გურამ კაშია: მატჩის მოსაგებად ნაკრებს მეტი გაბედულება და რისკი მართებს

AutoSharing Option
"ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია ორ საფეხბურთო განზომილებაში ცხოვრობს: ერთი ძალიან ლამაზი და პერსპექტიულია - არნემის "ვიტესი", რომლის კაპიტანიც ქართველი ლეგიონერია, ჰოლანდიის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და ამსტერდამის "აიაქსსა" და როტერდამის "ფეიენოორდს" უსწრებს.

საქართველოს ნაკრების მცველმა ბოლო მატჩში "ნაიმეგენის" ძლევაში (4:1) თავისი წვლილი დაცვაში საიმედო თამაშით და 46-ე წუთზე გატანილი გოლით შეიტანა.

მეორე განზომილება კი მისი და ჩვენი ტკივილია - მართალია, თავის ასპარეზზე საქართველოს ნაკრებიც მესამე ადგილზეა, მაგრამ, კლუბისგან განსხვავებით, იქ ჯერ წარმატებაზე ლაპარაკი უადგილოა.

გარდა ამისა, ეგვიპტესთან განვლილმა თამაშმა კიდევ ერთხელ
გამოაჩინა, რომ გურამ კაშია საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე სათანადოდ ვერ თამაშობს, რაც სულაც არ არის გასაკვირი - ამ პოზიციაზე კაშიას პრაქტიკა მხოლოდ ნაკრებში აქვს.

გურამ კაშიასთან ინტერვიუ საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრით დავიწყეთ.

Sportall.Ge- სანაკრებო სეზონი ეგვიპტესთან შეხვედრით დაიხურა, რომელშიც ჩვენი გუნდი კვლავ უფერულად გამოიყურებოდა.
- საქართველოს ნაკრებში ბევრმა ახალგაზრდა და გამოუცდელმა ფეხბურთელმა ითამაშა და არც ისე ცუდი დებიუტი ჰქონდათ, რასაც გულწრფელად ვულოცავ. გუნდში ახლა თაობათა ცვლა მიმდინარეობს, გუნდის შეთამაშებას კი დრო სჭირდება.

უშუალოდ შეხვედრა კი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ალბათ, საკუთარი თავის მიმართ უფრო თვითკრიტიკულები და მომთხოვნები უნდა ვიყოთ და მოსაგებად მეტი უნდა გავაკეთოთ.

როდესაც საშინაო შეხვედრას ვატარებთ, მნიშვნელობა არ აქვს, მეტოქე ეგვიპტეა თუ ფინეთი, მაყურებელი ჩვენგან უფრო სანახაობრივ თამაშს ელის. მატჩის მოსაგებად კი მეტი გაბედულება და რისკი გვმართებს.

- შენს საყრდენად დაყენებასაც თვითკრიტიკულად აფასებ? მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ განაცხადა, პრობლემები რომ არ გვქონდეს, კაშიას საყრდენ ნახევარმცველად არ დავაყენებდითო.
- მე იქ ვითამაშე, სადაც მწვრთნელმა გამამწესა და მისი დავალების მიხედვით ვმოქმედებდი. უფრო დაცვითი ფუნქციის საყრდენი ვიყავი და მეტი ყურადღებაც ჩვენი კარის უსაფრთხოებაზე მქონდა გადატანილი.

თუმცა, ჩემი აზრით, მეტი შემიძლია. ალბათ, ამ თამაშებით იმ გამოცდილებას შევიძენ, გარკვეული დროის შემდეგ საყრდენად უფრო თავდაჯერებულად რომ ვითამაშო, მაგრამ ამ პოზიციაზე გამოუცდელი ვარ და თამაში მიჭირს.

Sportall.Ge- როგორ, ნაკრებში დაცვაში თამაშის იმედი არც გაქვს?
- მხოლოდ თამაშის იმედი მაქვს და მწვრთნელი სად დამაყენებს, ეს მისი პრეროგატივაა. ჩემგან ამაზე ლაპარაკი არაკორექტულიც იქნება.

- შესარჩევი ციკლის ბოლო ორ შეხვედრაში ნაკრებმა მხოლოდ ქულა დააგროვა და იმედები ვერ გაამართლა.
- აუცილებლად უნდა მოგვეგო ფინეთში. ერთი დასანანი შეცდომით მოგება ხელიდან გავუშვით. არადა, 10-კაციან გუნდთან ანგარიში მიგვყავდა და უპირატესობა უნდა შეგვენარჩუნებინა.

ბელორუსთან კი დავმარცხდით და ვერ ვიტყვი, რომ არ უნდა წაგვეგო. თუმცა, მათთან ბევრად უკეთესადაც შეიძლებოდა გვეთამაშა.

- ეს შეხვედრა აშკარად ჩააგდეთ...
- სწრაფმა გოლმა ჩვენზე ძალიან ცუდად იმოქმედა, რადგან ახალგაზრდული ნაკრები გვყავს და მატჩის ბედის შემოტრიალება ვერ შევძელით. ასეთ დროს გუნდს მეტი გამოცდილი ხალხი სჭირდებოდა.

- შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებს ესპანეთისა და საფრანგეთის გასწრებას ვერავინ მოსთხოვს. უფრო რეალური ამოცანა ჯგუფში მე-3 ადგილის დაკავება არის. დარჩენილი მატჩების გათვალისწინებით, ეს შესაძლებელი გგონია?
- ფინეთში მოგება მე-3 ადგილზე გასვლის უეჭველი გარანტია იქნებოდა. სამწუხაროდ, ამოცანა გავირთულეთ და ახლა სახლში ფინეთს აუცილებლად უნდა მოვუგოთ.

სხვათა შორის, თბილისში საფრანგეთთან ქულის მოპოვებაც არ მგონია არარეალური. ალბათ, იმიტომ, რომ ძლიერ გუნდებთან მეტი მონდომებითა და მობილიზაციით ვთამაშობთ.

- რა არის ამის მიზეზი?
- ალბათ, ის, რომ ზეწოლა არ არის, მეორე ნომრად ვთამაშობთ და გულშემატკივარი მაინცდამაინც მოგებას არ გვთხოვს.

- ალბათ, პერსპექტივაზე ფიქრიც თავისას შვრება - ესპანეთისა და საფრანგეთის შეხვედრებს უამრავი სელექციონერი ესწრება და თავს თუ გამოიჩენ, შესაძლოა, ევროპის ტოპ-ლიგის კლუბში მიგიწვიონ.
- რა თქმა უნდა, ეს სტიმული ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართველი ფეხბურთელისთვის. მე-3 ადგილისთვის ვიბრძოლებთ და ვნახავთ, რა გამოგვივა.

- გასაგებია... ბევრად უფSportall.Geრო სასიამოვნო თემაზე, "ვიტესზე" ვილაპარაკოთ. გუნდი მესამე ადგილზეა და "აიაქსს" 4 ქულით უსწრებს, მაგრამ სამეულში ადგილის შენარჩუნების რესურსი გაგაჩნიათ?
- რესურსი უდავოდ გვაქვს. გუნდში 16-მდე ისეთი ფეხბურთელია, ძირითად შემადგენლობაში უპრობლემოდ რომ შეუძლია თამაში. ამასთანავე, ორი სეზონის განმავლობაში, ჰოლანდიური ფეხბურთის ლიდერებთან ბრძოლის საკმაოდ დიდი გამოცდილებაც შევიძინეთ.

"აიაქსს" და "ფეიენოორდს" მოვუგეთ, "ტვენტესთან" მატჩი ფრედ კი დავამთავრეთ, მაგრამ თამაშით ვაჯობეთ. მხოლოდ "ეინდჰოვენთან" არ მოგვიგია და გუნდი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. ამის საფუძველზე ვამბობ, რომ საუკეთესო ოთხეულში დამკვიდრება შესაძლებელი მგონია.

ვნახოთ, ცოტა იღბალიც გვჭირდება.

- სამწუხაროდ, ბოლო დროს, "ვიტესის" შემადგენლობაში არც გიორგი ჭანტურია ჩანს და არც ვაკო ყაზაიშვილი...
- ორივე ძირითად გუნდში ვარჯიშობს. ძალიან დიდი კონკურენციაა, მაგრამ მჯერა, ბევრს იშრომებენ და დაამტკიცებენ, რომ ნამდვილი პროფესიონალები არიან, ძირითადში თამაშს დაიმსახურებენ და მალე თავის სიტყვას იტყვიან. ალბათ, შანსი მიეცემათ და მას გამოიყენებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ნაკრები და სტატისტიკა: ჩვენი შეტევის გასაჭირი თვალნათელია
გურამ კაშია: საქართველოს ნაკრებში თამაში ყველა თავდამსხმელს გაუჭირდება
გურამ კაშია: ესპანეთთან ბევრი კატასტროფას ელოდა, მაგრამ...
ჰოლანდიურმა "ტვენტემ" თვალი გურამ კაშიასა და გიორგი ლორიას დაადგა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული