ოთარ კიტეიშვილი: ეს ჩვენი შანსია!

AutoSharing Option
ფოტოზე: ოთარ კიტეიშვილი და საბა ლობჟანიძე ნაკრების ვარჯიშზე
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უზბეკეთსა და იორდანიასთან მატჩებში თბილისის "დინამოს" ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილსაც უხმო.

- საქართველოს ნაკრები: ჯიმი ტაბიძეც ვაისთან და ულეგიონერო უზბეკეთი [VIDEO]

დაგვეთანხმებით, 20 წლის შემტევი შუახაზელი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეულია და მასზე სანაკრებო შანსიც ალალია. აქვე დავამატოთ, რომ კიტეიშვილი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების ლიდერი გახლდათ. ამდენად, ის ეროვნული გუნდის მომავლად უნდა ჩავთვალოთ და შორს არ არის ის დრო, როცა კიტეიშვილი ქვეყნის უპირველესი გუნდის ძირითადშიც დაიმკვიდრებს ადგილს.

"ლელომ" მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა...

- საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უზბეკეთსა და იორდანიასთან მატჩებისთვის გიხმოთ...
- ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი პატივია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახება და, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებია. ამ შეხვედრებში ვლადიმირ ვაისს საშუალება მიეცემა, საქმეში ნახოს ახალგაზრდა მოთამაშეები, ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ხშირად არ უწევთ ეროვნულ გუნდში თამაში. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და, ამავე დროს, სტიმულია ჩვენთვის. მე ვიტყოდი, ეს ჩვენი შანსია.

- ფაქტია, იოლი მატჩები არ გველოდება. რას ფიქრობთ ჩვენს მოწინააღმდეგეებზე?
- დღევანდელ ფეხბურთში, მით უმეტეს, სანაკრებო ასპარეზზე, აღარ არის იოლი მატჩები. მიუხედავად იმისა, რომ ახალი დაწყებული გვაქვს მზადება მომავალი სეზონისთვის, თითოეული ჩვენგანი ამ მატჩებში ბოლომდე, ასი პროცენტით უნდა დაიხარჯოს და დარწმუნებული ვარ, ეს ზუსტად ასე იქნება.

- ზემოთ შანსი ახსენეთ. ასეთი მატჩები, ალბათ, განსაკუთრებული სტიმულია თქვენთვის...
- არა მარტო ჩემთვის, სხვა ფეხბურთელებისთვისაც. გრძნობა, რომ ნაკრებში ვარჯიშობ და თამაშობ ეროვნული გუნდის მაისურით, განსაკუთრებულია და ამას ვერაფერი შეედრება.

- თბილისის "დინამოზეც" გკითხავთ. ახალი გუნდი შენდება და, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მის ერთ-ერთ ლიდერად სწორედ თქვენ მოიაზრებით...
- მართლაც, ახალი გუნდი შენდება და ყველანი დიდი იმედით ვუყურებთ მომავალს. "დინამო" ყოველთვის "დინამოა" და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ წლების განმავლობაში დამკვიდრებული სტანდარტი დაბლა დავწიოთ.

ჩვენს გუნდში, თუნდაც საქართველოს ჩემპიონატის ბოლო მატჩებში, გამოჩნდა რამდენიმე ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი - ზარია, მიქელთაძე, ლოჩოშვილი... მათ კარგად წარმოაჩინეს თავი და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტ სარგებლობას მოუტანენ გუნდს.

წინ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი შეკრება და ამ შეკრებებზე გუნდი შეთამაშდება. "დინამო" საქართველოს ჩემპიონატში მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ამის მტკიცედ მჯერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიტეიშვილის და მისთანების იმედზე თუა დინამო, ვაი თქვენს პატრონს...
status quo
11:26 18-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული