ლუის ფერნანდესი: აქ ერთი ისეთი ფოტო ვნახე...

AutoSharing Option
ლუის ფერნანდესი - ჩვენი ძველი ნაცნობი, ფრანგული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი და დღესდღეობით ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელი... იქვე იმყოფებოდა ასევე ძველი ნაცნობი... გიორგი დარასელია - ქუთაისის "ტორპედოს", "სამტრედიას", ფოთის "კოლხეთის" ყოფილი ნახევარმცველი და ბომბარდირი (!) წლების განმავლობაში ისრაელში თამაშობდა და თან - წარმატებითაც. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რამდენჯერმე ნათამაშები დარასელია დღესდღეობით ჰაიფას "მაკაბის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს, გუშინ კი პრესკონფერენციაზე თარჯიმნობაც შეითავსა და აი, ასე - რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ქართველი ჟურნალისტების წინაშე... ლუის ფერნანდესთან ერთად წარდგა.

პრესკონფერენციას ქართველთან
ერთად, ებრაელი ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ, მკითხველს კი მეტ-ნაკლებად საინტერესო კითხვა-პასუხს შემოგთავაზებთ. ერთს კი წინასწარ ვიტყვით: ისე როგორც 12 წლის წინათ, ლუის ფერნანდესი კვლავაც მხოლოდ დადებითი კუთხით წარმოჩინდა. ბევრი უცხოელი (თან - სახელ-გვარიანი) მწვრთნელი ჩამოსულა თბილისში და უმეტესობისგან "ზემოდან ყურება" გვიგრძვნია, რასაც ფერნანდესზე (თავის დროზე სერიოზული დონის ფეხბურთელზე და არცთუ ურიგო მწვრთნელზე) ნამდვილად ვერ ვიტყვით...

- საქართველოს ნაკრებზე რა ინფორმაციას ფლობთ?
- ვიდრე ისრაელის ნაკრებში დავინიშნებოდი, საქართველოს ნაკრებზე და ზოგადად, ქართულ ფეხბურთზე ადრეც ბევრი მსმენია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ქართველი ფეხბურთელები ევროპის ცნობილ კლუბებში თამაშობენ. ამას გარდა, მხოლოდ კარგი მსმენია საქართველოს ნაკრების მწვრთნელზე - თემურ ქეცბაიაზე.

- საბერძნეთი-საქართველოს შეხვედრის ვიდეოფირს საგულდაგულოდ გაარჩევდით...
- არამხოლოდ ეს მატჩი, არამედ საქართველოს ნაკრების წინა სამი ამხანაგური შეხვედრებიც ვნახე. კიდევ ვიმეორებ: ძალიან კარგი ფეხბურთელები გყავთ, უმეტესობა რუსეთში ასპარეზობს; ისიც ვიცი, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდი ისრაელის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში, ჰაიფას "მაქაბიში" თამაშობს. სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელების გვარების გამოთქმა მიჭირს და ამაზე უნდა მომიტევოთ...

- შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ამ ჯგუფის ფავორიტებად საბერძნეთსა და ხორვატიას ასახელებდნენ...
- გეთანხმებით, ბევრი მართლაც ასე ფიქრობდა, თუმცა იმავე საბერძნეთი-საქართველოს მატჩის შედეგმა ყველას დაგვანახა, რომ საქართველოს ნაკრებს რეალურად შეუძლია ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებისათვის იბრძოლოს.

- ისრაელის ნაკრებს თბილისში არ ჩამოჰყვა გუნდის ლიდერი და კაპიტანი იოსი ბენაიუნი...
- ბენაიუნი გუნდთან ერთად არ ჩამოსულა; უბრალოდ, თბილისში გამომგზავრების წინ, ბოლო ვარჯიშის მერე გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში ცალკე ჩამოსულიყო. ანუ, აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ...

- თბილისში 12 წლის წინათ იმყოფებოდით, როცა ბილბაოს "ატლეტიკის" ხელმძღვანელობდით. ის მატჩი გახსოვთ?
- საპრესკონფერენციო დარბაზში შემოსულმა კედელზე გაკრული ფოტოების დათვალიერება დავიწყე თუ არა, მაშინვე ყურადღება მიიპყრო ერთმა სურათმა! რაღა თქმა უნდა, "დინამო"-"ატლეტიკის" მატჩის ფოტოა, მიხარია, რომ ასე უფრთხილდებით თქვენს ისტორიას. ის დაპირისპირება კი, მერწმუნეთ, ძალიან კარგად მახსოვს: ბოლოს და ბოლოს, "დინამოს" ბარიერის გადალახვის შედეგად ბილბაოს "ატლეტიკი" თავის ასწლოვან ისტორიაში პირველად და უკანასკნელად მოხვდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ჩემთვის, როგორც მწვრთნელისათვისაც დიდი მიღწევა იყო და მსურს, რომ ისრაელის ნაკრებშიც მსგავს წარმატებას მივაღწიო. კიდევ ერთხელ გულწრფელად გეუბნებით, რომ მიხარია, ქართველებს ფეხბურთისადმი ასეთ სიყვარული რომ გამოძრავებთ...


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული