ასე აღარ უნდა ვითამაშოთ!
ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველოს ნაკრები აღარასოდეს ითამაშებს ისე, როგორც ეს მატჩის პირველ ტაიმში გააკეთა! ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე ჩვენი გუნდი ვერაფერს უხერხებდა კუნძულელებს და ფლანგავდა ძალიან ბევრ საგოლე მომენტს. თანაც ისე, რომ ბურთი არა და არ ხვდებოდა სტუმართა კარის ჩარჩოში.გასაგებია, რომ ეს შემადგენლობა ერთად პირველად თამაშობდა, მაგრამ როგორი თერთმეტეულითაც უნდა იყოს მოედანზე ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდი, მას არამც და არამც არ ეპატიება თუნდაც ერთი ტაიმის "მშრალად" ჩატარება ისეთი დონის გუნდთან, როგორი მეტოქეც გუშინ გვყავდა.
რაც მთავარია, ჩანდა ერთგვარი ინფანტილურობა, შეტევაში არ იყო აგრესია... სწორედ ეს ორი მიზეზი გვგონია, ტაიმი გატანილი გოლების გარეშე რომ დასრულდა, თორემ მეტოქეს, ფეხბურთელი რასაც ჰქვია, მხოლოდ ორი ჰყავდა შემადგენლობაში და ორივე - ინგლისში გამობრძმედილი: სოიერსი და პანაიოტუ.
მეზობელო კარისაო...
მატჩის მე-17 წუთზე მოხდა ეპიზოდი, რომელმაც ყველას გული შეგვიქანა. სომეხმა არბიტრმა ზავენ ოჰანესიანმა სტუმრებს კუთხურიდან გატანილი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუუქმა. მოვახერხე იმ ეპიზოდის რამდენჯერმე ნახვა და, რბილად რომ ვთქვათ, კითხვები ჩნდება.ვინ ოხერს ეწყინებოდა იმ გოლის გაუქმება, მაგრამ... მეორე მხრივ, თუ იქ თამაშის წესი არ დარღვეულა, საქართველოს ნაკრების დაცვაში იყო აშკარა შეცდომა და ის აუცილებლად მოითხოვს გამოსწორებას, რათა, ვთქვათ, კიშინიოვში აღარ განმეორდეს ანალოგიური რამ.
გიორგი არაბიძე რომ წაიქცა მეტოქის საჯარიმოში თუ ზედ საჯარიმოს ხაზზე, ესეც საკამათო ეპიზოდი იყო. რა თქმა უნდა, პენალტის დანიშვნაც (მით უმეტეს - გოლი) გაგვიხარდა, მაგრამ საკითხავია, მოგვცემენ ასეთ თერთმეტმეტრიანს ოფიციალურ შეხვედრებში?
მოკლედ, ზავენ ოჰანესიანმა ქართველთა გადასახედიდან ფრიადზე იმსაჯა, სენტკიტსელებისგან კი გულისწყრომა დაიმსახურა...
საუკეთესო
კარგად გვახსოვს ლატვიის განადგურება, მაგრამ, ჩემი აზრით, სამწვრთნელო კუთხით თუ ავიღებთ და ერთი წამით მეტოქის რეალურ ძალას დავივიწყებთ, ეს იყო ვლადიმირ ვაისის საუკეთესო მატჩი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.მეორე ტაიმში მის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა თამაში მოიგო. რა თქმა უნდა, უსუსური მეტოქე თამაშის ბოლომდე მაინც გატყდებოდა, მაგრამ სლოვაკი მწვრთნელის მიერ განხორციელებულმა შეცვლებმა პროცესი აშკარად დააჩქარა.
საკმარისია, აღინიშნოს, რომ სამივე გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა შეაგდეს, ერთმა მათგანმა კი დუბლიც შეასრულა.
ჯოკერი
გიორგი არაბიძემ გუშინ ისე ითამაშა, ნაკრებში გამოცდილ, ბევრისმნახველ ოსტატს რომ შეჰფერის. მისი თამაშის ნახვა ერთი სიამოვნება იყო თუნდაც სუსტი მეტოქის ფონზე. გიორგის მიერ გატანილი ჯარიმა ხომ სულაც ულამაზესი იყო. მანვე ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოიპოვა 11-მეტრიანი და გარკვეული მონაწილეობა მიიღო მესამე გოლშიც, რომელიც ლადო დვალიშვილმა გაიტანა.ეს უკანასკნელი და ბუბა დაუშვილი შესანიშნავად ჩაერთნენ თამაშში. განსაკუთრებით შესამჩნევი იყო დაუშვილი, რომელიც, ტრადიციულად, თავს არ ზოგავდა და, გარდა იმისა, რომ ყველა ბურთზე იბრძოდა, მოწინააღმდეგის კარსაც არაერთხელ დაემუქრა. მისთვის ხომ არ არსებობს პირველი და მეორეხარისხოვანი მეტოქე...
ვერ დავეთანხმებით ვაისს - არაბიძე თუ მზად არ არის 90 წუთის სათამაშოდ, მაშ, სხვები როგორღა არიან მზად? კი ბატონო, "შახტარის" შემტევი პატარაა ასაკით, მაგრამ (არ ვადარებ) კილიან მბაპეც არ გახლავთ თუნდაც საშუალო ასაკის...
უბრალოდ, დღეს საქართველოს ნაკრებს ძირითადში მოთამაშე არაბიძე სჭირდება. ჩვენ კი იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ფეხბურთელის პასპორტში ვიყუროთ. ნაკრებში იმან უნდა ითამაშოს, ვინც კონკრეტულ მომენტში უკეთეს ფორმაშია.
შესანიშნავი მერებაშვილი
ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც პირველიდან ბოლო წუთამდე არ გაჩერებულა, ნაკრებში დაბრუნებული გიორგი მერებაშვილი იყო. მან პირდაპირ გააწამა მოწინააღმდეგის მცველები, ძალიან ბევრი იშრომა ორივე ფლანგზე და ვაისს დაანახა, რომ შეუძლია, ნაკრებისთვის სასარგებლო ფეხბურთელი იყოს.ოღონდ, ძალიან საწყენია, რომ მერებაშვილის შესანიშნავი გარჯა გოლით არ დაგვირგვინდა. თუნდაც, მატჩის ბოლოს მის მიერ შესრულებული ულამაზესი "მაკრატელა" რად ღირს?!
შესანიშნავი მატჩის მიუხედავად, მერებაშვილის მისამართით საყვედურიც უნდა გავურიო - მატჩის ბოლოს, როცა უკვე ყველაფერი გარკვეული იყო, ის რიგ ეპიზოდებში ზედმეტად იღებდა თამაშს საკუთარ თავზე. გასაგებია, რომ გოლის გატანა სურდა და ამით ბევრი არაფერი დაშავებულა, მაგრამ ბალანსი ამ შემთხვევაშიც უნდა იყოს დაცული.
რამ შეგვაშფოთა?
საგოლე მომენტების გამოუყენებლობას რომ თავი დავანებოთ, ამ შეხვედრაში იყო რამდენიმე ტენდენცია, რომელმაც შეგვაშფოთა. უპირველეს ყოვლისა, ესაა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ვაკო ყაზაიშვილის ცუდი სათამაშო კონდიციები. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია საქართველოს ნაკრებისთვის, თუმცა ვერაფრით იქნებოდა ოპტიმალურ ფორმაში, რაკი ბოლო თვეების განმავლობაში თითქმის არ უთამაშია ფეხბურთი...მატჩის შემდეგ
- ვლადიმირ ვაისი: არაბიძეს 90 წუთს ჯერ ვერ ვანდობ
მატჩის სტენოგრამა
მატჩის დაწყებამდე გუნდებმა და მაყურებლებმა პატივი მიაგეს სერგო კუტივაძის ხსოვნას...
2' - კვეკვესკირის დარტყმა სცდება სტუმართა კარს.
7' - ნავალოვსკის ჩაწოდების შემდეგ კაჭარავას შეეძლო გატანა, მაგრამ თავური არაზუსტად დაარტყა.
13' - კაჭარავამ ამჯერად მერებაშვილის ჩაწოდების შემდეგ ვერ გაიტანა.
17' - სტუმართა კუთხურის შემდეგ არბიტრმა არ ჩათვალა სტუმრების მიერ გატანილი გოლი.
19' - მერებაშვილის კარგი პასის შემდეგ კარის წინ მარტო დარჩენილმა არაბულმა ვერ გაიტანა.
20' - კაჭარავას პასი და ყაზაიშვილის დარტყმა. მცველმა ბურთი კარში არ შეუშვა.
27' - ყაზაიშვილის დარტყმა შემობრუნებით და მეკარე ჯეფერსი ადგილზეა.
38' - კაკაბაძის პასის შემდეგ არაბულმა თავური ააცილა.
45' - კვეკვესკირმა კარიდან გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. ხარიხა.
48' - ტაბიძის შეცდომის შემდეგ პანაიოტუმ შესანიშნავი შანსი გააცუდა.
50' - გოლი! არაბიძემ ჯარიმიდან ბურთი "ცოცხალ კედელს" გადაატარა და პირდაპირ "ცხრიანში" გაახვია - 1:0!
54' - მერებაშვილის რეიდი და არაბიძის დარტყმა. მეკარე ადგილზეა.
56' - დაუშვილმა კაშიას პასი ვერ გამოიყენა.
62' - მეკარესთან თითქმის პირისპირ გასულმა ყაზაიშვილმა სტუმართა გოლკიპერს ვერ აჯობა.
64' - არაბიძის ძლიერი დარტყმა და ისევ მეკარე.
72' - გოლი! არაბიძის რეიდი. მან ერთი მცველი გააბითურა, მეორემ კი ვარდნაში წააქცია. თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა ეპიზოდის გმირმა - 2:0!
80' - გოლი! ქართველთა სამსვლიანი კომბინაცია. არაბიძემ კაშიას გაატანა ბურთი, ამან კი დვალიშვილი მონახა, ვინც მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 3:0!
86' - მერებაშვილის დარტყმა და მეკარე ადგილზეა.
90' - მერებაშვილის ულამაზესი "მაკრატელა" და ჯეფერსმა თავისიანები ერთხელაც გადაარჩინა.
ამხანაგური მატჩი
07.06. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო-სტ.კიტსი და ნევისი 3:0
გოლები: 1:0 არაბიძე (50), 2:0 არაბიძე (72-პენ), 3:0 დვალიშვილი (80)
საქართველო (4-2-3-1): მაკარიძე - კაკაბაძე (73. კვირკველია), კაშია, ტაბიძე, ნავალოვსკი (77. შერგელაშვილი) - კანკავა, კვეკვესკირი (46. დაუშვილი) - მერებაშვილი, არაბული (46. არაბიძე), ყაზაიშვილი (67. დვალიშვილი) - კაჭარავა (67. ლობჯანიძე).
სათადარიგოები: კვასხვაძე, მიგინეიშვილი, ჯიღაური
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
სტ. კიტსი და ნევისი (4-5-1): ჯეფერსი - ჯასტი (88. ნოტინგემი), უორთონი, მეინარდი, როჯერსი (56. ამორი) - სოიერსი, ლედერი, სომერსოლი (75. სტერლინგი), სპრინგერი, თომასი (68. უილიამსი) - პანაიოტუ (88. ჰეზელი).
სათადარიგოები: ლესკოტი, ნოტინგემი, ჰენლი, ოლაჰინი, ბერტი
მწვრთნელი: ჟაკ პასი
გაფრთხილება: სოიერსი (56), ვილიამსი (85)
არბიტრი: ზ. ოჰანესიანი (სომხეთი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რაგბში გუშინ განადგურდნენ და საღოლ ბიჭების ძახილით იმშვიდებენ თავს და აქ მოგებაზეც დასცინიან
ამდენი მრავმირებულის ფონზე კიდევ კარგათ ითამაშეს
წარმატებები მოლდოვაში