სპეციალისტის აზრი: საქართველოს ნაკრები საკადრო შიმშილს განიცდის

AutoSharing Option
ფინეთ-საქართველოსა და ბელორუს-საქართველოს მატჩების შეფასება გამოცდილ სპეციალისტს, ელგუჯა გუგუშვილს ვთხოვეთ, რომლის აზრითაც, ჩვენს ეროვნულ გუნდს პერსპექტივა ამჟამინდელი თავკაცის ხელშიც აქვს.

"სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა განვლილი ორი შეხვედრა უფერულად ჩაატარა და ჰელსინკისა და მინსკში დაფიქსირებული შედეგები სრულიად კანონზომიერია.

ორივე მატჩმა ნათლად გამოაჩინა, რომ აშკარაა ქართველი ფეხბურთელების ტექნიკური წუნი. საქართველოს ნაკრები ვერ თამაშობს სწრაფ ფეხბურთს და ეს ბუნებრივიცაა - სისწრაფეებზე ტექნიკური ფეხბურთელების გარეშე ვერ ითამაშებ.

საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა ვერ შეძლეს მწვრთნელის მითითებების სათანადოდ შესრულება.

არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ მხოლოდ ფეხბურთელებს ვაკრიტიკებ. ამ
წარუმატებლობაში სამწვრთნელო შტაბსაც მიუძღვის ბრალი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ გამოსავალი მწვრთნელის შეცვლაა.

ვფიქრობ, თემურ ქეცბაია ამ შეცდომებისგან სათანადო დასკვნებს გამოიტანს და მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებს.

საქართველოს ნაკრები განიცდის აშკარა საკადრო შიმშილს. ახალ თაობაში საინტერესო ფეხბურთელები ჩანან, მაგრამ ჯერ ვერ ვხედავ ისეთ ფიგურას, რომელიც გუნდის ლიდერობას იტვირთებს.

საქართველოს ნაკრების ხუთკაციან ნახევარდაცვაში ძალიან გამიჭირდა კრეატიული და შემქმნელი ფეხბურთელის დანახვა, რომელიც არა ეპიზოდურად, არამედ სტაბილურად შეძლებდა ჩვენი გუნდის შეტევების გაძღოლას.

საშინლად არ მომეწონა დაცვის თამაში, რომელიც აქამდე თითქოს საქართველოს ნაკრების მთავარი კოზირი იყო. შეტევაზე კი არაფერს ვამბობ, გუნდს არ ჰყავს მაღალი დონის ფორვარდი.

ჩემი აზრით, ჯერ კიდევ შეიძლებოდა ალექსანდრე იაშვილის გამოყენება, რომელიც ასაკის მიუხედავად, რიგიან ფორმაშია და გერმანიაში სტაბილურად თამაშობს. ვფიქრობ, ნაკრებს მათე ვაწაძეც გააძლიერებდა.

თუკი ფინეთთან მეტისმეტად ფრთხილი თამაშის გამო ვერ გავიმარჯვეთ, ბელორუსთან უშანსოდ დავმარცხდით. ფაქტია, მეტოქემ ყველა კომპონენტში გვაჯობა.

ქართველ ფეხბურთელებს მოედანზე გადაადგილება ძალიან უჭირდათ, რაც შესაძლოა, გადაღლილობისა და მგზავრობის ბრალიც იყოს. თუმცა ასეთ მარცხს გამართლება მაინც არ აქვს.

ბელორუსებმა მოედნიც ცენტრიც წაგვართვეს და ფლანგებზეც დაგვჯაბნეს. საქართველოს ნაკრებმა სახიფათო მომენტები, ფაქტობრივად, ვერ შექმნა და მხოლოდ ეპიზოდურად თუ ახერხებდა გააქტიურებას.

წავაგეთ ორთაბრძოლების უმეტესობა, თამაშს კი, როგორც წესი, ის იგებს, ვინც ორთაბრძოლებიდან გამარჯვებული გამოდის.

ფაქტია, ეს ორი მატჩი ჩვენს გუნდს აქტივში ვერაფრით ჩაეთვლება, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს მომავალი აქვს. სწორი მუშაობის შემთხვევაში შედეგი აუცილებლად მოვა.

თუმცა ფაქტია, რომ ნაკრებს თამაშის სტილის შეცვლა სჭირდება. გადამეტებული არც შეტევა ვარგა და არც დაცვა, მთავარია, სათამაშო რგოლებს შორის დაბალანსება მოხდეს.

* * *

ორიოდე სიტყვით "ზოოვეტის" შესახებაც, რომელსაც ათწლეულებია, ელგუჯა გუგუშვილი წვრთნის - შარშანდელის მსგავსად, კლუბი ამ სეზონსაც საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ატარებს.

ამჟამად კლუბს გარკვეულ დახმარებას მარნეულის მუნიციპალიტეტი უწევს. გუგუშვილის გუნდი "ზოოვეტი-ალგეთის" სახელით თამაშობს და საშინაო მატჩებს მარნეულში ატარებს.

სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები კვლავ ენთუზიაზმზე მუშაობენ, მაგრამ გუგუშვილი მაინც მოხარულია, რომ "ზოოვეტი" ძველ პოლიტიკას განაგრძობს და ფეხბურთელებს ზრდის.

ბოლო პერიოდში "ზოოვეტში" დაოსტატებული ექვსი მოთამაშე მოხვდა უმაღლესი ლიგის კლუბებში და გუგუშვილი ახალ სეზონშიც მინიმუმ იგივე მაჩვენებელს უმიზნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გია გურული: რეალობაა ის, რომ ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი არ გვყავს
სოსო ფრუიძე: ბელორუსის ნაკრები საქართველოზე მაღალი დონის გუნდია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული