თემურ ქეცბაია: ესპანეთთან და საფრანგეთთან შანსი არ გვაქვს!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ახლახან დასრულებული ევროპის ჩემპიონატის შთაბეჭდილებები ბელარუსულ გამოცემა "პრესბოლს" გაუზიარა.

ვფიქრობთ, ამ ინტერვიუს ფრაგმენტების გაცნობა დაგაინტერესებთ, რადგან ევროპის ჩემპიონატის პერიპეტიების გახსენების გარდა, ქეცბაიამ საკუთარი საფეხბურთო შეხედულებები და გეგმები გაამხილა.

"სენსაცია იყო ჰოლანდიის გამოვარდნა, რომელმაც ქულაც ვერ მოიპოვა. მათი მაგალითი ამტკიცებს, რომ შემადგენლობაში ძლიერი ფეხბურთელების ყოფნა კი არა, გუნდური თამაშია მთავარი.

...რუსეთის გამოვარდნა თუ გამიკვირდა? მეგონა, ჯგუფიდან გავიდოდა, მაგრამ საბერძნეთი არ დააფასეს.

კაცმა რომ თქვას, ჰოლანდიის გამოვარდნასთან შედარებით, არშავინისა და კომპანიის ფიასკო დიდი სენსაცია არც
არის. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰოლანდია მეორეზე გავიდა, რუსეთი კი ამ ტურნირში არც მონაწილეობდა.

ევრო 2012-ზე ესპანეთს ვგულშემატკივრობდი, რადგან ბოლო წლებში მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ისინი ბურთის ფლობაზე აკეთებენ აქცენტს და არც ისე შთამბეჭდავი თამაშის მიუხედავადაც, ფრანგები განსაკუთრებული მონდომების გარეშე მაინც დაამარცხეს. ამ კუთხით ესპანეთი-საფრანგეთი ჩემთვის ყველაზე საინტერესო შეხვედრა იყო, რადგან 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენი მეტოქეები არიან.

...ძალიანაც კარგი, ევრო 2016-ში, 16-ის ნაცვლად, 24 გუნდი რომ ითამაშებს. დაე, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის საშუალება სხვა ქვეყნებმაც მიიღონ. მაგრამ არ ვიცი, ტურნირი რა ფორმატით ჩატარდება. ასეთ შემთხვევაში, წესით, ჯგუფიდან ორი გუნდი პირდაპირ გავა, მესამეადგილოსნები კი საგზურისთვის პლეი ოფში იბრძოლებენ.

ვერ ვიტყვი, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველო უცებ ფავორიტად გადაიქცევა, მაგრამ ტოპ-ტურნირზე მოხვედრის მეტი შანსი გაგვიჩნდება.

...ჩვენ 2016 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის პერსპექტივით ვმუშაობთ და ახალგაზრდული გუნდის ჩამოყალიბებას ვცდილობთ. ეს მძიმე გზაა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. თუ რაიმეს გაკეთება გვსურს, დღეს თუ არა, ხვალ მაინც უნდა გავაკეთოთ და ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანების მხარდაჭერას ვგრძნობთ. თუმცა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლსაც არ ვივიწყებთ, რომელშიც ბელარუსსაც ვხვდებით.

...ბელარუსის ნაკრებში ბევრი საინტერესო ახალგაზრდაა. ბოლო წლებში თქვენი ფეხბურთი ვითარდება. ამაზე ევროთასებზე კლუბების გამოსვლა მიანიშნებს. უკვე რამდენიმე წელია, "ბატე" ჩემპიონთა და ევროპის ლიგების მუდმივი მონაწილეა. თქვენი ახალგაზრდული ნაკრებიც წარმატებით ასპარეზობდა. რადგან ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე გააღწია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ლონდონის ოლიმპიადაზე თამაშის უფლება მოიპოვა, ეს უკვე ბევრზე მეტყველებს. დონის ზრდა ეროვნულ გუნდსაც დაეტყო. თქვენს გუნდთან თამაში საინტერესო იქნება, მაგრამ რთული.

...გვაქვს თუ არა ჩვენ და ბელარუსს ესპანეთთან და საფრანგეთთან კონკურენციის შანსი? თუ საქმეს რეალურად შევხედავთ, ალბათ - არა. პირველ ორ ადგილს, ალბათ, გრანდები გაითამაშებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიბრძოლებთ. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ.

...ნაკრები სამი წლის წინ ჩავიბარე და იმ და დღევანდელ გუნდს შორის დიდი განსხვავებაა. ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ. ბევრია გაკეთებული, მაგრამ ქართველი მაყურებელი მომთხოვნია და გაცილებით მეტს ელის.

...მივლინებებში დიდ დროს ვატარებ. ხშირად დავდივარ უკრაინასა და რუსეთში, სადაც ბევრი ჩვენი ფეხბურთელი თამაშობს.

...ბელარუსში ისეთი ნაცნობი არც მყავს, რომელთანაც კონტაქტი მექნება. დიდი ხანია, თქვენთან არც ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, ვინ ვინ არის, ჩემპიონთა ლიგაში "ბატეს" გამოსვლებს თვალს ვადევნებ... თუმცა, მართალს ბრძანებთ, 2005 წელს ვიყავი, როდესაც "ანორთოსისმა", ჩემი ხელმძღვანელობით, მინსკის "დინამო" დაამარცხა", - ამბობს ქეცბაია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
"გვაქვს თუ არა ჩვენ და ბელარუსს ესპანეთთან და საფრანგეთთან კონკურენციის შანსი? თუ საქმეს რეალურად შევხედავთ, ალბათ - არა. პირველ ორ ადგილს, ალბათ, გრანდები გაითამაშებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიბრძოლებთ. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ". - მე მგონი ამ ნათქვამსა და "საერთოდ შანსი არ გვაქვს" შორის დიდი განსხვავებაა! ჟურნალისტებო, როდის ისწავლით კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გადმოცემას?!
Tornike
12:09 16-07-2012
0
Tornike გეთანხმები, აშკარად შეცდომითაა ინტერპრეტირებული რომ უფრო სკანდალური ჩანდეს სათაური.
რაც შეეხება შანსებს რათქმაუნდა არანაირიშანსი არ გვაქ ესპანეთი საფრანგეთის წინააღმდეგ! და ვინც იტყვის რომ 'მოსაგებად გავალთ' ან 'ბურთი მრგვალია' და ეგეთი სიდებილეები ეგეთი ადამიანი ან თვითონაა დამუხრუჭებული ან ხალხს ატყუებს როგორც აქამდე ხდებოდა ხოლმე.
goderdzi bicho
12:22 16-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული