გიორგი ჭიაბრიშვილი: საქართველოს ნაკრებმა სავსე სტადიონი დაიმსახურა

AutoSharing Option
საქართველო-ესპანეთის მატჩის შეფასება "ზესტაფონის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს ვთხოვეთ.

მისი მოსაზრება მკითხველისთვის უინტერესო არ უნდა იყოს.

"ეს იყო ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად სწორად დაგეგმილი და ორგანიზებული თამაში, რაც თემურ ქეცბაიასა და საქართველოს ნაკრების მთლიანი სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა.

შეიძლება, სხვა მწვრთნელს ესპანეთისთვის სხვა ტაქტიკა დაეპირისპირებინა, მაგრამ ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ქეცბაიამ გააკეთა ის, რაც ყველაზე სწორი იქნებოდა.

საქართველოს ნაკრებმა დაცვაში ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა, ბევრი იშრომა, საქმეში მთელი ჟინი და ძალისხმევა ჩადო და სულ ცოტა დააკლდა დადებით შედეგამდე.

მთელი მატჩის განმავლობაში
უბურთოდ თამაში ძალიან ძნელია და შეხვედრის მიწურულს ესპანელებმა ჩვენს საჯარიმოში მაინც იპოვეს სიცარიელე.

დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრები მხოლოდ გრანდებთან კი არა, სხვა ნებისმიერ მეტოქესთან დაპირისპირებისას შეძლებს ასე ბრძოლას. თუ ბიჭებმა ეს მალე მოახერხეს, ჩვენი ეროვნული გუნდი დღევანდელზე გაცილებით წარმატებული იქნება",
- გვითხრა ჭიაბრიშვილმა.

შეეძლო თუ არა საქართველოს ნაკრებს ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ფრის მიღწევა? ჭიაბრიშვილი ფიქრობს, რომ მეტი გამართლების შემთხვევაში, ფრე კი არა, გამარჯვებაც შეგვეძლო.

"ალექსანდრე ამისულაშვილის დარტყმა ოდნავ უფრო ზუსტი რომ გამოსულიყო და ბურთი ძელის მაგივრად კარში აღმოჩენილიყო, ესპანელები მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩავარდებოდნენ და ან გაიტანდნენ საპასუხო გოლს და ან - არა.

ძალიან მომეწონა, როცა ჩვენი ფეხბურთელები 0:1-ზეც არ გატყდნენ და მატჩის მიწურულს ანგარიშის გათანაბრების შანსიც კი ჰქონდათ".

ფაქტია, რომ ესპანეთმა ვერ ითამაშა იმ დონის ფეხბურთი, როგორსაც მისგან ვართ ჩვეულნი. ჭიაბრიშვილი მიიჩნევს, რომ მრისხანე მეტოქეს საუკეთესო თვისებების წარმოჩენის საშუალება ქართველებმა არ მისცეს.

ჭიაბრიშვილმა საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ლორია გამოჰყო, თუმცა მიაჩნია, რომ მთელმა ჩვენმა გუნდმა მაღალ დონეზე ითამაშა.

ესპანეთის ნაკრებიდან ჩავი-ინიესტას დუეტი გამოარჩია, მეტოქის შემადგენლობიდან მისი ერთ-ერთი რჩეული ფეხბურთელი კი, ზოგადად, სანტი კასორლაა.

რაც შეეხება გოლის ეპიზოდს:
"ესპანელებმა ძალიან ეფექტური კომბინაცია გაითამაშეს და ჩვენი დაცვის მცირედი უზუსტობით ისარგებლეს. ეს გუნდი მცირე შეცდომასაც კი არავის პატიობს. სამწუხაროდ, მეტოქის მოძალებას ბოლომდე ვერ გავუძელით".

ჭიაბრიშვილი არ იზიარებს გავრცელებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ნაკრებს მაღალი დონის შემსრულებლების, განსაკუთრებით კი, შემტევების პრობლემა აქვს. მისი აზრით, ახალი თაობა საკმარისად ნიჭიერია იმისთვის, რომ ახლო მომავალში ეროვნულ ნაკრებს სარგებლობა მოუტანოს, შეტევაში წარმატებით თამაშს კი ქართველები აუცილებლად შეძლებენ.

გიორგის აზრით, ნაკრები სწორ გზას ადგას და სწორი განვითარების შემთხვევაში, ახლო მომავალში იმ დონეს მიაღწევს, რომ წილისყრის შედეგების მიუხედავად, რეალურად შეეძლება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლა. ამ ჯგუფში კი ჭიაბრიშვილს კარგ შედეგად მესამე ადგილის დაკავება მიაჩნია, თუმცა შესარჩევი ტურნირის სტარტი უფრო მაღალი მიზნისთვის ბრძოლის შანსსაც გვიტოვებს.

"გასაოცარი იყო სტადიონზე შექმნილი გარემო. გადაჭედილმა ტრიბუნებმა ჩვენს ფეხბურთელებს ფრთები შეასხა და მეტოქეზეც დიდი ზეწოლა მოახდინა. საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ სავსე სტადიონს იმსახურებს და იმედია, ქომაგობა არც მომავალში მოაკლდება",
- ამბობს ჭიაბრიშვილი.

იგი მოხარულია, რომ მისი ყოფილი შეგირდები - მურთაზ დაუშვილი, როინ კვასხვაძე და თორნიკე გორგიაშვილი ეროვნული ნაკრების წევრები არიან და იმედოვნებს, რომ იქ "ზესტაფონის" სხვა ფეხბურთელებიც დამკვიდრდებიან.

"დაუშვილი არ იცვლება - 90 წუთის განმავლობაში დაუღლელად იბრძვის. გორგიაშვილი უზომოდ დიდი პოტენციალის ნახევარმცველია და მოხარული ვარ, ქეცბაია რომ ენდობა. კვასხვაძის სანაკრებო დებიუტით ძალიან გახარებული ვარ და მჯერა, პირველი ნომრობისთვის ბოლომდე იბრძოლებს".

ჭიაბრიშვილის აზრით, საქართველოს ნაკრებისთვის ამ ციკლში მესამე ადგილი მისაღები შედეგი იქნება, თუმცა მეორეობისთვის ბრძოლის პოტენციალიც აქვს იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბრის ორ გასვლით მატჩში დადებით მაჩვენებლებს მიაღწევს - ფინურ და ბელორუსულ გასვლებში ჯამში ოთხი ქულა მშვენიერი შედეგი იქნებოდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შოთა არველაძე: თუ ბურთს შევინარჩუნებთ, თამაშიც გვექნება
ოთარ გაბელია: გიორგი ლორია უცხოურ კლუბში უნდა წავიდეს
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
Eს ლამაზ პეხბურტ გადაჰწა
Rgty
14:54 13-09-2012
0

სიახლეები პოპულარული