საქართველოს ნაკრები: რა ვუთხრათ კლუბებს?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს - 23 იანვარს უზბეკეთს ვეთამაშებით, ორი დღის შემდეგ კი - იორდანიას. ეს დღეები არ არის გათვალისწინებული ფიფას მიერ სანაკრებო მატჩებისთვის გამოყოფილ "ფანჯარაში". ცნობილია, რომ ამ შეხვედრებისთვის საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე იმ ფეხბურთელებითა და ლეგიონერებით, რომელთაც ადრე იშვიათად ეძლეოდათ სანაკრებო შანსი...

პრობლემის სათავე
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს ჯერ არ გამოუქვეყნებია სანაკრებო სია, თუმცა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებს მიწვევები უკვე დაეგზავნათ.

როგორც ჩანს, ამ დროისთვის სლოვაკი სპეციალისტი ფიქრობს, რომელ
ლეგიონერებს უხმობს ნაკრებში. ერთია, რომლებს აირჩევს და, მეორე კი - რომელ ფეხბურთელებს შეელევიან კლუბები. როგორც წესი, ისეთ ამხანაგურ მატჩებში, რომლებიც არ ტარდება ფიფას მიერ წინასწარ არჩეულ დღეებში, ეს პრობლემა სულ იქმნება და არც ეს შემთხვევა უნდა იყოს გამონაკლისი.

ხელაღებით ვერ გავამტყუნებთ...
ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე კლუბი უკვე ჭირვეულობს ქართველი ლეგიონერების გამოშვებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სანაკრებო ინტერესები ჩვენთვის უზენაესია, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერც კლუბებს გავამტყუნებთ.

საქმე ისაა, რომ იურიდიულად ისინი ვალდებულნი არ არიან, ისეთ დღეებში გაათავისუფლონ ფეხბურთელი, რომელიც ფიფას სანაკრებო ბატალიებისთვის არ აურჩევია. რა გასაკვირია, რომ კლუბებს თავისი უფრო ანაღვლებთ, ვიდრე ჩვენი. მათთვის მთავარია, ჩემპიონატის მატჩებისთვის დანაკლისი არ ჰქონდეთ და ნაკლებად დაგიდევენ იმას, თუ რა შემადგენლობით ითამაშებს საქართველოს ნაკრები უზბეკეთსა და იორდანიასთან.

მეორე მხრივ, კაცი ვერც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გაამტყუნებს. გამოჩნდა შანსი, რომ ვაისმა ნახოს უახლოესი რეზერვი და ასეთ შანსზე უარს ვერ იტყვის. არადა, არც ის გამოვა, მარტო საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით წარვდგეთ იანვრის ტესტებში.

ჯერ ერთი, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს ნაკრების შანსებს, და მეორეც - არის საზღვარგარეთ მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებსაც სიამოვნებით ვიხილავდით ორ უახლოეს ამხანაგურ შეხვედრაში. ვფიქრობთ, მათი შესაძლებლობების შეფასება ვაისსაც ძალიან უნდა აინტერესებდეს...

ვის ვნახავდით?
ჩვენ დაახლოებით უკვე ვიცით, საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე რომელ ფეხბურთელებზე შეაჩერა არჩევანი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

როგორც გავიგეთ, სანაკრებო სიას დაემატა ჩემპიონატის ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე, რომელიც უცხოეთში წასვლას ცდილობს.

არის კიდევ რამდენიმე ლეგიონერი, რომლებსაც სჭირდებათ სანაკრებო შანსი და მათ ეს შანსი უნდა მიიღონ. მაგალითად, ავიღოთ პორტუგალიური "მორეირენშეს" კარის დარაჯი გიორგი მაკარიძე. ის 17 წლის იყო, როცა კლაუს ტოპმიოლერმა საქართველოს ნაკრებში მიიწვია. იცავდა საქართველოს ნაკრების კარს შოტლანდიასთან შესარჩევ მატჩში (2005 წლის ოქტომბერში), რომელშიც საქართველოს გაახალგაზრდავებულმა ნაკრებმა თბილისში 2:0 მოიგო და სქოთები, ფაქტობრივად, მუნდიალს მიღმა დატოვა...

