ფრანგებთან თამაში, რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა ღრიჭოები ყველა გუნდს აქვს და თავისი, თუნდაც პატარა შანსი ალბათ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ ნაკრებსაც გააჩნია.
ამ შეხვედრის წინ აზრის გამოთქმა დავით მუჯირს ვთხოვეთ, საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, რომელმაც ფეხბურთელის კარიერა შარშან დაასრულა, "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი იყო რამდენიმე თვით, ახლა კი სამწვრთნელო საქმეს ისეთნაირად მიუდგა, რომ შესაბამისი ლიცენზიის აღებასაც აპირებს.
მაშ ასე,
- როგორია ვარაუდი, რა ფეხბურთს ითამაშებს ჩვენი ნაკრები საფრანგეთთან? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ქეცბაიას გუნდი აგრესიულად შეუტევს მოწინააღმდეგეს?
- საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი შეხვედრებიდან გამომდინარე და ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობების გათვალისწინებით, სავსებით მოსალოდნელია, საქართველოს ნაკრებმა ისეთი ზეწოლა განახორციელოს ფრანგებზე, დადებით შედეგს რომ მოგვიტანს.
ამისთვის დიდი შრომა და ძალისხმევაა საჭირო. ასეთი მეტოქის წინააღმდეგ თამაში ძნელია. კარგია, რომ ქეცბაიას ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად ჰყავს; სამწუხაროა, რომ ორი ფეხბურთელი დისკვალიფიკაციის გამო დაგვაკლდება, თუმცა მათი სრულფასოვნად შეცვლა შეუძლებელიც არ უნდა იყოს.
ეროვნული ჩემპიონატი დაწყებულია, სხვა ქვეყნებშიც იგივე ვითარებაა და ფეხბურთელები საფრანგეთთან მატჩისთვის კარგად მომზადებულები უნდა იყვნენ.
- საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი მატჩები ახსენეთ. კონკრეტულად რომელს გულისხმობდით? რა უნდა იყოს ჩვენი შანსი საფრანგეთთან?
- ბოლოდროინდელი მატჩებიდან თუნდაც ესპანეთთან გამართულ შეხვედრას აღვნიშნავდი...
საფრანგეთთან, ალბათ, სულ სხვა თამაში იქნება. საქართველო, სავარაუდოდ, ისევ "მეორე ნომრად" გავა მოედანზე, მაგრამ ყველა გუნდს ერთნაირი სტრატეგიით ვერ ეთამაშები.
რას დაუპირისპირებს საქართველო საფრანგეთს, არ ვიცი. ასეთ მოწინააღმდეგესთან "პირველ ნომრად" თამაშის პოტენციალი ჯერ არ გაგვაჩნია, მაგრამ მაინც იმედიანად ვარ.
- ზოგიერთმა ფრანგულმა საიტმა ამ მატჩის სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა და საქართველოს ნაკრების სასტარტო თერთმეტეულში ელგუჯა გრიგალაშვილი და დავით დევდარიანი შეიყვანა. როგორ ფიქრობთ, ქეცბაია მნიშვნელოვნად გადაახალისებს შემადგენლობას?
- ნაკრების მწვრთნელი ვალდებულია, რომ კარგა ხნით ადრე ჰქონდეს შემუშავებული შემადგენლობის მონახაზი. მწვრთნელს უნდა ჰქონდეს შესწავლილი მეტოქის თამაში და გაანალიზებული, რა დაუპირისპიროს მას. როგორც წესი, მწვრთნელი ასეთი რანგის თამაშამდე ერთი-ორი დღით ადრე არ წყვეტს, თუ რომელ ფეხბურთელებს გაამწესებს სასტარტო შემადგენლობაში.
- რა პოზიციაზე ითამაშებს გურამ კაშია - დაცვის ცენტრში, მარჯვენა ფლანგზე თუ საყრდენ ნახევარმცველად - როგორია თქვენი ვერსია?
- ფავორიტებთან ქეცბაია კაშიას დაცვაში ათამაშებდა, თუმცა ახლა თავში რა აზრი უტრიალებს, მხოლოდ მან იცის. მე მგონია, რომ კაშია საფრანგეთთან ნახევარდაცვაში ითამაშებს.
- სავარაუდო შემადგენლობის სრული ვერსია არ გაქვთ?
- ჩემი მხრიდან, ალბათ, არ იქნება მართებული სავარაუდო შემადგენლობის დასახელება. სამი თვე მომიწია მწვრთნელად მუშაობა და ბევრ სირთულეს შევასკდი. ამის შემდეგ სულ სხვა თვალით შევხედე ნიუანსებს. საქართველოს ნაკრები ახლა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ეთამაშება...
- საქართველოს ნაკრები საფრანგეთს პირველად მაშინ დაუპირისპირდა, როცა გუნდს კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა. იმ შესარჩევ ციკლში საფრანგეთთან ორივეჯერ ითამაშეთ...
- ორი განსხვავებული თამაში გამოვიდა. თბილისში ოთხი შემტევით გავედით მოედანზე - შოთა არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე და მე. აქცენტი შეტევაზე კი გვქონდა გაკეთებული, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ. საფრანგეთში დაცვიდან ვითამაშეთ. ვერ დავინახე, რის ხარჯზე შეგვეძლო გამარჯვება. ალბათ, გამართლების იმედად ვიყავით...
- როგორ შეადარებდით ერთმანეთს იმდროინდელ და ახლანდელ საფრანგეთის ნაკრებს?
- მაშინდელი საფრანგეთის ნაკრები ის გუნდი იყო, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში რომ ითამაშა იტალიასთან. რა თქმა უნდა, კამათი შეიძლება იმაზე, თუ რომელი ნაკრებია უკეთესი, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ის უნდა იყოს, რომ ვისწავლოთ ასეთ გუნდებთან თამაში, მოვუძებნოთ გასაღები ასეთ მეტოქეებს.
- საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე წამყვანი ფეხბურთელები და ნაკრების ლეგიონერები - მათში დიდ სხვაობას ხედავთ?
- საქართველოს ჩემპიონატში ჯერ არ არის ისეთი საფეხბურთო მეურნეობა, რათა შეიქმნას ის ტემპი, ქართულ გუნდებს ევროტურნირებზე თამაშს რომ გაუადვილებს. მოედანი, მეტოქეები, გულშემატკივრების ფაქტორი... საქართველოს ჩემპიონატში იმდენი პრობლემაა, რომ ამას ერთი კითხვის ერთ პასუხში ვერ ჩავტევთ.
შემეძლო, უცხოეთში გამეგრძელებინა თამაში, მაგრამ სამშობლოში მინდოდა ყოფნა და ამიტომ დავუბრუნდი საქართველოს ჩემპიონატს, მაგრამ სწორედ ამ პრობლემების, სათანადო ინფრასტრუქტურის არქონის გამო დავანებე თამაშს თავი. არადა, მინდოდა, რომ კიდევ მიმეღო სიამოვნება, კიდევ მეთამაშა ფეხბურთი...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საფრანგეთი VS საქართველო - იქნებ, სათანადოდ არ შეგვაფასონ!