საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, ლატვიასთან გამარჯვებამ ვერ მოგვიშუშა სერბეთთან მარცხით გამოწვეული ტკივილი, მაგრამ ნამატჩევს ძალიან გავიხარეთ. კარგა ხანია, ჩვენი გუნდის ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება აღარ გვინახავს. აღარ გვინახავს არც თამაშის ასეთი ხარისხი და არც ასეთი სუსტი მეტოქე, რომელმაც მთელი შეხვედრის განმავლობაში საქართველოს ნაკრების კართან ერთადერთი საგოლე მომენტი შექმნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

...კარგი ფეხი ჰქონია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ვინც თავის ლატვიელ კოლეგასთან ერთად დაესწრო ამ შეხვედრას და ეროვნული ჰიმნების შესრულების დროს უშუალოდ მინდორზეც ჩავიდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად...

რესურსი არის!
ბოლო დროს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმაც კი რამდენჯერმე დაიჩივლა, რომ ჩვენი საფეხბურთო რესურსი ვერაა იმ დონის, რომ განსაკუთრებულ შედეგებზე ვიფიქროთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მხრივ ვერ დავეტოლებით არათუ აღიარებულ გრანდებს, არამედ საშუალოზე ცოტა უკეთეს საფეხბურთო ქვეყნებსაც კი, მაგრამ რესურსი მაინც არის.

გასაგებია, რომ მეტოქე ძალიან სუსტი იყო, მაგრამ 5 გოლის გატანა იოლი არასდროს არის დღევანდელ ფეხბურთში, მით უმეტეს, სერიოზული დანაკლისის ფონზე და თან ისტორიულად ისეთ უხერხულ მეტოქესთან, როგორიც ლატვიაა.

რა თქმა უნდა, იგებს და აგებს გუნდი, მაგრამ ამხანაგური შეხვედრა იმისთვისაა, შედარებით ახალ ფეხბურთელებზე რომ გადავიტანოთ აქცენტი და მათი გარჯა განვსაჯოთ.

ამ თამაშს ორი მთავარი გმირი ჰყავდა. თუ ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და მისგან კარგი უკვე დიდი ხანია აღარ გვიკვირს, გიორგი ქვილითაიამ მართლაც რომ სასიამოვნოდ გაგვაკვირვა. საქართველოს ნაკრების მიერ გატანილი 5 გოლიდან სამში მან უშუალოდ მიიღო მონაწილეობა. ჯერ 11-მეტრიანი აჰკიდა ლატვიელ მცველს, მერე კი თავად დუბლი შეასრულა.

ზოგადად რომ შევხედოთ ქვილითაიას თამაშს, ავსტრიაში წასვლის შემდეგ ძალიან მოუმატებია - რაციონალურად ანაწილებს ძალებს, დაღვინებული და გამოცდილებამომატებული ჩანს, საგოლე ალღო კი ისედაც არ აკლდა.

სერიოზული განაცხადი
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა, მაგრამ როგორ გინდა, არ გამოყო ოდესის "ჩერნომორეცის" ცენტრალური მცველის, დავით ხოჭოლავას შესანიშნავი გარჯა?!

მართალია, ლატვიელებს ბევრი არაფერი შეუქმნიათ მათთვის ამ მეტად უიღბლო თამაშში, მაგრამ მაინც - საკმარისი იყო, ჩვენს საჯარიმოსთან მეტოქის შემტევი გამოჩენილიყო, რომ ხოჭოლავა საიმედო და კლასიანი თამაშით მაშინვე ძირში სპობდა მოწინააღმდეგის ჩანაფიქრს.

რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველებს, გურამ კაშიასა და საბა კვირკველიას, არაფერი დაეწუნებათ, მაგრამ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მათ სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ ხოჭოლავას სახით.

ეს კი ეროვნულ გუნდს მხოლოდ არგებს. არგებს ისევე, როგორც თავდასხმის ხაზში მეტი კონკურენცია. ლევან მჭედლიძესაც უკვე ესმის ზურგს უკან ქვილითაიასა და ნიკა კაჭარავას ძალუმი სუნთქვა...

არაბიძე
რა თქმა უნდა, მას ჯერ კიდევ ბევრი შრომა დასჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი და მაღალი დონის ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ გიორგი არაბიძემ დაგვარწმუნა: მას აქვს დიდი საფეხბურთო ნიჭი და ახლა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, რამდენად განავითარებს ღმერთისგან ბოძებულ ამ საჩუქარს.

ასეთ ასაკში ნაკრებში თამაში უდიდეს ფსიქოლოგიურ წნეხს უკავშირდება. არაბიძემ კი ისე ითამაშა, როგორც მრავალნაცადმა სანაკრებო მებრძოლმა. პასებიც აკეთა, საგოლე კუთხურიც ჩააწოდა, ბოლოს კი თამაში საკუთარ თავზე აიღო, რამდენიმე მოწინააღმდეგე მოატყუა და მისივე წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა გოლად გარდასახა.

თავისი ნიჭით არაბიძე ის ფეხბურთელია, მრავალი წლის განმავლობაში რომ შეუძლია ნაკრების ლიდერობა. მთავარია, ბევრი მოსთხოვოს საკუთარ თავს და პროგრესი გააგრძელოს.

ძლივს სტაბილურადაც...
თუ მოწინააღმდეგის სისუსტეს გამოვრიცხავთ და ყველაფერს ამას არ დავაბრალებთ, საქართველოს ნაკრებს ასეთი ხარისხიანი ფეხბურთი ბოლო წლების განმავლობაში არ უთამაშია. სხვა საქმეა, რომ მატჩი ამხანაგური იყო და მეტოქე თავიდანვე მარცხს შეგუებული ჩანდა.

ალბათ, ამ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების მიერ გატანილი ლამაზი გოლების გარდა, ყველაზე გასახარი ის იყო, რომ შეძლო და ვლადიმირ ვაისის ხელში ორივე ტაიმი თანაბარ დონეზე ჩაატარა.

სტაბილურობა ფეხბურთში უმთავრესი კომპონენტია. გუშინ ჩვენ 90 წუთის განმავლობაში სტაბილურად თამაში შევძელით და, მოდით, მხოლოდ მეტოქის უსუსურობით ნუ ავხსნით ამას...

არა სურენითა ხოლო...
სტუმართა კარში დანიშნულ 11-მეტრიანს აზრთა გვარიანი სხვადასხვაობა მოჰყვა. ბევრმა სომეხ არბიტრ სურენ ბალიანს ვერდიქტი დაუწუნა.

იყო თუ არა პენალტი? ეს კითხვა მართლაც შეიძლება დაისვას, მაგრამ ფაქტი ერთია - საქართველოს ნაკრები ამ 11-მეტრიანის გარეშეც დაამარცხებდა ლატვიას.

ამხანაგური მატჩის სინდრომი
დამაინც, "ოქროს კოშკებს" ნუ ავაშენებთ. ეს იყო ოდენ ამხანაგური შეხვედრა, რომელსაც არ ახლდა ოფიციალური მატჩისთვის დამახასიათებელი დაძაბულობა. მაინც აფერუმ საქართველოს ნაკრებს, რომ სერბეთთან მატჩის შემდეგ ამხელა მოტივაცია გამოავლინა.

თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ოფიციალური მატჩი მაინც სულ სხვაა და გუნდის ავ-კარგი უფრო მეტად სწორედ ასეთ შეხვედრებში გამოჩნდება ხოლმე.

ამხანაგურ მატჩებში კი რა გინდა, რომ არ მოხდეს. რაღა შორს წავიდეთ, ესტონეთმა შინ ხორვატია გაანადგურა. ამას რომ ვწერთ, საქართველოს ნაკრების მიერ მოპოვებული გამარჯვების გაუფერულება სულაც არ გვსურს. უბრალოდ, ფაქტი ჯიუტია.

დამაინც, ის მცირერიცხოვანი გულშემატკივარი, სერბეთთან განცდილი მარცხის მიუხედავად მაინც რომ მივიდა სტადიონზე, უზომოდ გახარებული ტოვებდა "დინამო არენას".

მაინც, რა ცოტა კმარა სიხარულისთვის!..

კომენტარები მატჩის შემდეგ
- ვლადიმირ ვაისი: სამწუხაროა, რომ ეს სერბეთთან ვერ შევძელით
- მარიან პაჰარსი: საქართველოს წაგების შემრცხვა და წავედი!
- გურამ კაშია: იმედია, გაბრაზებულ გულშემატკივარს ფეხბურთისკენ მოვაბრუნებთ
- გიორგი მაკარიძე: მიხარია, რომ ნაკრებში ჩემი დაბრუნება წარმატებული გამოდგა

მატჩის სტენოგრამა
5' - ჯიღაური მეტოქის მცველის შეცდომის შემდეგ კარს ოდნავ აცილებს...
15' - დვალიშვილი-ქვილითაია-დვალიშვილის კომბინაცია. ლატვიელები გადარჩნენ...
16' - ანანიძე-ნავალოვსკის კომბინაცია. ამ უკანასკნელის დარტყმული მცველს გამოაქვს კარიდან...
17' - ანანიძე ბურთს ლატვიელთა საჯარიმოში აწვდის და ქვილითაიას მცველი ძირს აგდებს. 11-მეტრიანი!
18' - 1:0! უმაღლეს საფეხბურთო სასჯელს ზუსტად ასრულებს ჯანო ანანიძე...
33' - 2:0! ჯანოს კუთხური და ქვილითაიას ერთი შეხებით, დიდოსტატურად გააქვს გოლი ლატვიელთა კარში...
36' - ვაკო გვილია ტრავმის გამო ვეღარ აგრძელებს თამაშს და მის ნაცვლად მინდორზე ოთარ კიტეიშვილი შედის...
43' - ჯანოს შორეული ჯარიმა: რიკოშეტი და კუთხური.
57' - ლატვიელთა მეკარის შეცდომა. ქვილითაიას ცოტა აკლდება გოლამდე.
66' - 3:0! გიორგი არაბიძის კუთხური და ქვილითაიას შედეგიანი თავური!
75' - ლატვიელთა კონტრშეტევა და შაბალა რეალურ შანსს ანიავებს. სტუმართა პირველი და უკანასკნელი შანსი!
77' - 4:0! ჯანოს უძლიერესი და უზუსტესი დარტყმა დაახლოებით 25 მეტრიდან. შტეინბორნსი უძლურია.
90' - 5:0! გიორგი არაბიძემ საჯარიმო დარტყმით თავისი პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა!..

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
28.03. თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო-ლატვია 5:0
გოლები: 1:0 ანანიძე (18-პენ), 2:0 ქვილითაია (33), 3:0 ქვილითაია (66), 4:0 ანანიძე (77), 5:0 არაბიძე (89)
საქართველო (4-3-2-1): მაკარიძე - ლობჟანიძე, ხოჭოლავა, კაშია, ნავალოვსკი (78. ტაბიძე) - კვეკვესკირი, გვილია (36. კიტეიშვილი), ანანიძე (83. ყაზაიშვილი) - ჯიღაური (63. არაბიძე), დვალიშილი (63. კობახიძე) - ქვილითაია (78. კაჭარავა).
სათადარიგოები: კვასხვაძე, კაკაბაძე, რეხვიაშვილი
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ლატვია (4-5-1): ვანინსი (46. შტეინბორნსი) - მაკსიმენკო, გორკსი, ლაიზანსი (81. ლაძინსი), ვიშნიაკოვსი (46. რაკელსი) - ი. იკაუნიეკსი, სოლოვიოვსი, დ. იკაუნიეკსი, იაგოდინსკისი (46. ოხსი), კლუშკინსი (66. ლუკიანოვსი) - კარლსონსი (46. შაბალა).
სათადარიგოები: იკსტენსი, ფრეიმანისი, გაბოვსი, ტარასოვსი, გუტკოვსკისი
მწვრთნელი: მარიანს პაჰარსი
გაფრთხილება: დვალიშვილი (37), კლუშკინსი (57), დ. იკანუნიეკსი (58), მაკსიმენკო (67), ხოჭოლავა (75), კიტეიშვილი (84)
არბიტრი: ს. ბალიანი (სომხეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ცოტა მეტი ფიზიკა. ცოტა მეტი თავდაჯერება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მეტი სათამაშო პრაქტიკა, რაც რასაკვირველია მოთამაშეებზე არაა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში საშუალოევროპულ გ=უნდებსაც დავჯაბნით.
არ მესმის როგორ ვითხოვთ თითქმის გრანდებთან ტოლს სწორ თამაშს. თუმცა ამასაც ხშირად ეპიზოდურად ვახერხებთ.
ერთიც ვაისის შესახებ. ერთერთი წარმატებული მწვრთნელია, რომელსაც სწორი გზით მიყავს საქართველოს ნაკრები მართვა.
გიორგი
29 მარტი 2017 13:36
0
არაბიძეს მართლა გასაოცარი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ იმედია მომავალში გამოიჩენს თავს. თუ კლუბში ფეხი არ მოიკიდა ძირითადში, არაფერი გამოვა. ქვილითაიას მართლა მომატებული აქვს. ანანიძეც კარგი იყო, მაგრამ მეტოქე ნამეტანი დამბლადაცემულად გამოიყურებოდა
MMM
29 მარტი 2017 12:33
0
"მაინც, რა ცოტა კმარა სიხარულისთვის!.." ეს ფეხბურთელებს ესმოდეთ ბოლომდე, საერთოდ თუ წარმოუდგენიათ მე-2 ადგილისთვის მაინც რომ იბრძოდეს საქართველოს ნაკრები რა განწყობა და სიხარული იქნებოდა ამ დაღლილ და გაჭირვებული ხალხისთვის!
svan
29 მარტი 2017 12:30
0
ლატვიასტან რომ გაიტოლებ თავს... . ლატვიის ფეხუბურთელები ძირითადად არაპროფესიანალი მოყვარული ფეგბურთელებით არის დაკომპლექტებული
maxo
29 მარტი 2017 12:11
0
გამოუშვით ბრაზილია
buxrika
29 მარტი 2017 12:05
0
ვატაროთ ორივე პრეზიდენტები ნაკრების თამაშებზე და იქნებ გავიდეთ ფინალში
temo
29 მარტი 2017 11:38
0
და მაინც არაბიძეს აქვს ერთი უარყოფითი თვისება. პასს არ უკეთებს უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელებს სანამ კარში დარტყმის საშუალებას არ უკეტავენ და ამის მერე უკვე სახიფათო სიტუაციაც ნეიტრალდება მეტოქის მიერ. იმედია მწვრთნელებიც მიახვედრებენ ამას და თუ არ მეშლება ყიფიანთანაც ამის გამო ჰქონდა კონფლიქტი. ამდენის უფლებას ლიონელ მესიც კი არ აძლევს თავს. სხვა მხრივ ბევრად უკეთესი თაობა მოვიდა და ნამდვილად შეუძლიათ ამ ბიჭებს ისლანდიის დონის გუნდის შექმნა და ეს გუშინდელი თამაშის გამო არ მგონია, უბრალოდ არის მონდომება, ის ცეცხლი რომელიც ერის სახელის დაცვვას უნდა ახლდეს და შედეგი აუცილებლად იქნება. ვისაც გონია რომ ვაისზე უკეთესი უცხოელი გვეყოლება ძალიან ცდება, ამ კაცს რეალური ფაქტით აქვს დამტკიცებული სლოვაკეთის ნაკრებში რომ საშუალო დონის გუნდიდან როგორ შეიძლება ყველასთვის ანგარიშგასაწევი ნაკრების გაკეთება და არა საკლუბო გუნდის. ეს კი დამეთანხმებით სრულიად სხვადასხვა რამაა. სახელგანთქმულმა კაპელომაც კი ვერაფერი გააწყო სანაკრებო დონეზე.
.........
29 მარტი 2017 11:38
0
მაინც მეტოქის სუსტი თამაშია მთავარი ფაქტორი. პენალტი ხომ საერთოდ გამოგონილი იყო.
დათო
29 მარტი 2017 11:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული