თემურ ქეცბაიას ექსკლუზივი - დაცვა, დაცვა და ისევ დაცვა!

AutoSharing Option
ჟამი ჩვენი მღელვარებისა, როგორც იქნა, უკან მოვიტოვეთ. სექტემბერი არ იყო მხოლოდ პოლიტიკური მღელვარების თვე; ეროვნულმა ნაკრებმა ორი შეხვედრა გამართა ახალ შესარჩევში და ოქტომბერში ერთ ამდენს კიდევ ითამაშებს, ოღონდაც ახლა ორივე თამაში სტუმრად გვაქვს - 12 ოქტემბერს ფინეთთან და ოთხი დღის შემდეგ ბელორუსთან.

თემურ ქეცბაიამ ამ მატჩებისთვის გამოძახებულთა სია უკვე გამოამზეურა (იხილეთ ვრცლად). ქეცბაიამ უხმო ლევან ყენიას და ცხადია, რომ ამით თანამშრომლობის ხელი გაუწოდა მომდურებულ ფეხბურთელს.

ყენიამ ცხელ გულზე თქვა, სანამ ქეცბაია იქნება ნაკრების მწვრთნელი, იქ მე არ ვითამაშებო (იხილეთ ვრცლად).

ქეცბაიამ
ის მაინც გამოიძახა. მწვრთნელი ნდობას რომ უცხადებს მოთამაშეს, კარგი საქმეა და ქეცბაიაც ასე მოიქცა.

ქეცბაიას ყენია სჭირდება, რადგან საქართველოს ამ ნაკრებს ძალიან უჭირს ბურთის შენარჩუნება; ყოველ შემთხვევაში, ბელორუსთან და ესპანეთთან ასე იყო. მცველები არც კი ცდილობდნენ ბურთის გაგორებით ამოტანას, გრძელ პასს აკეთებდნენ წინ ლევან მჭედლიძის ან თორნიკე ოქრიაშვილის მისამართით.

საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს ისეთი საყრდენი ნახევარმცველები, ბრძოლის და ზონების გადაკეტვის გარდა, ბურთის დამორჩილება-შენარჩუნებაც კარგად რომ შეუძლიათ.

დაცვას თუ გადავხედავთ, ყველაზე ტექნიკური მცველი, ალბათ, ზურაბ ხიზანიშვილია, თუმცა წინ წასვლა მისი სტილში მაინცდამაინც არ ჯდება.

განაპირა მცველებს რაც შეეხებათ, უჩა ლობჟანიძემ და დავით კვირკველიამ ურიგოდ როდი წარმოაჩინეს თავი ესპანეთთან, თუმცა ნაკრებში მათი ფლანგური გარღვევები ნაკლებად გვახსოვს.

ბურთი ჯანო ანანიძემ უნდა შეინარჩუნოს - აქამდე ასეთად ჩანდა ქეცბაიას ჩანაფიქრი. ანანიძეს ტექნიკა და სხარტი გონება აქვს, მაგრამ ჩია აღნაგობა მაინც ურთულებს ზორბა შუახაზელებთან მეტოქეობას.

ისიცაა, რომ მხოლოდ ანანიძის იმედად ვერ იქნება გუნდი, როცა გამუდმებით იგერიებს იერიშებს და ბურთის დაჭერით ამოსუნთქვა ძალიან სჭირდება.

ბურთის შენარჩუნება და გუნდის ამოყვანა ცენტრფორვარდსაც შეუძლია. ლევან მჭედლიძეს ეს გაუჭირდა ბელორუსთან და ესპანეთთან, თუმცა საერთო ჯამში, ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია. მისი პასით ალექსანდრე ამისულაშვილმა კინაღამ გოლიც კი გაუტანა ესპანეთს - "ფურია როხა" ძელმა იხსნა.

მაგრამ მაინც, მჭედლიძე გუნდის ამოყვანის საქმეში დიდად დახელოვნებული არ არის. მის გარდა, ქეცბაიამ ფინეთ-ბელორუსთან მატჩებისთვის მხოლოდ ერთ ნომინალურ თავდამსხმელს უხმო - ირაკლი სირბილაძეს.

რა გითხრათ, უამრავი სანაკრებო სია მინახავს, მაგრამ ისეთი არა, როცა ორი მატჩისთვის მწვრთნელი მხოლოდ ორ ნომინალურ თავდამსხმელს იძახებს.

რა უდევს საფუძვლად ქეცბაიას ექსკლუზივს, იოლი გამოსაცნობი არ უნდა იყოს.

ფეხბურთი ტრავმიანი სპორტია და როცა ორი მატჩისთვის მხოლოდ ორი თავდამსხმელი გყავს, დიდია იმის რისკი, რომ სულაც ერთი ნომინალური ფორვარდის ამარა დარჩეს გუნდი.

გასაგებია, რომ საქართველოს ეს ნაკრები დაცვით ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ორი თავდამსხმელის გამოძახებით თავისებური შთაგონებაც კეთდება ფეხბურთელებზე - დაცვა, დაცვა და ისევ დაცვა!

ქეცბაიამ თავისი საქმისა უკეთ იცის, დაცვითი ფეხბურთით მოვუგეთ თავის დროზე ხორვატიას; იგივე სტილში დავამარცხეთ ამ შესარჩევში ბელორუსი.

საქართველოს ნაკრებს ოდითგანვე ახასიათებდა გამონათებები. თუ არ ჩავთვლით ექტორ კუპერის მწვრთნელობის პერიოდს, ჩვენი უპირველესი გუნდი ყველა შესარჩევში გვახარებდა გამონათებებით.

ქეცბაიას სათამაშო კონცეფცია ამისთვის უდავოდ საკმარისი გამოდგა, ეს უკვე ფაქტია და ყოველგვარი ირონიის გარეშე უნდა ითქვას, რომ ამასაც შეძლება უნდა.

ყველა მწვრთნელს შეუძლია იმის თქმა, რომ თავდამსხმელების რაოდენობას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომ თანამედროვე ფეხბურთი ისე მიდის უნივერსალიზმისკენ, რომ გუნდში ყველა ფეხბურთელს შეუძლია გოლის გატანა, რომ "ბარსელონას" სულაც არ ჰყავს კლასიკური ცხრა ნომერი და მაინც ყველაზე მაგარი გუნდია...

ქეცბაიამ ამჯერად არ გამოიძახა ჯაბა დვალი, ვისაც ძველებურად გააქვს გოლები საქართველოს ჩემპიონატში.

ერთ დროს დვალის მეწყვილე ნიკა გელაშვილი "ზესტაფონიდან" "ბოხუმში" კი გადავიდა, მაგრამ გერმანული კარიერა ჯერ კარგად ვერ მოიწყო. ლადო დვალიშვილსაც ვეღარ გააქვს გოლები; ალექსანდრე იაშვილი კი, რომლისთვისაც გოლის გატანა მთავარი საქმე არ არის, თურმე საჭირო აღარ არის ნაკრებისთვის...

ნიშნის მოგებით მსჯელობა კარგი საქმე არ არის, მაგრამ ნაკრებში გაახალგაზრდავების პროცესზე ვინც ლაპარაკობდა, საქმე კარგად ვერ დაასრულა. ვლადიმერ გუცაევი რომ დაინიშნა ეროვნული გუნდის თავკაცად, მანაც მოინდომა ახალი სისხლის შეტანა გუნდში, მაგრამ აქედან კარგი არაფერი გამოვიდა.

გაიოზ დარსაძე რომ გახდა ნაკრების თავკაცი, ისიც ახალი სისხლის თეორიას ქადაგებდა და მანაც ცუდად დაასრულა საქმიანობა ნაკრებში.

ნაკრების გადახალისება ბუნებრივი პროცესია და ეს ხელოვნურად არ უნდა ხდებოდეს. ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ იაშვილი ესპანეთთან შეხვედრაში სირბილაძეზე და ნიკა ძალამიძეზე უარესად ჩაერთვებოდა თამაშში...

საქართველოს ნაკრებს ძალიან მოუხდა თორნიკე ოქრიაშვილი. თუ ვიტყვით, რომ 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელები ოქრიაშვილის ადგილს იკავებდნენ გუნდში და "ბებრების" ნაკრებიდან გაშვება ამის გამო იყო აუცილებელი, მაინც ვერ მივალთ ლოგიკამდე - ხომ შეიძლება, რომ ერთი კონკრეტული მატჩისთვის, მაგალითად, იაშვილი უფრო კარგად იყოს მზად, ვიდრე ოქრიაშვილი ან სხვა რომელიმე ახალგაზრდა შემტევი?

ეროვნული გუნდი საუკეთესოთა კრებული უნდა იყოს და არა საექსპერიმენტო ზაზუნა. თეორიებს კი ყველაზე კარგად შედეგი აწონის - ოქტომბრის მატჩები ხელისგულზე დადებულივით გამოაჩენს, წინა შესარჩევთან შედარებით რა ძვრები მოხდა საქართველოს ნაკრებში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
ავტორი მონატრებული ძველ დროს, როდესაც ძმაკაცობით და კარგი პურის ჭამით ხდებოდა ნაკრებში მიღება, ჩაჯდებოდნენ გუნდში ფეღბურთელები და წლების მანძილზე როგორც არ უნდა ეთამაშათ მაინც ნაკრების წევრები იყვნენ, ნაკრებში თუ კონკურენცია არ იქნება ვერ წავა წინ ქართული ფეღბურთი (წლებია მიდის საუბარი ფეღბურთელები თავს ინახავენო) კონკურენციით კი მაგსიმალურად წარმოაჩენენ თავს ასე რომ დაჭყნარდი ავტორო და დააცადე ქეცბაიას.
pageon
11:35 11-10-2012
0
ქეცბაიამ ყენიას დაბრუნებით დაამტკიცა რომ დიდი კაცია. ფეხბურთელი როგორი იყო ყველას გვახსოვს, სპარტანელივით იყო მოედანზე; თვითონვე თქვა რომ თავად არ მოეწონა იაშკასთან და კობისთან როგორც მოიქცა (უშეცდომო ვინ არის, მაგრამ ეს მრავალმნიშვნელოვანი ქილიკი არ უნდა იყოს საჭირო); ერთ ვიტყოდი ალბათ მაინც ღირს ჯაბა დვალის გამოძახება, გაიხსენეთ 40 წლის როჟე მილა ბოლოს და ბოლოს; იმედია გამოიძახებს კიდეც
forca juve
14:16 06-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული