ახლა ფეხბურთელისთვის საუკეთესო ასაკშია, მაგრამ ამბობს, რომ ფეხბურთიდან წასვლაზე ფიქრობს. რატომ გაუჩნდა ეს ფიქრი მოთამაშეს, რომელიც ბოლო ექვს წელიწადში 3-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ქვეყნის თასისა და სუპერთასის გამარჯვებული?
ამ და სხვა საინტერესო თემებზე ირაკლი ძარია "ლელოს" ელაპარაკა...
- სეზონი
- უპირველესად, ამას ჩვენ არ ველოდით, რადგან რომელ გავარდნაზეა ლაპარაკი, მართლა კარგი მოთამაშეები გვყავდა და ამ გუნდით ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლაც შეიძლებოდა. მთელი კლუბი, უფროსობაც და მოთამაშეებიც, მონდომებულები ვიყავით, მაგრამ აშკარად არ გაგვიმართლა.
- დამაბრკოლებელი გარემოება რა იყო?
- პირველი 4 ტური ცუდად ჩავატარეთ, რადგან ახალი შეკრებილი გუნდი ვიყავით და შეთამაშება გვაკლდა. სწორედ მაშინ დავკარგეთ ის ქულები, რომელიც ბოლოს ჰაერივით დაგვჭირდა. ჩემპიონატის მსვლელობისას კი ავთამაშდით, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. არადა, ეს გუნდი არ უნდა გავარდნილიყო...
- "შუქურასთან" პირველი შეხვედრა ნამდვილ თრილერად გადაიქცა...
- მსგავსი თამაშები ჩვენს ჩემპიონატს ამშვენებს. ასეთი დაძაბული, სანახაობრივი და დამაინტრიგებელი შეხვედრა კარიერაში არ ჩამიტარებია. თავიდან ვფიქრობდით, გოლი არ გაგვეშვა, მაგრამ პირველი ტაიმი 1:2 წავაგეთ და სულ 7 გოლი გავიდა. ჩვენ ამ შეხვედრაში ხასიათი გამოვავლინეთ. ასე მეგონა, შოტლანდიელები თამაშობდნენ - ბოლომდე, მთელი სულითა და გულით რომ იხარჯებიან და ომობენ. მაგრამ 4:3 მოგებას 1:0 სჯობდა, ასე მეორე შეხვედრას უფრო იმედიანად ჩავატარებდით.
- საპასუხო მატჩი აშკარად ჩააგდეთ. რა იყო ამის მიზეზი?
- პირველ ტაიმში ანგარიშის შენარჩუნებაზე არ გვითამაშია, ვუტევდით და მომენტებიც შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ტაიმის ბოლოს კი მომენტი გაგვეპარა და გურულმა გაიტანა. მერე ყველაფერი ჩვენ საწინააღმდეგოდ აეწყო: მსაჯობაზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ მიმაჩნია, რომ შეცდომები დაუშვეს: იყო ეპიზოდი, როცა მე და გიორგი ჯანელიძე ზედიზედ ორჯერ წაგვაქციეს საჯარიმოში და პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა.
მერე ისე მოხდა, ბურთისთვის ბრძოლაში ხურცილავამ გურულს ფეხი თავში მოარტყა - დათო ძალიან შეწუხდა და მომხდარს განიცდიდა. ანუ გურულის განზრახ დაშავება არ სურდა, მაგრამ წითელი ბარათი ამოუღეს. ისედაც 0:1-ს ვაგებდით, პლუს, კაცი გაგვიგდეს და მოვიშალეთ.
მას შემდეგ საშინელი განწყობა მაქვს და ვფიქრობ, ასეთი რამ როგორ მოხდა.
- სულ რაღაც ორი წლის წინ ეროვნულ ნაკრებში სისტემატურად გიწვევდნენ, წამყვან ქართულ გუნდებში გითამაშიათ და ასეთ დროს ფეხბურთელები პირველ ლიგაში თამაშს არ თანხმდებიან ხოლმე...
- "სიონთან" კონტრაქტი დამიმთავრდა და ჯერ კლუბის ხელმძღვანელობასთან არ მილაპარაკია. არც ის ვიცი, ახალი წლიდან სად ვითამაშებ. მაგრამ არ დავმალავ, რომ ბოლო ორ წელიწადში ჩემს თავს გადამხდარმა ამბებმა ძალიან დამღალა და იმდეგაცრუებული ვარ.
- რას გულისხმობთ?
- ჯერ რუსეთში თამაშის შანსი მქონდა, მერე ყაზახეთში და ცხადია, ორივეგან კარგ დონეზე და პირობებში ვიქნებოდი. არც კონკურენციის მეშინოდა და მითხრეს, რომ კონტრაქტს გავაფორმებდი, მაგრამ ვარჯიშისას კუნთი გამიწყდა და წამოსვლა მომიხდა. "დინამოში" დაბრუნება აღარ გამოდიოდა. მერე პავლოდარის "ირტიშში" ტრანსფერი ჩამეშალა და საქართველოში დაბრუნება მომიწია.
ახლაც დიდი სურვილი მაქვს, რომ უცხოეთში წავიდე, მაგრამ... ჯერ არანაირი ვარიანტი არ ჩანს. ამიტომაც ვფიქრობ, ფეხბურთიდან ხომ არ წავსულიყავი?
- 28 წლის ასაკში?! ჯერ, მინიმუმ, ჩვენი ჩემპიონატის ლიდერებს მაინც დაეხმარებოდით და ასე რატომ ფიქრობთ?!
- ფეხბურთს ჩემზე ბევრად დიდი მოთამაშეების წასვლა გადაუტანია. მოკლედ, ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, მაგრამ ამაზე ნაღდად ვფიქრობ. იმედია, ნორმალური გუნდი გამოჩნდება, სხვაგვარად, მირჩევნია, თამაშს შევეშვა.
არა რა, "დინამოდან" სინჯებზე წასვლა ჩემი დიდი შეცდომა იყო. გუნდის კაპიტანი ვიყავი, ნაკრებში მიწვევდნენ, მე კი პერმის "ამკარში" გასინჯვას დავთანხმდი...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"