ირაკლი სირბილაძე: არ მოტყუვდეთ, ფინეთის ნაკრებთან მძიმე თამაში გველის!

AutoSharing Option
ფინელ ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგად, ამ ქვეყნის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელი ირაკლი სირბილაძეა, - იუწყება ფინეთის უმაღლესი ლიგის (ვეკაუსლიგის) ოფიციალური ვებგვერდი www.veikkausliga.com.

ტურკუს "ინტერისა" და საქართველოს ნაკრების ფორვარდმა სექტემბერში ხუთი შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა: დუბლი შეასრულა ვპს-თან და ტპს-სთან შეხვედრებში, პლუს ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

29 ტურის შემდეგ სირბილაძის "ინტერი" ლიდერ ჰიკ-ს ერთი ქულით ჩამორჩება, თუმცა გუნდს ერთი თამაში მარაგში აქვს და გადასწრების შანსი გააჩნია.

30 წლის ქართველი თავდამსხმელი კი 15 გოლით ვეიკაუსლიგას ბომბარდირთა დავას ლიდერობს და ორ უახლოეს კონკურენტს
ერთბურთიანი უპირატესობით უსწრებს.

ირაკლი სირბილაძეს დავუკავშირდით და მედიის აღიარებაზე, აგრეთვე, ფინეთის ნაკრებზე ველაპარაკეთ - შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი 12 ოქტომბერს ჰელსინკს ესტუმრება და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

- გილოცავ თვის ფეხბურთელობას. ეს სექტემბერი შენს კარიერაში ყველაზე წარმატებული გამოდგა.
- მართლაც ასე იყო. თუ ჩემს გოლებს და თამაშებს შევხედავთ, არ დავმალავ, რომ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება მოულოდნელიც არ ყოფილა.

რა თქმა უნდა, ფინეთის ჩემპიონატში ჟურნალისტების აღიარება ჩემთვის სასიხარულო იყო, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერება ნაკრებში ჩატარებულმა ორმა შეხვედრამ მომანიჭა - მართალია, ბელორუსთან და ესპანეთთან შეცვლაზე ვითამაშე, მაგრამ ჩემთვის ესეც დიდი სიხარული იყო. მით უფრო, რომ სექტემბერში ნაკრების თამაშებმა ხალხს იმედი დაუბრუნა.

- შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფინელ ჟურნალისტთა აღიარება დამატებით ნაკრებში შენმა თამაშმაც განაპირობა?
- ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ ნაკრებმა პირადად ჩემზე ძალიან კარგად იმოქმედა, ძველზე გაცილებით მეტი სტიმული გამიჩნდა. ახლა უფრო მინდა, რომ უკეთ გამოვიყურებოდე, თამაშს მოვუმატო და რაც შეიძლება მეტი გავიტანო.

- მოახლოვდა მსოფლიოს შესარჩევის მატჩი ფინეთთან. 12 ოქტომბრის შეხვედრაზე რას იტყვი?
- ამ შეხვედრას ფინეთშიც დიდი ინტერესით ელიან. ვფიქრობ, ძალიან რთული თამაში იქნება. ამათი ნაკრები გრანდი არ არის, მაგრამ ამით არავინ მოტყუვდეს და არ იფიქროს, რომ ადვილი თამაში იქნება.

ფინელებმა საფრანგეთთან დაამტკიცეს, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ. ასე რომ, სერიოზული ბრძოლა გველის, მაგრამ იმედია, სასურველ შედეგს მივაღწევთ.

- მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე რას გვეტყოდი?
- ფინელების ძლიერ და სუსტ მხარეებზე დეტალურად არ შემიძლია ვილაპარაკო, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, ფაქტობრივად, ახალი გუნდის ჩამოყალიბება დაიწყეს და ამ ახალი გუნდის ბევრი თამაში არც მინახავს; მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან სწრაფად და ორგანიზებულად იწყებენ კონტრშეტევებს.

ფიზიკურად კარგად მომზადებული და მებრძოლები რომ არიან, ეს არავის გაუკვირდება - ეს ფინეთის ნაკრების სავიზიტო ბარათია. მაგრამ ბევრისთვის მოულოდნელი იქნება, რასაც ახლა ვიტყვი - საკმაოდ ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ.

ფინეთის ჩემპიონატში ნაკრების მხოლოდ ორი მოთამაშე გამოდის, ყველა დანარჩენი ლეგიონერია. კარგი ფეხბურთელები არიან, კარგ გუნდებში თამაშობენ და ბურთიც საკმაოდ კარგად იციან.

- შენი აზრით, ფინეთს რა ფეხბურთი უნდა დავუპირისპიროთ?
- როგორც ბელორუსთან და ესპანეთთან ვიბრძოლეთ, ასევე უნდა ვითამაშოთ ფინეთთან და ყველა სხვა მეტოქესთან, სასურველ შედეგს რომ მივაღწიოთ.

ბოლოს, მინდა ყველას არჩევნებში გამარჯვება მივულოცო. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო მალე ის ქვეყანა გახდება, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრების შთამბეჭდავი წინსვლა ფიფას რეიტინგში
თემურ ქეცბაიამ ნაკრებში ლევან ყენია დააბრუნა
ირაკლი სირბილაძე: დროა, მთელი საქართველო გამოვიდეს და ფეხზე დადგეს სამართლის დასაცავად
ირაკლი სირბილაძე: არ ვიცი, თემურ ქეცბაიას მადლობა როგორ გადავუხადო
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული