პოლონეთი-საქართველო 1:0 - გაორებული შთაბეჭდილება [PHOTO]

AutoSharing Option
რამდენიმე თვის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების წაუგებელი სერიით ვამაყობდით, ახლა კი თავმოსაწონი ბევრი აღარაფერი გვაქვს - ჩვენი ქვეყნის უმთავრესმა საფეხბურთო გუნდმა ზედიზედ მესამე თამაში წააგო.

მარცხი ამჯერად ამხანაგურ მატჩში განვიცადეთ, რაც არასდროსაა ტრაგედია, მაგრამ მაინც უსიამოვნოა, როცა აგებ გუნდთან, რომელიც შენზე მაინცდამაინც უკეთესი არ არის და თანაც, ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე კარგ შანსს გაუშვებ ხელიდან.

კარგი კი ის არის, რომ საქართველოს ნაკრებმა გაგვახსენა, შეტევაც რომ შეუძლია. სპლიტური შეხვედრისგან განსხვავებით, თემურ ქეცბაიამ ძირითად შემადგენლობაში არაერთი შემტევი ყაიდის ფეხბურთელი გაამწესა და იმის მიუხედავად,
რომ არცთუ მტკიცე პოლონური დაცვის დაჯაბნას ხშირად ვერ ვახერხებდით, მაინც გამოჩნდა, რომ საჭიროების შემთხვევაში წინ წასვლაც შეგვიძლია.

თანაც, ჯანო ანანიძისა და კიდევ რამდენიმე მოთამაშის არყოფნაში ლიუბინში ჩვენი შემტევი პოტენციალი სრულად ვერც წარმოჩნდებოდა.

Sportall.Ge

კარგია ისიც, რომ ქეცბაია თამამად ენდო ახალწვეულებს და ორი მათგანი პირდაპირ ძირითდში ჩართო. შოთა გრიგალაშვილს ნაკრებში კლაუს ტოპმიოლერის დროს კი უთამაშია, მაგრამ დღევანდელი ფორმაციის ნაკრებისთვის მაინც ახალი ფიგურაა და არაერთი გამოსაცდელისგან განსხვავებით, რომლებიც წარმატებული საკლუბო კარიერის მიუხედავად, ნაკრებს ვერაფერში გამოადგნენ, დაგვანახვა, რომ ეროვნულ გუნდშიც ისევე თამამად და სასარგებლოდ შეუძლია იმოქმედოს, როგორც "ზესტაფონში";

არანაკლები ქების ღირსია გრიგალაშვილზე გაცილებით უმცროსი დავით თარგამაძე, რომელმაც სადებიუტო სანაკრებო მატჩში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, ითამაშა სრულიად შეუბოჭველად (ისევ და ისევ ქეცბაიას მიერ შანსმიცემული ბევრი ფეხბურთელისგან განსხვავებით) და დაამტკიცა, რომ ნაკრების შემტევი პოტენციალის გაძლიერება მასაც შეუძლია.

ამხანაგური შეხვედრის მთავარი მიზანი სწორედ ნაკრებისთვის გამოსადეგი კადრების აღმოჩენაა და ჩვენთვის ორი ასეთი მოთამაშის "პოვნა" ნამდვილად სახეირო ამბავია.

თუმცა მთავარი შედეგი, გუშინ რომ მივიღეთ, 0:1-ია, რამაც მატჩის ამხანაგური სტატუსისა და არცთუ ხელწამოსაკრავი მეტოქის მიუხედავად, ხასიათი მაინც წაგვიხდინა.

Sportall.Ge

ქართველებმა თამაში თამამად დაიწყეს და უკვე მე-3 წუთზე პოლონელთა საჯარიმოში შეჭრილი თარგამაძე დაეცა, თუმცა მსაჯმა სიმულაცია დააფიქსირა და დებიუტანტი პენალტის ნაცვლად გაფრთხილებას გამორჩა.

პირველი ტაიმის შუამდე მასპინძლებს გიორგი ლორია საერთოდ არ შეუწუხებიათ, სამაგიეროდ, კახა კალაძის შორეული დარტყმა ვოიცეხ შჩესნიმ გაანეიტრალა, ხელსაყრელ პოზიციაში მდგომმა ოთარ მარცვალაძემ კი ბურთს ფეხი კარგად ვერ მოუმარჯვა.

ტაიმის დასკვნითი ნაწილი პოლონელებმა აღმავლობით ჩაატარეს. მეირჟეჩევსკის ძლიერი დარტყმა ქართველთა კარის ხარიხას გაეხახუნა, ლორიას შეცდომის შემდეგ კი ალექსანდრე ამისულაშვილმა გვიხსნა.

35-ე წუთზე გრიგალაშვილმა თარგამაძე მეკარეს პირისპირ შეატოვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა დროულად ვერ დაარტყა. დაუწერელი საფეხბურთო კანონი დაუყოვნებლივ ამოქმედდა, რობერტ ლევანდოვსკიმ საუცხოო პასით ჩვენი ცენტრალური მცველები სახტად დატოვა და იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ თავისიანები დააწინაურა.

ორივე მწვრთნელმა ცვლილებას არაერთხელ მიმართა, თუმცა ტემპი დიდად არ შეცვლილა. პოლონელებსაც და ქართველებსაც ტექნიკური წუნი ჰქონდათ, თამაში კი საშუალოზე დაბალ ტემპში გაგრძელდა.

ვერ ვიტყვით, რომ შეცვლაზე შესულთაგან რომელიმემ ჩვენი ნაკრები განსაკუთრებით გააძლიერა, მაგრამ უშანსოდ მაინც არ ვყოფილვართ. ყველაზე დასანანი ეპიზოდი 61-ე წუთზე იყო, როცა თარგამაძის გადაცემით მარცვალაძე შჩესნისთან პირისპირ გავიდა და ლონდონის "არსენალის" მეკარეს ვერ აჯობა.

Sportall.Ge

პოლონელებს შესატევად თავი აღარ გამოუდიათ, ქართველებს კი მათ საჯარიმოში შეღწევა კვლავაც უჭირდათ. ბოლო მეტ-ნაკლებად რეალური მომენტი შეცვლაზე შესულ დავით კვირკველიას ჰქონდა - შჩესნი მის დარტყმულსაც გაუმკლავდა.

ასე დასრულდა გუშინდელი საღამო, რომელმაც გაორებული შთაბეჭდილება დაგვიტოვა - კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ჩვენს ნაკრებს სრულყოფილებამდე ძალიან ბევრი უკლია და ამავდროულად, წინსვლის გარკვეული იმედიც დაგვიტოვა.

ეს მაინც ამხანაგური იყო, მკაფიო დასკვნების გაკეთება, სჯობს, შემოდგომისთვის გადავდოთ...

ამხანაგური მატჩი
10.08. ლიუბინი. დიალოგ არენა. 5 000 მაყურებელი
პოლონეთი-საქართველო 1:0
1:0 ბლაშჩიკოვსკი (36)

პოლონეთი საქართველო
4-2-3-1 4-2-3-1

შჩესნი ლორია
ვოიტკოვიჩი ლობჟანიძე
იოდლოვიცი ხუბუტია
გლოვაცკი ამისულაშვილი
ვავრინიაკი კალაძე
მურავსკი კანკავა
პოლანსკი კობიაშვილი
ბლაშჩიკოვსკი გრიგალაშვილი
მეირჟეჩევსკი თარგამაძე
ობრანიაკი მარცვალაძე
რ. ლევანდოვსკი დვალიშვილი

მწვრთნელები
ფ. სმუდა თ. ქეცბაია

პოლონეთი
60. ლევანდოვსკი - ბროჟეკი
60. მეირჟეჩევსკი - პეშკო
75. პოლანსკი - დუდკა
79. ობრანიაკი - პავლოვსკი
85. მურავსკი - მატუშიკი
90. ბლაშჩიკოვსკი - რიბუსი
სათადარიგოები: სანდომიერსკი, რჟეჟნიჩაკი, ვოლაკიევიჩი

საქართველო
46. ამისულაშვილი - გრიგალავა
46. დვალიშვილი - გურული
62. გრიგალაშვილი - გ. კაშია
62. მარცვალაძე - ვაწაძე
73. კანკავა - დაუშვილი
81. კობიაშვილი - კვირკველია
სათადარიგოები: მამალაძე, ალადაშვილი

გაფრთხილება: თარგამაძე (3), კობიაშვილი (74), ბლაშჩიკოვსკი (90)

არბიტრი: ა. შანდორი (უკრაინა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ხალხო კარგით რა მართლა და მართლა,ნუ ითხოვთ ამდენს.......არ გვყავს ფეხბურთელები...ვერ ნახეთ რო მეორე შემადგენლობით ათამაშა ქეცბამ ნაკრები....არც ყენია გყავს არც მჭედლიძე არც ანანიძე გყავდა არც რევიშვილი არც გოგუა არც სირადძე.....თუ ეგრეა მიდი დადექით და თქვენ ითამაშეთ ვააა.......
georgia_team
22:04 14-08-2011
0
სხვისი არ ვიცი, მე კი ამ თამაშმა უფრო მეტი კარგი დამანახა, ვიდრე უარყოფითი.ერთი არ მესმის,ნუთუ ვერ ხედავს ქეცბა,რომ დაუშვილი ,გურული და ვაწაძე ვერ არიან სანაკრებო დონის ფეხბურთელები?ან რამდენი 19-21 წლის ფეხბურტელი თამაშობს გერმანიის ან ბრაზილიის ნაკრებში?ჩამოთვლილი ნაკლებადპერსპექტიული ფეხბურთელების ყოლას არ ჯობია ახალგაზრდული ნაკრებიდან ნამდვილად პერსპექტიული ბიჭების წარმოჩენა?...მგონი ოქრიაშვილი, თარხნიშვილი და კიდევ რამოდენიმე ბიჭი უფრო დიდი სარგებლობის მომტანი იქნება(ტუნდაც პერსპექტივის თვალსაზრისით), ვიდრე უკვე ცნობილი მუხრუჭების.
oldcoyot
18:23 11-08-2011
0

სიახლეები პოპულარული