მაკარიძე "მორეირენშეს" ძირითადი მეკარეა და ერთმანეთის მიყოლებით ატარებს შთამბეჭდავ მატჩებს. რამდენიმე დღის წინ ამ გუნდმა პორტუგალიის თასის გათამაშებაში თვით "პორტუ" წააქცია და ნახევარფინალში გავიდა. იმ შეხვედრაში ქართველი გოლკიპერი აშკარად საუკეთესო იყო თანაგუნდელებს შორის, რაზეც პირველი ტაიმის რამდენიმე სერიოზული "სეივიც" მეტყველებს.

კვიპროსის I დივიზიონის ბოლო მატჩებში შეუჩერებელი იყო ახნას "ეთნიკოსის" ფორვარდი ნიკა კაჭარავა.

ამ გუნდშია და უახლოეს საათებში გააფორმებს კონტრაქტს გორის "დილასა" და ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი. კახა ცხადაძემ მას ერთხელ უკვე მისცა სანაკრებო შანსი და კიდევ ერთხელ მისი საქმეში ნახვა საინტერესო უნდა იყოს - ბოლო სეზონში ის ძალიან სტაბილურად გამოიყურებოდა "ტორპედოში".

ამ ფეხბურთელების გუნდებს თამაშები უწევთ იანვრის მიწურულს და, რა თქმა უნდა, კლუბები სულაც არ იწვიან მათი გათავისუფლების სურვილით. ეს ფეხბურთელები და მათი კლუბები მხოლოდ მაგალითად მოვიყვანეთ. მსგავსი პრობლემები შეიძლება სხვა ფეხბურთელებთან და კლუბებთანაც შეიქმნას.

მხოლოდ უარყოფითს ნუ დავინახავთ...
ზოგიერთი გულშემატკივარი საქართველოს ნაკრების მომავალი ორი მოწინააღმდეგის მიმართ ძალიან სკეპტიკურადაა განწყობილი. ისინი მიიჩნევენ, რომ უზბეკეთთან და იორდანიასთან მატჩები ბევრი არაფრის მომცემი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის.

ჯერ ერთი, საკითხავია, უზბეკეთის ნაკრებზე ძლიერები ვართ თუ არა თუნდაც ოპტიმალური შემადგენლობით. უკვე რა ხანია, უზბეკებს ძალიან ცოტა აკლდებათ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად და, ვინძლო, ამჯერად აღარც დააკლდეთ...

მეორეც - არც შედეგებით, არც კონტინგენტითა და თამაშის ხარისხით უზბეკეთის ნაკრები საქართველოზე, როგორც მინიმუმ, ნაკლები არაფრით არის. ამ შემადგენლობისთვის კი იორდანიაც შეიძლება "კერკეტი კაკალი" გამოდგეს.

ამ შემთხვევაში სუპერმეტოქეების მოლოდინი ნამდვილად არ უნდა გვქონოდა თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ფიფას "ფანჯარა" არ არის. არადა, სწორედ ახლაა უახლოესი რეზერვის შემოწმების იდეალური საშუალება.

გამოსავალი
ამ შემთხვევაში გამოსავალი ორია. პირველი - ფეხბურთელებმა კლუბის ხელმძღვანელობასთან თავად მოაგვარონ ეროვნულ გუნდში გამოშვების პრობლემა, და მეორე: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პირადი ურთიერთობების ხარჯზე მოაგვაროს ეს სიტუაცია.

ამ შემთხვევაში ალბათ უფრო ფეხბურთის ფედერაციას მოუწევს აქტიურობა, რადგან ფეხბურთელის პირადი ინიციატივა, თუ მას კლუბის ხელმძღვანელები გადაჭარბებულად ჩათვლიან, შესაძლოა, ისევ ამ ფეხბურთელის საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული მომავალში კლუბში. ვგულისხმობთ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის საშიშროებას და სხვა რისკებს.

თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით შეგვიძლია დავწეროთ, რომ ჩვენი გაზეთის მომდევნო ნომერში ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოზიციას შემოგთავაზებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
Mec magrad mikvirs giorgis ignorI, neta moldovastanac eg mdgariyo
irakli apkhaidze
11:11 10-01-2017
0
მე ვერ ვხვდები მაკარიძეს რატო არ ათამაშებს ვაისი,ის კვასხვაძესაც ბევრად ჯობია და მიგინეიშვილსაც.რევიშვილსაც სხვათა შორის.ნუკრი ყოველ "სეივზე" თითო ბიჩოკს აგდებს პირიდან.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული