ჰოდა, როგორ გინდა, რომ დარჩენილ ხუთ მატჩში "მოსთხოვო" ჩვენს ნაკრებს ყველა თამაშის მოგება? იქნებ იმიტომ, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ორი
მეტსაც ვიტყვით: საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველად მხოლოდ წლეულს მოხდა, როცა ჩვენმა უპირველესმა გუნდმა ზედიზედ ორი მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით! ასევე, პირველად მოხდა, როცა საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ორ მატჩში შეძლო მეტოქეთა კარში 8 გოლის გატანა და, ამასთან, საკუთარი კარი მშრალად შეინახა!
...5:0 - ლატვიასთან, 3:0 - სენტ კიტსსა და ნევისთან.
- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]
- საქართველო-სტ.კიტსი და ნევისი 3:0 - შეცვალე და მოიგე! [VIDEO]
გვინდა, რომ გაგრძელებაც, მთლად ანალოგიური თუ არა, "მიახლოებული" მაინც იყოს. ანუ, ყველა ქართველი გულშემატკივრის მსგავსად, ჩვენც დიდი სურვილი გვაქვს, რომ საქართველოს ნაკრების ეს წარმატებული სერია მოლდოვაშიც გაგრძელდეს.
არადა, საქართველოს ნაკრების 27-წლიან ისტორიაში აქამდე მხოლოდ ერთხელ მომხდარა, როცა ჩვენმა უპირველესმა გუნდმა ზედიზედ ორ მატჩში შეძლო მეტოქეთა კარში 3 ან მეტი გოლის გატანა: 1998 წლის დასაწყისში, მალტის საერთაშორისო ტურნირზე, ვლადიმერ გუცაევის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა ჯერ ალბანეთს მოუგო (3:0), მერე კი - მალტას (3:1).
თუმცა, ამჟამინდელი შედეგები (5:0, 3:0) ბევრად უფრო რომ შთამბეჭდავია, ალბათ, ყველა დაგვეთანხმება და საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ თავკაც ვლადიმირ ვაისს მართლაც საამაყოდ უნდა ჰქონდეს საქმე ასეთი შედეგების გამო. თუმცა, მეორე მხრივ, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებს ჯერ არც ერთი ოფიციალური მატჩი არ მოუგია...
სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია: ეს შესარჩევი ციკლიც ჩვენთვის არასასურველი "სცენარით" წარიმართა; ანუ, როგორც თითქმის ყველა შესარჩევი ციკლის დროს (ერთი-ორი მართლაც სასიამოვნო გამონაკლისის გარდა): ჩავატარებდით სამი-ოთხ ოფიციალურ მატჩს და მერე უკვე მომდევნო შესარჩევ ციკლზე ვიწყებდით ფიქრს.
ასე მოხდა ამჯერადაც და როგორც ვლადიმირ ვაისი უნდა იყოს საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე ოფიციალურ მატჩში თავისი პირველი გამარჯვების მოლოდინში, ასე ვართ ჩვენც, ყველანი, მონატრებულნი ოფიციალურ მატჩში გამარჯვებას!
კიდევ ვიმეორებთ, რომ ძალიან სასასიამოვნოა, როცა შენი ქვეყნის უპირველეს გუნდს ზედიზედ ორ მატჩში მეტოქეთა კარში 8 გოლი გააქვს, მაგრამ ნურც "სხვა რეალობას" დავივიწყებთ: საქართველოს ნაკრების ბოლო ოფიციალური გამარჯვება 2015 წლის 8 ოქტომბრით (თბილისში, გიბრალტართან 4:0) თარიღდება...
ძველი და უსიამოვნო...
ძალიან გვინდა, რომ საქართველოს ნაკრებმა ეს თითქმის ორწლიანი წარუმატებელი სერია სწორედ კიშინიოვში დაასრულოს და მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვოს; აბა, მოლდოვას თუ ვერ მოვუგეთ, შემოდგომაზე ხომ ავსტრია, ირლანდია, უელსი და სერბეთი გველოდება?!. თანაც, ამ შემთხვევაში მოლდოველებთან არსებულ უარყოფით ბალანსსაც გამოვასწორებთ: სამწუხაროდ, ისე, როგორც ყველა სხვა ნაკრებთან (ერთი-ორის გარდა), მოლდოველებთანაც უარყოფითი ბალანსი გვაქვს!
1994 წლიდან მოყოლებული დღემდე, ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპებზე ლამის "მარადიულ მეტოქედ" (ალბანეთის მსგავსად) ქცეულმა მოლდოველებმა რამდენჯერმე მართლაც გაგვამწარეს; საერთოდ კი, ოფიციალურად თუ ამხანაგურად, საქართველომ და მოლდოვამ ერთმანეთში 12 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 4 ჩვენ მოვიგეთ, 3 ფრედ დასრულდა, ხოლო 5 მატჩი მოლდოვამ მოიგო. ანუ, კვირას თუ მოვიგებთ, თითქმის აბსოლუტური თანაფარდობა იქნება ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში იმ ნაკრებთან, ასე რომ ენატრება... ოფიციალურ მატჩში გამარჯვება!
ჰო, ჩვენ თუ 2015 წლის შემოდგომის შემდეგ არ მოგვიგია ოფიციალური მატჩი, მოლდოველები უფრო დიდი ხანია ელოდებიან: 2013 წლის შემოდგომაზე, სტუმრად სენსაციურად დაამარცხეს ჩერნოგორიის ნაკრები და იმის მერე, დღემდე მხოლოდ და მხოლოდ 2 ამხანაგური მატჩი მოიგეს! ისიც, სან მარინოსა და ანდორასთან...
მოგვეხმარეთ, გაგვიხარდება!
ძალიან სასიამოვნოა, როცა საქართველოს ნაკრები ზედიზედ ორ მატჩს მოიგებს, თანაც, ამ ორ მატჩში მეტოქეთა კარში 8 გოლს რომ გაიტანს და არც ერთს არ გაუშვებს; მაგრამ, საკმარისია, მოლდოვასთან "ფეხი დაგვიცდეს", რომ ლატვიასა თუ სენტ კიტსსა და ნევისთან დიდი ანგარიშით მოგეგები არც არავის ემახსოვრება. ისე, როგორც ის ფაქტ(ებ)ი, რომ ამ ორ ამხანაგურ მატჩში გატანილი 8 გოლიდან რამდენიმე მართლაც ეფექტური იყო; ისე, როგორც აღარავის ემახსოვრება ამ ორ ამხანაგურ მატჩში მეტოქეთა კარში დანიშნული პენალტები, ორივე შემთხვევაში განსჯის საგანი რომ იყო... თუმცა, 1994 წლიდან მოყოლებული, რამდენიც გნებავთ, იმდენჯერ მომხდარა, როცა არბიტრები აშკარად გვჩაგრავდნენ და თითქმის ყველა სადავო ეპიზოდში საქართველოს ნაკრების საწინააღმდეგოდ იღებდნენ გადაწყვეტილებებს!
ჰოდა, თანახმა ვართ, არბიტრებმა ის "არჩეული კურსი" გააგრძელონ და საქართველოს ნაკრების მიმართ "არსებული სიმპათია" ამჯერად უკვე ოფიციალურ მატჩებშიც გამოხატონ...
ადრე სტუმრადაც ვიგებდით...
უკვე რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ოფიციალური მატჩი თითქმის 2 წელიწადია არ მოუგია; აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ ასევე ძალიან გვენატრება ოფიციალური მატჩების... სტუმრად მოგებაც! თავად განსაჯეთ: საქართველოს ნაკრებმა ბოლო ოფიციალური საგარეო მატჩი 2014 წლის შემოდგომაზე მოიგო! რომელი ქვეყნის ნაკრებთან? რა თქმა უნდა, გიბრალტართან......სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების ისტორიაში მართლაც თითზე ჩამოსათვლელია ის შემთხვევები, როცა ჩვენი უპირველესი გუნდი სტუმრად ახერხებდა ოფიციალური მატჩების მოგებას. თანაც, მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა საქართველოს ნაკრებმა ერთ შესარჩევ ციკლში 2 საგარეო გამარჯვება მოიპოვა: დღემდე ყველაზე წარმატებულ, პირველ შესარჩევ ციკლში ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ჯერ ალბანეთს მოუგო შოთა არველაძის ერთადერთი გოლისა და მეკარე აკაკი დევაძის შთამბეჭდავი თამაშის წყალობით, მერე კი, კარდიფში, ვარსკვლავებით (იან რაში, მარკ ჰიუზი, დან სონდერსი, ნევილ საუთჰოლი, ჯო ჰართსონი) გადაძეძგილ უელსის ნაკრებს გიორგი ქინქლაძის მართლაც გენიალური გოლით მოვუგეთ!
აი, ამის შემდეგ კი, საქართველოს ნაკრები მხოლოდ დროდადრო ახერხებდა სტუმრად ოფიციალურ მატჩში გამარჯვებას: 1997 წელს თემურ ქეცბაიას ერთადერთი გოლით მოლდოვას მოვუგეთ გასვლით მატჩში, 2000 წელს ლიტვას ვაჯობეთ დიდი ანგარიშით (4:0, გოლები - თემურ ქეცბაია - 2, გიორგი ქინქლაძე, არჩილ არველაძე), 2005 წელს გიორგი დემეტრაძის დუბლით ყაზახეთს მოვუგეთ (2:1), 2006 წლის 16 აგვისტოს კი ფარერების კუნძულებთან გავიმარჯვეთ დღემდე სარეკორდო საგარეო ანგარიშით - 6:0!
იმ მატჩში შოთა არველაძემ ჰეთ თრიკი შეასრულა, დანარჩენი 3 გოლი კი... საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელმა ხელმძღვანელებმა გაიტანეს: ლევან კობიაშვილმა (პრეზიდენტი), დავით მუჯირმა (გენერალური მდივანი), ალექსანდრე იაშვილმა (პირველი ვიცე-პრეზიდენტი)...
ანუ ისე მოხდა, რომ ვიდრე სტუმრად გიბრალტარს დავამარცხებდით ნიკა გელაშვილის, თორნიკე ოქრიაშვილისა და ჯაბა კანკავას გოლებით, 8 (რვა!) წელიწადი ველოდით საქართველოს ნაკრებისგან ოფიციალურ მატჩში სტუმრად გამარჯვებას!
იმედი დავიტოვოთ, რომ 11 ივნისის მატჩში ვაისიც შეძლებს ოფიციალურ მატჩში პირველ მოგებას და რაც მთავარია, ძალიან გვინდა, რომ საქართველოს ნაკრებს ამჯერად უკვე მოგებათა სამმატჩიანი სერია ჰქონდეს!..
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"