა, ისიც სათქმელია, თუ როგორი წნეხის ქვეშ იყვნენ მოქცეული ამ მატჩის წინ მსაჯთა ბრიგადაც და რუსთავის "მეტალურგის" მწვრთნელ-ფეხბურთელებიც...

"სამტრედიას" მომდევნო სეზონშიც კარგი გუნდი ჰყავდა (გიორგი დარასელიაც დაემატა), მაგრამ საბოლოოდ IV ადგილზე გავიდა. აი, იმის მერე კი გუნდის საქმეები უკან-უკან წავიდა. ცხადია, საქმეს არც სახელწოდებების ხშირი შეცვლა ("ჯუბა", "იბერია") შველოდა.

1997 წელს გუნდი სულაც უმაღლესი ლიგიდან გავარდა, თუმცა პირველივე ცდაზე დაბრუნდა და სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით, მეტ-ნაკლებად ნორმალურად ასპარეზობდა. მაგრამ, 2000/01 წლების სეზონი გუნდისთვის მართლაც კოშმარული გამოდგა - სამტრედიის "იბერიამ" 32 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო და მხოლოდ 4 ფრე ითამაშა.

თუმცა, უარესი წინ იყო: სამტრედიელთა საყვარელი გუნდი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას ხომ ვერ ახერხებდა, მერე სულაც მეორე ლიგაში დაქვეითდა, სადაც 2 სეზონი გაატარა...

დაბრუნება ელიტაში
2008/09 წლების სეზონი "სამტრედიასათვის" წარმატებული გამოდგა: კლუბის პრეზიდენტის, ზაზა ადეიშვილისა და ქართული სამვრთნელო სკოლის მართლაც დამსახურებული ვეტერანი სპეციალისტის, ვალერიან ჩხარტიშვილის დიდი ძალისხმევით, გუნდმა პირველ ლიგაში გაიმარჯვა და რვაწლიანი პაუზის მერე უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ პირველ ლიგაში "სამტრედიას" ფავორიტად არავინ მიჩნევდა, რამეთუ უმთავრეს კანდიდატები (ზუგდიდის "ბაია" და მარტვილის "მერანი") ფინანსური შესაძლებლობებით მეტად და მეტად აღემატებოდნენ ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სამტრედიას"...

უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ "სამტრედია" არასტაბილურად ასპარეზობდა, ეგ კი არა, 2010/11 წლების სეზონის შემდეგ, გუნდი კვლავ პირველ ლიგაში დაქვეითდა. უმაღლეს ლიგას კი გუნდი სამწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა და აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ახალგაზრდა მწვრთნელები, რომელთა ხელმძღვანელობითაც "სამტრედიამ" პირველი ადგილი დაიკავა პირველი ლიგის B ზონაში: პირველ წრეში გუნდს უჩა სოსიაშვილი მოძღვრავდა (იმ დროისთვის 23 წლის გახლდათ!), მეორე წრეში კი - გელა სანაია.

უმაღლეს ლიგაში 2014/15 წლების სეზონიც გელა სანაიამ დაიწყო, მაგრამ X ტურის მერე წასვლამ მოუწია და მის ნაცვლად ზაზა ზამთარაძე დაინიშნა. არ ჰყავდა ურიგო შემადგენლობა "სამტრედიას" იმ სეზონში და რომ არა გარკვეული ობიექტური მიზეზები (განსაკუთრებით, მეორე წრეში) ჩემპიონატში უფრო მაღალი ადგილის დაკავებაც შეიძლებოდა, თუმცა არც VI ადგილი იყო ურიგო შედეგი (საუკეთესო მაჩვენებელი 1996 წლის შემდეგ) და, რაც მთავარია, "სამტრედიამ" წარმატებულად იასპარეზა საქართველოს თასზე.

ზამთარაძის მიერ დამოძღვრილმა გუნდმა ერთი-მეორის მიყოლებით დაამარცხა ძლიერი მეტოქეები (ბათუმის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო", საჩხერის "ჩიხურა") და თავის ისტორიაში პირველად გააღწია ფინალში, მაგრამ თბილისის "დინამოსთან" დამარცხდა და ასე დაიკარგა პირველი ტიტულის მოპოვების კიდევ ერთი შანსი.

...და იმ სეზონის მთავარი თემაც: ზამთრის პაუზის მერე, "სამტრედიაში" გამოჩნდა ქართული ფეხბურთის დამსახურებული ვეტერანი, 38 წლის ალექსანდრე იაშვილი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატს 18-წლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა!..

Sportall.Ge
ფოტოზე: ალექსანდრე იაშვილი
შემზადება ტრიუმფისათვის...
მომდევნო სეზონის დაწყების წინ "სამტრედიას" მთავარ მწვრთნელად გია ცეცაძე დაინიშნა; საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავკაცი უმაღლეს ლიგას ოთხწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა და ეს დაბრუნება შთამბეჭდავი გამოდგა: "სამტრედია" მხოლოდ თბილისის "დინამოს" ჩამორჩა და ვერცხლის მედლები 21-წლიანი პაუზის მერე მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ გია ცეცაძემ თავის გამოჩენის შანსი მისცა იმ ფეხბურთელებს, რომლებთანაც ერთადაც მიაღწია წარმატებას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში (2013 წელს ჩვენმა ჭაბუკებმა ხომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს), თუმცა, მათი, ფაქტობრივად, აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს სხვადასხვა გუნდებში ჩაიკარგა, ზოგი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ზოგიც - ქვედა ლიგაში ასპარეზობდა...

და აი, ცეცაძის ხელმძღვანელობით ამ ნიჭიერი ბიჭების (მეკარე - გაბრიელ თებიძე, მცველები - ნიკა სანდოხაძე, დავით მთივლიშვილი, დაჩი ცნობილაძე, ნახევარმცველები - ავთანდილ ენდელაძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი, თავდამსხმელი - ბუდუ ზივზივაძე) შესაძლებლობები კვლავაც თვალსაჩინოდ რომ წარმოჩინდა და მათი დიდი დამსახურებაც იყო, "სამტრედიამ" ჩემპიონატი II ადგილზე რომ დაასრულა.

სხვათა შორის, იმ სეზონის დასრულების შემდეგ, "სამტრედიას" რამდენიმე წარმომადგენელი ჩვენი გაზეთის ლაურეატი გახდა: ბუდუ ზივზივაძე "სეზონის აღმოჩენად" მივიჩნიეთ (16 გოლით საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მხოლოდ გიორგი ქვილითაიასა და ოთარ მარცვალაძეს ჩამორჩა), ხოლო გია ცეცაძე სულაც იმ ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად ვაღიარეთ!

2015/16 წლების სეზონი წარმატებული კი გამოდგა "სამტრედიისათვის", მაგრამ ამ გუნდის ქომაგებს უფრო დიდი წარმატება და სიხარული წინ ელოდათ: მალე უნდა დაწყებულიყო შეკვეცილფორმატიანი, გარდამავალი ჩემპიონატი, რომლის ფავორიტებადაც, ამ სტრიქონების ავტორი თბილისის "დინამოს", "ჩიხურას", "საბურთალოსა" და "სამტრედიას" მიიჩნევდა.

რა და როგორ მოხდა აწ უკვე დასრულებულ ჩემპიონატში, ყველას კარგად მოეხსენება: ცეცაძის დამოძღვრილმა "სამტრედიამ" დამსახურებულად მოიპოვა ოქროს მედლები!..

Sportall.Ge

სტატიის მეორე ნაწილს Sportall.ge 16 დეკემბერს გამოაქვეყნებს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბათუმში იგივე გუნთაძის უსინდისო მსაჯობაზე არაფერი გითქვამს სადაც სამტრედიას 3-1 წააგებინეს (ზაზა ჯანასიამ მსაჯი მოედანზე სცემა და იმ ჩემპიონატში სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მისცეს, რის გამოც გუნდმა ჩემპიონატის დასკვნითი ნაწილი 7თუ 8 მატჩი ლიდერის გარეშე ითამაშა) და თასის გათამაშებაც არ გიხსენებიათ დინამოსთან ძალიით გააგდეს გუნდი (მერაბ მალაღურაძე, ის დავით ცომაიამ მოედანზევე სცემა) მოკლედ საშინლად იქცეოდა მაშინ ყველა სამტრედიის წინააღმდეგ.
სამტრედიელი
16 დეკემბერი 2016 16:53
0
მადლობა ავტორს..მაგრამ ერთს შეგახსენებთ რომ რუსთავში როდესაც 3-მი წუთით ადრე ფანჩულიძემ გოლი გაიტანა და არ ჩაითვალა ამ გოლამდე იონანიძემაც გაიტანა უფრო ადრე რომელიც ასევე არჩაითვალა,(ჯამში 2-ბურთი)და არცერთი ჩათვლილი,რის გამოც თვით რუსთაველთა გულშემატკივრებმაც გააპროტესტეს ესეთი უსამართლობა.და კიდევ ზუგდითთა საშინაო შეხვედრა რჩებოდათ და არა გასვლითი რომელსაც აზრი არქონდა.
romandro
16 დეკემბერი 2016 14:23
0
rato ar aqvynebt sms. ukve meramdene sms gamovgzavne.. tankebit ro waartves chempionoba isic unda dagewera
ggg
16 დეკემბერი 2016 13:25
0
vaxvax

მტრედები

საყვირალაც კარგია და მოკლეცაა. თუმცა ქალაქის სახელით თამაში ეს პატივისცემაა ქალაქის, შეიძლება ბრენდის სახელითაც, მაგალითად როგორც იყო სასკო, ან ვიტ-ჯორჯია და ასე შემდეგ.
სამტრედიაში კი ბრენდები არაა მტრედის გარდა,ხდკ დახურეს, სხვა საწარმოებიც მიაყოლეს.


Jango
16 დეკემბერი 2016 12:52
0
ვულოცავ "სამტრედიას" ჩემპიონობას,მაგრამ სინანულს გამოვთქვამ სახელის გამო,ნუთუ იმერლებს ფანტაზია არ ჰყოფნით და შესაფერისი ვერაფერი მოიფიქრეს.კონკურსი გამოაცხადეთ სამტრედიის ან მთლიანად იმერეთის მასშტაბით და გარანტიას გაძლევთ უნიკალური სახელი შეირჩევა
vaxvax
16 დეკემბერი 2016 10:53
0
samtredias sanavardo uxdeboda saxeli, ikneb daubrunon.
sanavardo
16 დეკემბერი 2016 06:23
0
ხვალ ზეგ დაიშლება ეგ გუნდიც და საქართველოს ჩემპიონატს საერთოდ რატო უნდა უყუროს ვინმემ? ჩემი სახით მინუს ერთი გულშემატკივარი უმაღლეს ლიგას
rezo
15 დეკემბერი 2016 23:30
0
amaac liga ar moigon ra.
grafi
15 დეკემბერი 2016 18:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული