საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჯერ დიდი ანგარიშით არ წაუგია და ეს სერია "სტად დე ფრანსზეც” გაგრძელდა - თავად განსაჯეთ, შეგვიძლია თუ არა ვუწოდოთ ამ ფაქტს 22 მარტის საღამოს ერთადერთი პოზიტიური შედეგი.

ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენა - ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის გრანდს "მეორე ნომრად" ეთამაშა და მას თითქმის ტაიმი გაუძლო, მეტოქის დაწინაურების შემდეგ შეტევაში მცირე ფხაც გამოიჩინა და მას შემდეგ, რაც თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო, პრესტიჟის გოლის გატანაც შეძლო.

VideoSportall.Ge
22.03.13. საფრანგეთი - საქართველო 3:1


სხვა საქმეა, რომ
ჩვენმა უშუალო კონკურენტმა ფინეთმა ესპანეთში ფრეს მიაღწია - ესპანელთა პრობლემებზე ახლა ვერაფერს გეტყვით, საფრანგეთმა კი ძალების დაზოგვით გვაჯობა და ოდნავადაც არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელსაც ჩვენი კალიბრის მოწინააღმდეგესთან ფეხის დაცდენა დაემუქრებოდა.

მატჩის შემდგომი კომენტარები:
ქეცბაიას კამათი ჟურნალისტთან - ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთთან? [VIDEO]

საფრანგეთი-საქართველოს მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია

Sportall.Geსაფრანგეთის ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა გუნდის ორივე ახალწვეული, რაფაელ ვარანი და პოლ პოგბა სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა. აღსანიშნავია ისიც, რომ მასპინძლებმა ორი გამოკვეთილი ცენტრფორვარდით ითამაშეს.

ქეცბაიას მიერ შერჩეულ თერთმეტეულში კი სიურპრიზები ნაკლებად იყო. არც ის გახლდათ გასაკვირი, რომ დისკვალიფიცირებული ჯაბა კანკავას არყოფნაში (ამავე მიზეზით შეხვედრას თორნიკე ოქრიაშვილიც ტოვებდა) საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე ამისულაშვილმა უკაპიტნა.

"სამფეროვნებს" სწრაფი გოლის გატანა შეეძლოთ - მატჩის მე-6 წუთზე ფრანკ რიბერიმ მოჭრილი დარტყმა ხარიხას გაარტა. ამას ფრანგთა შორის ყველაზე ნაკლებად სასარგებლო ფეხბურთელის, ქარიმ ბენზემას მიერ გაცუდებული ორი მომენტი მოჰყვა - მას ორივეჯერ გიორგი ლორიამ აჯობა.

თუკი დებიუტში ბურთი მთლიანად სტუმართა ნახევარზე მოძრაობდა, პირველი ტაიმის შუაწელში ქართველებმაც შეუტიეს და პირველი ხიფათიც შექმნეს - ალექსანდრე კობახიძის ჩაწოდებულს თავი ამისულაშვილმა შეაგება, მაგრამ ბურთი პირდაპირ უგო ლორისისკენ წავიდა.

30-ე წუთზე ოლივიე ჟირუ აღმოჩნდა ლორიასთან პირისპირ და ბურთის მეკარისთვის თავზე გადაგდება სცადა, მაგრამ მიზანს დიდი მანძილით ააცილა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმის დასკვნითი ნაწილი აღმავლობით ჩაატარა და ანგარიშის გახსნაც შეეძლო - 41-ე წუთზე კობახიძის შორეულ დარტყმაზე ლორისმა ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია, კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს მათე ვაწაძის არაზუსტი თავური მოჰყვა.

მასპინძლები კი სწორედ ამ ეპიზოდების შემდეგ დაწინაურდნენ. პირველი ტაიმისთვის დამატებული წუთი მიმდინარეობდა, როცა მატიო ვალბუენას მიერ ჩაწოდებულ ჯარიმას ოლივიე ჟირუ გამოეხმაურა, მეორე სართულზე ბრძოლა ამისულაშვილს მოუგო და უნაკლო თავურით ფრანგები დააწინაურა.

Sportall.Ge

მეორე ტაიმის დასაწყისში სიტუაცია ჩვენთვის ბოლომდე უიმედო გახდა. ამჯერად ჟირუმ და ვალბუენამ როლები გაცვალეს და პირველის პასით მეორემ მოჭრილი დარტყმით ლორიას შორეულ კუთხეში ეფექტურად გაუტანა.

გასაკვირი არ არის, რომ ქართველებმა მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლეს, ვერც ქეცბაიას მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა გაამართლა, უფრო პირიქით.

Sportall.Ge

55-ე წუთზე ბენზემამ კიდევ ერთი რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა - მას გატანა კვლავ ლორიამ არ დაანება.

თუკი პირველ ტაიმში მასპინძელთა შორის ყველაზე მეტად ვალბუენა გამოირჩეოდა, მეორე ნახევარში ფრანკ რიბერიმ გვიჩვენა თავისი მაღალი კლასი და 61-ე წუთზე გოლი-შედევრიც შემოგვთავაზა. მან ჯერ ზურაბ ხიზანიშვილი ჩამოიცილა, შემდეგ კი ლორიას დააშვებინა უხეში შეცდომა და საქართველოს ნაკრების მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა.

Sportall.Ge

ამის შემდეგ ფრანგებმა ტემპი დააგდეს და ბურთის მშვიდად გორებას მიჰყვეს ხელი. როგორც კი მასპინძელთა მარწუხებისგან გათავისუფლება იგრძნეს, ქართველებმა თამამად შეუტიეს და პრესტიჟის გოლიც გაიტანეს. უჩა ლობჟანიძის ფლანგურ ჩაწოდებას რიკოშეტი მოჰყვა და ბურთი კობახიძეს მიუვიდა, რომელმაც დროულად და ზუსტად დაარტყა - 3:1.

მასპინძლებს ანგარიშის გასაზრდელად თავი აღარ გამოუდიათ და ეს არც არის გასაკვირი - სამშაბათს ხომ ჯგუფში პირველობისთვის ფრანგებს პარიზში ესპანელებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ელით.

Sportall.Ge

ჩვენი მიზნები კვლავ მოკრძალებულია, საქართველოს ნაკრებზე კი ახალი ვერაფერი შევიტყვეთ, რეალობა უცვლელია - გვყავს საშუალოზე დაბალი დონის გუნდი, რომელმაც იცის ბრძოლა და აღარ მარცხდება დიდი ანგარიშით, მაგრამ არ აქვს საიმისო კლასი და კონტინგენტი, რომ უახლოეს მომავალში მაღალ მიზნებს შეეჭიდოს.

სჯობს, ვიყოთ რეალისტები, უსაფუძვლო ამბიციები გვერდზე გადავდოთ და ამ სურათს თვალი გავუსწოროთ.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-ფინეთი 1:1: შოკი სახელად პუკი
მუნდიალი 2014. საკვალიფიკაციო ეტაპი. ევროპა: კრიშტიანო რონალდოს გარეშე?
მკითხველის კომენტარები / 18 /
გასაკრიტიკებელი არაფერი აქვს ნაკრებს,ისეთი ნაკრები გვყავს როგორიც არის და თავს ზევით ძალა არ არის.ეს არც ფეხბურთელების ბრალია და არც მწვრთნელის,ეს არის ჩვენი შესაძლებლობები. მთავარია ბიჭებს ეტყობათ რომ ბრძოლობენ და ცდილობენ რაგაცას.
ილია
05:39 23-03-2013
0
არიან ბიჭები, ვისაც აშკარად ეტყობა, რომ შეუძლიათ თამაში. კობახიძე, თარგამაძე, ვაწაძე... ამათი სითამამე და ჟინი მოსაწონია. ანანიძე და ყენია რაღატო თამაშობენ, არ მესმის. იყვნენ ეგენი პერსპექტიული ფეხბურთელები, მაგრამ ვერ განვითარდნენ, აღარც ისე პატარები არიან, რომ ასაკს დააბრალო ყველაფერი... ლობჟანიძეც კარგი იყო, ლორიაც.
Lasha
09:06 23-03-2013
0

სიახლეები პოპულარული