შეხვედრას ყველა ნაკრების მწვრთნელები ესწრებოდნენ და არაერთ საინტერესო და საჭირო თემაზე იმსჯელეს.
აქვე გეტყვით, რომ ყველა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებთან გაფორმდა ახალი ხელშეკრულებები.
სიახლეა 19-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში. კახა კაჭარავას ნაკრებიდან წასვლის შემდეგ U19 გია ცეცაძემ ჩაიბარა და სწორედ მისი ხელმძღვანელობით გააგრძელებს გუნდი ელიტრაუნდში ბრძოლას.
საერთო ჯამში კი, ნაკრებების სამწვრთნელო შტაბები ასე დაკომპლექტდა: უცვლელად დარჩნენ ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელები. როგორც უკვე ვთქვით, 19-წლამდელებს გია
18-წლამდელებს ვასილ მაისურაძე უთავკაცებს, კვლავ მერაბ კაციტაძესთან და თეიმურაზ ჩარკვიანთან ერთად.
U17 - გიორგი დევდარიანი, გიორგი მიქაძე, ირაკლი ბალაძე, ივანე ლუცენკო
U16 - ნოდარ აკობია, ჯუმბერ ბურჯანაძე, ზვიად სტურუა
U15 - გოჩა ტყებუჩავა, გიორგი ნემსაძე, ზვიად სტურუა
U14 - გოჩა ავსაჯანიშვილი, ვახტანგ იაგორაშვილი, ტარიელ კანდელაკი, აკაკი დევაძე
U13 - ოთარ კორღალიძე, ლევან ბარათაშვილი, ვასილ მიქაშავიძე, აკაკი დევაძე
შეხვედრაზე მწვრთნელებმა დაწვრილებით განიხილეს 2013 წლის გეგმები და რა თქმა უნდა, უპირატესობა იმ ნაკრებების მზადებას მიენიჭება, რომლებსაც უეფას ოფიციალურ ტურნირებში უწევთ თამაში.
მწვრთნელები ნაკრებებს შორის კოორდინირებული მუშაობის პრინციპებზე კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ.
რამდენიმე საინტერესო წინადადებით მიმართა კოლეგებს ეროვნული გუნდის თავკაცმა - თემურ ქეცბაიამ, რომელიც საქართველოში 11 იანვარს ჩამოვიდა.
მათგან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იდეაა უმაღლესი ლიგის კლუბების შემადგენლობაში ახალგაზრდა ფეხბურთელების მეტი ჩართულობა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა 18-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ, რომელმაც ქეცბაიას ინიციატივაზეც ისაუბრა.
"ძალიან საჭირო და საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა. დავგეგმეთ მომავალი წელი. რამდენიმე ახალი სახეც დავინახე სხვადასხვა ნაკრების სამწვრთნელო შტაბებში. ძალიან მესიამოვნა და მინდა, ჩემს კოლეგებს წარმატებები ვუსურვო.
წელს, ვისაც უწევს ოფიციალურ ტურნირებში თამაში, ლოგიკურად, იმ ნაკრებებზე იქნება განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული. ასევე, შევჯერდით იმაზე, რომ უფროს ასაკებში შეკრებები ერთ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ვეღარ გვექნება, რადგან ფეხბურთელებს ჩვენს ნებაზე და ხანგრძლივი დროით კლუბები არ გამოუშვებენ.
ძალიან საინტერესო წინადადება შემოიტანა თემურ ქეცბაიამ, რასაც საფეხბურთო საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს და ვფიქრობ, მსგავსი ინიციატივები მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.
საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების შემადგენლობაში აუცილებლად უნდა თამაშობდეს ორი ახალგაზრდა - 21 წლამდე ფეხბურთელი, რათა მათი განვითარება და ადაპტაცია მალე მოხდეს და შესაბამისად, ეს მოთამაშეები ნაკრებებისთვისაც მეტი სარგებლის მომტანნი გახდნენ.
შორს რომ არ წავიდეთ, ჩემი ნაკრების ერთ-ერთი კონკურენტის - ჰოლანდიის გუნდის მაგალითს მოგიყვანთ. იმ ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა ჰოლანდიის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდებში თამაშობს.
თუ ჩვენ გვინდა, რომ ევროპულ სტანდარტებს მივუახლოვდეთ, ჩვენს ახალგაზრდებს აუცილებლად უნდა მივცეთ შანსი და საშუალება, რომ მათაც დიდ გუნდებში ითამაშონ და გამოცდილება მიიღონ. დამიჯერეთ, ეს ძალიან ბევრს მოგვცემს.
უახლოეს დღეებში ფედერაციაში ჩვენ შევხვდებით კლუბების ხელმძღვანელებს და ამ საკითხზე მათთან მოვილაპარაკებთ. ვნახოთ, როგორ რეაგირებას მოახდენენ. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში კი, საკითხი უკვე აღმასკომზე გავა და დებულებაშიც ჩაიდება.
უშუალოდ ჩემს გუნდს რაც შეეხება, გვინდა, რომ მოსამზადებელი პროცესი რაც შეიძლება მალე დაიწყოს. რაც უკვე ვიცით, ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ამხანაგურ თამაშებს ვითამაშებთ გასვლაზე უკრაინასთან, პოლონეთთან და ბელორუსშიც წავალთ ტურნირზე. ცოტა მოგვიანებით კი, შემოდგომისკენ, ლონდონში ვეთამაშებით ინგლისის ნაკრებს.
როგორც უკვე გითხარით, ასაკიდან გამომდინარე, იმის ფუფუნება აღარ გვექნება, რომ როცა მოვისურვებთ, მაშინ შევკრიბოთ გუნდი, რადგან უკვე უეფას დღეების ჩარჩოებში უნდა ჩავჯდეთ", - განაცხადა ვასილ მაისურაძემ.
ასე რომ, მომავალი კვირის დასაწყისშივე ფედერაციაში უკვე უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელები და ნაკრებების მწვრთნელები შეიკრიბებიან და ზემოთ ნახსენებ ინიციატივას განიხილავენ.
შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში კი საკითხი აღმასკომზე გასატანად მომზადდება.
სფფ-ის პრესსამსახური
საინტერესო კი არა დილეტანტიზმის პიკი ქვია ქვია ამ აზრის გაჟღერებას და ნორმალურ ქვეყანაში ამის მთქმელს ნაკრების მწვრთნელად კი არა სტადიონზე შესვლასაც აუკრძალავდნენ... ))