პაპუნა ფონიავა: ვერ წარმოიდგენთ, მესამეადგილოსან გუნდში რაზე ვოცნებობთ

AutoSharing Option
ბრინჯაოს მედლის მფლობელი ბათუმის "დინამო" მომავალ წელს ევროპალიგაზე ითამაშებს. 22 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა პაპუნა ფონიავამ თბილისის "დინამოსთან" ბრინჯაოს ფინალი საუცხოოდ ჩაატარა და ევროსაგზურის მოპოვებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. მისი თქმით, გუნდმა მედლებამდე ბეწვის ხიდზე გაიარა.

"6 წელია, უმაღლეს ლიგაში ვარ და წლევანდელი ჩემპიონატი ყველაზე არაპროგნოზირებადი იყო, რაც კი აქამდე მითამაშია. ძალიან დაძაბული და უცნაური ტურნირი იყო. ბოლო ტურში ბევრი გუნდი აღმოჩნდა ვითარებაში, როდესაც ერთი მოგებით ბრინჯაოს პლეი ოფში ხვდებოდა, წაგების შემთხვევაში კი შეიძლება გავარდნილიყო.

მაგრამ ბათუმის "დინამოს" აღმოაჩნდა კლასიც, ნებისყოფაც
და, რაც მთავარია, გუნდური სულისკვეთება და წარმატებას ამიტომაც მივაღწიეთ", - ამბობს ფონიავა.

ახალგაზრდა საყრდენი დარწმუნებულია, რომ ასეთი შედეგი ბათუმის "დინამოსთვის" გმირობის ტოლფასი იყო:

"გუნდს ისეთი პრობლემები ჰქონდა, რომელზეც აუცილებლად უნდა ვილაპარაკო. "შუქურას" სტადიონზე, ხელოვნურ საფარზე თამაში და ვარჯიში ყველას დიდ საზრუნავს გვიჩენდა. ამ პირობებში ამაზე მეტი რა უნდა ექნათ ხელმძღვანელობას, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს? ამიტომ იყო ეს შედეგი გმირობის ტოლფასი.

სულ ამ პრობლემაზე ლაპარაკობენ, მაგრამ გუნდს არათუ სტადიონი, ბათუმში საკუთარი სავარჯიშო მოედანიც ვერ ეღირსა. ქობულეთის ხალიჩაზე ერთხელ ისე დავზიანდი, 4 თვე ვერ ვთამაშობდი და შემადგენლობაში ადგილის დაბრუნება მხოლოდ დიდი მონდომების შედეგად მოვახერხე.

ამას ემატება ყოველდღე ბათუმი-ქობულეთის გზაზე აქეთ-იქით სიარული, რაც დაჭიმულ კუნთებს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს, ხალიჩიდან მინდორზე გადასვლისას კი ნებისმიერ დროს შეიძლება დაშავდე. ამის გამო წავიდა ჩვენგან გიორგი გაბედავა, 3-4 დაშავებული კი სულ გვყავს.

ჩვენთან ტრავმიანობის პროცენტული მაჩვენებელი იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია, გუნდმა თავისი შესაძლებლობების 50%-ზე მეტი გამოავლინოს.

გვპირდებიან, რომ ინფრასტრუქტურა მალე გამოსწორდება და საკუთარი სტადიონი და ბაზა გვეღირსება. ამას ვამბობ და მეცინება - რაზე ვოცნებობთ იმ გუნდის მოთამაშეები, რომლებიც, ყველაფრის მიუხედავად, ევროპის ლიგაზე გავედით".

"ლელოს" ინფორმაციით, ფონიავას უკრაინაში იწვევენ. ცხადია, ეს ამბავი მასთანვე გადავამოწმეთ:

"ეს ვარიანტი ნამდვილად შემომთავაზეს, მაგრამ ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი მომავალ წელს მიმთავრდება და არ მსურს, იმაზე ვიფიქრო, რაც 100-პროცენტიანი არ არის.

უფასოდ არავინ გამიშვებს და ამიტომ მირჩევნია, კარგად დავისვენო და ტრანსფერზე მეტად ახალ სეზონზე ვიფიქრო. ამ გუნდმა და მისმა მწვრთნელმა ბევრი რამ შემძინეს და ახალ ჩემპიონატში ნდობა საქმით უნდა დავუმტკიცო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სირცხვილია ხალხო ამდენი დრო რაში ჭირდება ერთი ბაზის დასრულებას რა..! კლუბს და ბათუმელებს ბაზა სჭირდებათ სასწრაფოდ. რა გახდა ასეთი დაუსრულებელი.
სიმართლე...
12:49 23-12-2016
0

სიახლეები პოპულარული