ტყუილი თუ უნიათობა? რატომ ვერ ვუყურებთ ხოლმე საქართველოს ნაკრების მატჩებს

AutoSharing Option
დეკემბრის დასაწყისში ფეხბურთის ფედერაციამ გვახარა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები იანვარში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებდა - დუბაიში, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ. წლის დასაწყისში ამას კიდევ ერთი ცნობა დაემატა, ორ დღეში ნაკრები იორდანიასთანაც ითამაშებდა.

მართლაც, ვაისის ექსპერიმენტულმა გუნდმა ფიფას არაოფიციალურ დღეებში ორი მატჩი გამართა დუბაიში - 23 იანვარს 2:2 ითამაშა უზბეკეთთან, ხოლო 25 იანვარს 0:1 წააგო იორდანიის ნაკრებთან.

- იორდანია-საქართველო 1:0 - ვინ არის პასუხისმგებელი? [VIDEO+PHOTO]
- საქართველო-უზბეკეთი 2:2 - შორსმიმავალი დასკვნების გარეშე [VIDEO+PHOTO]

ახლა ამ მატჩების ავკარგიანობაზე არ ვისაუბრებთ და არც იმაზე, რამდენად
სასარგებლო იყო ეს ტურნე ჩვენი გუნდისთვის, ეს სულ სხვა წერილის თემაა. ფაქტია, გულშემატკივარი გაწბილებული დარჩა და არა მარტო იმის გამო, რომ ჩვენმა ნაკრებმა კვლავ წარუმატებლად ითამაშა.

- "კობის დაურეკეთ, ლინკი არაა-თქო" - სახალისო კომენტარები საქართველოს მატჩის "ლაივზე"

ვამბობთ იმას, რომ ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივრებმა ვერ იხილეს ამ მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია. იმათ, ვისაც ინტერნეტზე ხელი მიუწვდებოდა, უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციის წყალობით, პირველი მატჩის ცუდი ხარისხით ნახვის საშუალება მაინც ჰქონდათ, იორდანელთა ორგანიზებული ლაივ-სტრიმი კი ტექნიკური პრობლემის გამო პირველსავე ტაიმში შეწყდა.

არ ვამბობთ, რომ ტრანსლაციის მოწყობა სფფ-ის უშუალო მოვალეობაა, მაგრამ თუკი ბევრ ფულს ვხარჯავთ "ფეხბურთის პოპულარიზაციაში", "ვაპიარებთ" სხვადასხვა ღონისძიებას, ვატარებთ სამოყვარულო თასებს და თავადაც კარგად ვერთობით ასეთ ტურნირებში, ვფიქრობთ, სადღაც, ვალდებულიც იყო ქართული ფეხბურთის მთავარი ორგანო, ეზრუნა იმაზე, რომ ასეულათასობით ფანს ქვეყნის მთავარი გუნდის (როგორი შემადგენლობითაც არ უნდა ყოფილიყო) მატჩები ენახა, თუნდაც, ჩანაწერი...

სამწუხაროდ, მხოლოდ უნიათობასთან არ უნდა გვქონდეს საქმე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინებოდა, რომ ტელეტრანსლაცია... უზბეკთა მიზეზით არ იქნებოდა (იხ. 23 იანვრის "ლელო"). მეტიც, ფედერაციაში ირწმუნებოდნენ, რომ მეტოქე მხარის სურვილის გამო არც ე.წ. სტრიმი იქნებოდა და მატჩს ინტერნეტითაც ვერ ვიხილავდით.

"უზბეკეთთან მატჩი მათივე თხოვნით "დახურულია" და სტრიმი არ იქნება. იორდანიის საკითხი ხვალ გაირკვევა", - პასუხობდა სფფ-ის "ფეისბუქის" გვერდი.

სინამდვილეში კი უზბეკეთის ფედერაციამ მრავალი წინაღობა გადალახა საიმისოდ, რომ სტრიმი გულშემატკივრებს ეხილათ. იმ ხალხმა, რომელიც, თითქოს, მატჩის "დახურვას" ითხოვდა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თამაში გვეხილა. ვის რაში სჭირდება ასეთი ტყუილი, ბატონებო?

იორდანიელებმაც ბევრი იმუშავეს შეწყვეტილი სტრიმის აღსადგენად, მაგრამ ეს ვერ შეძლეს დუბაის სტადიონზე არსებული ცუდი ინტერნეტის გამო. მაგრამ მათ სცადეს მაინც, ყველაფერი იღონეს, რომ გულშემატკივრები გაეხარებინათ.

ბუნებრივია, არც ის გვავიწყება, თუ ვისი უშუალო მოვალეობაა ქვეყნის ეროვნული ნაკრებების თამაშების ჩვენება - ორგანოსი, რომელიც ჩვენი გადასახადებებიდან ფინანსდება - "საზოგადოებრივი ტელევიზიის".

ამას წინათ ლევან კობიაშვილმა თქვა, ერთი პროცენტითაც რომ შეეშალა სფფ-ის მმართველობაში ხელი ჩემს პარლამენტარობას, პოლიტიკოსის კარიერაზე უარს ვიტყოდიო. საინტერესოა, ეროვნული ნაკრების ორი მატჩის ვერჩვენება გულშემატკივრებისთვის ვერ "ქაჩავს" იმ ერთ პროცენტამდე?!
მკითხველის კომენტარები / 34 /
გვიფრთხილდებიან ფედერაციაში, იციან რომ საქართველოს ნაკრების ყურება ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას.
დათო
18:26 26-01-2017
0
გეხვეწებით გულწრფელად მიპასუხეთ, მართლა გინდოდათ მაგის ყურება? ნერვები საერთოდ არ გაქვთ? არც თავმოყვარეობა? მადლობა ლევან კობიაშვილს იმისთვის რომ ის საცოდაობა თქვენ ეროვნულ ნაკრებს რომ ეძახით, ამ გაუბედურებულ ხალხს არ ანახა. რაც შეეხება უზბეკეთის სტრიმს, იქ ხალხი ერთმანეთში საუბრობდა თუ რა საცოდავი ფეხბურთელები გვყავს და ა.შ. არამგონია ვინმეს თამაშისთვის ეყურებინოს...
რეზო
18:33 26-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული