გიორგი დათუნაიშვილი: "ტორპედოს" ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ აქვს

AutoSharing Option
"ტორპედოს" ამჟამინდელი ფეხბურთელებიდან გუნდის "ასიანთა კლუბის" წევრი, გურულთან და კაპიტან მიგინეიშვილთან ერთად, გიორგი დათუნაიშვილიც გახლავთ (110 მატჩი - 15 გოლი).

ენერგიული ნახევარმცველი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი ფეხბურთელია და მას განსაკუთრებით კარგად მეტოქეთა შეტევების "ლოკალიზება" ეხერხება. ამიტომ "გიგუშას" სპორტული მონაცემები ცალსახად მოწონებას იმსახურებს.

საქართველოს ჩემპიონატის, ეროვნული თასისა და სუპერთასის ტრიუმფატორმა მიმდინარე პირველობის საწყისი ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე საჩხერეში ძალზედ მტკივნეული ტრავმა მიიღო. ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით ჩვენ თავად ვიცე-კაპიტანს ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, შობა-ახალ წელს გილოცავ და ამ დღეებისთვის სახასიათო
კითხვას დაგისვამ - ახალ წელს როგორ შეხვდი?
- მადლობა, მეც გილოცავ. ახალ წელს, ტრადიციულად, საზეიმო განწყობით ოჯახთან ერთად ვხვდები და გამონაკლისი არც ამჯერად ყოფილა. ჩემმა შვილებმა კარგად მოქცევისთვის თოვლის ბაბუისგან საჩუქრებიც მიიღეს.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მთელ საქართველოს მივულოცავ გასულ დღესასწაულებს და ვუსურვებ, რომ ბედნიერი წელი ჰქონოდეთ.

- საჩხერის სოფელ ივანწმინდაში გამართულ მატჩში სერიოზულად დაშავდი. საინტერესოა, ამჟამად როგორ გაქვს მუხლი? და როდის იქნები მზად სრული დატვირთვით სათამაშოდ?
- სამწუხაროა და ძალიან განვიცდი, რომ ასე მომივიდა. ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო მომენტი იყო.

მეკარესთან შეჯახებისას ისეთი ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, რომ მეგონა, მარჯვენა ფეხი მომძვრა. მას შემდეგ 3 კვირა გავიდა და სიარული ახლაც მიჭირს.

კიდევ კარგი, ცოტა გამიმართლა და მუხლის მხოლოდ წინა იოგი მაქვს გაწყვეტილი. მკურნალობას ვაგრძელებ, თუმცა ექიმები გადაჭრით ჯერ ვერაფერს მეუბნებიან. იმედი მაქვს, რომ გუნდს ესპანეთში გასამართ მარბელას ტურნირზე დავეხმარები.

- გავიხსენოთ ტრავმის ეპიზოდი: "ჩიხურას" მეკარე საჯარიმოში აშკარად უხეშად გეთამაშა და გასაკვირი არ იქნებოდა, რომ პენალტი დანიშნულიყო, მაგრამ ჯარიმა საპირისპირო კარის მიმართულებით დაფიქსირდა...
- მატჩის ვიდეოფირიც არაერთხელ ვნახე და რა თქმა უნდა, მსაჯს პენალტი უნდა დაედო, თუმცა ნაცვლად ამისა, მე დამაჯარიმა, თანაც ყვითელი ბარათით, რომელიც ლამის სასწრაფო დახმარების მანქანაში მიჩვენა.

დავანებოთ ამ ეპიზოდს თავი, იმ შეხვედრაში მოხდა ისეთი რამ, რაშიც მადლობა ლაინსმენს ეკუთვნის, რომელმაც მთავარ არბიტრს საბოლოოდ შეცდომა არ დააშვებინა და ჩვენს კარში დანიშნული აბსურდული თერთმეტმეტრიანი დარტყმა გააუქმებინა.

- ჩემპიონატის პირველი ციკლი დასრულდა. შენეული შეფასება გასული ეტაპისა...
- მიუხედავად გარკვეული "ჩავარდნებისა", გასულ ეტაპს მაინც დადებითად შევაფასებ, რადგან ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის "დინამოს" შემდეგ ყველაზე მეტი გოლი გვაქვს გატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ეს კი მაყურებლებისთვის მისაღებია.

- ეს ქუთაისის "ტორპედოა" და ბუნებრივია, მე-3 ადგილზე ყოფნით ბოლომდე კმაყოფილები ვერ ვიქნებით. რატომ დაკარგა გუნდმა გაუთვალისწინებელი ქულები?
- ქულების დაკარგვა, ალბათ, არასტაბილურობის და გამოუცდელობის ბრალია, რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდული გუნდი ვართ.

თუმცა არის საფეხბურთო ფორტუნაც, რომელიც ხან გწყალობს და ხანაც - არა. იყო თამაშები, სადაც ფორტუნამ ზურგი გვაქცია, მაგალითად: სტუმრად თბილისის "დინამოსთან", "ზესტაფონთან" და შინ "დილასთან", თუმცა ისეც მოხდა, როცა ჩვენ მეტად გაგვიმართლა და მოვიგეთ. ასეთი მატჩი გორში იყო.

- თუმცა, გამოჩნდა გუნდის დღევანდელი პოტენციალი. როგორ ფიქრობ, "ტორპედოს" ხასიათი ჩემპიონატში უფრო გამოსადეგია თუ ეროვნული თასის გათამაშებაში?
- ჩვენთვის ორივე ტურნირი თანაბრად მნიშვნელოვანია და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ერთ-ერთი მათგანი მაინც მოვიგოთ. ეროვნულ ასპარეზზე ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. კიდევ მეტს თუ ვიშრომებთ და ცოტას მოვუმატებთ, მიზანს მივაღწევთ.

- თასის მერვედფინალურ ეტაპზეც ვთქვათ, სადაც ორმატჩიან დუელში "გაგრა" დაგვიპირისპირდება...
- "გაგრა" ახალგაზრდული და საკმაოდ სიმპათიური გუნდია, რომელსაც თავისი ხელწერა აქვს ჩამოყალიბებული.

არასოდეს დაგვავიწყდება 2010-2011 წლების ფინალი, როცა ამ გუნდმა, რომელიც მაშინაც პირველლიგელი გახლდათ, თასი წაგვართვა.

მართალია, მას შემდეგ ჩემპიონატში ორჯერ ავუღეთ რევანში, მაგრამ იმ წყენას, რაც ფინალში წაგებით არის გამოწვეული, ძნელად თუ გადავფარავთ.

პირველი შეხვედრა ქუთაისში შედგება და თანაც ეს 2013 წლის პირველი ოფიციალური მატჩი იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეტოქე ქუთაისშივე კომფორტული ანგარიშით დავამარცხოთ და შემდეგ ეტაპზე სტუმრად ძალების დაზოგვით გავიდეთ.

- ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი განსაკუთრებით დაძაბული იქნება...
- ჩემპიონატის დამთავრებამდე 10 ტურია დარჩენილი. ვეცდებით, არდადეგები რაც შეიძლება, ნაყოფიერად გამოვიყენოთ და ლიდერთან 7-ქულიანი ჩამორჩენა არა მარტო შევამციროთ, არამედ მთლიანად აღმოვფხვრათ კიდეც.

ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად მოვემზადებით და ვიმარჯვებთ, რადგან ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს...

- ჩემპიონობის ფავორიტი და "ტორპედოს" კონკურენტები...
- ფავორიტი უდავოდ "დინამოა", თუმცა ჩვენ, რასაკვირველია, არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. ვეცდებით, რომ ჩემპიონატის მეორე ეტაპი მათზე გაცილებით კარგად ჩავატაროთ და გადასწრებაც შევძლოთ. რაც შეეხება კონკურენტებს, საუკეთესო ექვსეულში ვართ და ძნელია რომელიმე გუნდის გამოყოფა.

- შეკრება ესპანეთში გექნებათ. გეგმები გვაძლევს იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, მაინც რამდენად სასარგებლო მზადების პროცესი იქნება...
- გეთანხმებით, მარბელას ტურნირზე ძლიერ გუნდებს ვეთამაშებით, რითაც საჭირო გამოცდილებას მივიღებთ. ეს კი დაგვეხმარება, უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ.

იმედია, ჩვენს გულშემატკივრებს ესპანეთში ჩატარებული ამხანაგური მატჩებითაც გავახარებთ და გუნდის პროგრესით ჩემპიონატში მიღწეული საბოლოო ადგილითაც.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული