ჯაბა დვალი ქობულეთის "შუქურასთვის" გაიტანს

AutoSharing Option
სატრანსფერო სეზონი გაიხსნა და პირველი გარიგებებიც განხორციელდა. სიახლეებია ქობულეთის "შუქურაშიც"...

პირველი ტრანსფერი გულშემატკივრებისთვის უკვე ცნობილია - გუნდი დატოვა გურამ ადამაძემ. 28 წლის ცენტრალური მცველი მშობლიურ ქუთაისის "ტორპედოს" ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. "შუქურას" დირექტორის, რევაზ ჩელებაძის თქმით, კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის თხოვნას ანგარიში გაუწია, წასვლაში ხელი არ შეუშალა და კონტრაქტიც კომპენსაციის გარეშე გაუწყვიტა.

ცხადია, ქობულეთელებს პრო ლიგა 1-სთვის გაძლიერება სჭირდებათ და ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

"ჩვენ დავიმატეთ თავდამსხმელი ჯაბა დვალი. მე ის ყოველთვის მომწონდა და იმედი მაქვს, მომავალ სეზონში დიდ სამსახურს გაგვიწევს
ჩვენს ჩემპიონატში ხომ ბევრი შედეგიანი თავდამსხმელი არ გვყავს", - ამბობს ჩელებაძე.

დვალს საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია, "ზესტაფონში" ყოფნისას კი ორჯერ გახდა ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - 2005/06 წლების სეზონში 21 გოლი გაიტანა, ხოლო 2011/12 წლებში - 20.

"შუქურა" 31 წლის თავდამსხმელის კარიერაში მე-11 კლუბია. მანამდე მას თბილისის "დინამოში", "სიონში", "ჩიხურაში", რუსთავის "ოლიმპში", მოლდოვის "დაჩიაში", "ზესტაფონში", აგდამის "ყარაბაღში", "საბურთალოსა" და "საპოვნელაში", ბოლოს კი "ცხინვალში" უთამაშია.

გარდამავალ ჩემპიონატში დვალი ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზე გავიდა 7 გოლით. საინტერესოა, რომ ეს "ცხინვალის" მოთამაშეთა მიერ გატანილი გოლების 58 პროცენტია (სულ 12). დვალმა ეს მონაგარი 11 შეხვედრაში დააგროვა, რაც საშუალოდ შეხვედრაში 0,63 გოლის ტოლია. თავდამსხმელისთვის, რომელიც აუტსაიდერ გუნდში თამაშობდა, ეს მშვენიერი მაჩვენებელია.

ჩელებაძის თქმით, გუნდში ივარჯიშებს ზამირ ჯანაშიაც. 28 წლის ზუგდიდელ თავდამსხმელს თბილისის "დინამოში" უთამაშია, შემდეგ კი ფოთის "კოლხეთში" აგორებდა ბურთს. ბოლო წლებში ის ერევნის "ულისესის" ღირსებას იცავდა, საიდანაც 2016 წელს რუსეთის პირველი დივიზიონის კლუბ "არმავირს" მიაშურა, მაგრამ ტრავმის გამო იქ ერთხელაც ვერ ითამაშა.

ქობულეთელთა დირექტორის თქმით, გუნდი 16 იანვარს შეიკრიბება და მერე გადაწყდება, სად და როგორ მოემზადება ახალი სეზონისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული