გია გრიგალავა ინვალიდის ეტლისგან ისევ ქართველმა ექიმმა დაიხსნა

AutoSharing Option
განახლდა რუსეთის პრემიერლიგა, თუმცა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველი გია გრიგალავა მოედანზე არ ჩანდა. მას არც 8 მარტს კრასნოდარის "ყუბანთან" საშინაო შეხვედრა (0:2) უთამაშია და 15 მარტს "როსტოვთან" (2:1) დაპირისპირებაც გამოტოვა.

მერე თემურ ქეცბაიამ საფრანგეთთან გამოძახებული მოთამაშეების სია დაასახელა და გრიგალავას გვარი ვერც ამ სიაში ამოვიკითხეთ.

ცხადია, 22 მარტს "ჯვაროსნებმა" პარიზში უმისოდ ითამაშეს.

ოფიციალური ინფორმაციით, იძულებითი პაუზა გიას ტრავმით იყო გამოწვეული. შევეცადეთ დაგვედგინა, რა მოუვიდა ფეხბურთელს
და აღმოჩნდა, რომ საქმე გაცილებით რთულად ყოფილა: ტრავმას და მოედანს დაბრუნებას ვინ ჩიოდა, გიას კარიერა და ჯანმრთელობაც საკითხავი გამხდარა.

ეს ამბავი 6 თებერვლის შემდეგ მოხდა, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტირანაში ალბანეთთან ამხანაგურად ითამაშა. ფეხბურთელის ოჯახში გვითხრეს, რომ მატჩის შემდეგ გია თურქეთში დაბრუნდა, სადაც ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" ემზადებოდა.

ეროვნული გუნდის 23 წლის მცველს არც ტრავმა აწუხებდა და არც სხვა რამ, მაგრამ რამდენიმე დღეში დილით ყურის საშინელმა ტკივილმა გააღვიძა. ცხადია, "ვოლგას" ექიმი უმალვე დაეხმარა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.

მერე აუხსნელი მოვლენები დაეწყო: ყურის ტკივილის პარალელურად, გრიგალავას შეეყარა ვირუსი, პლუს ფეხის კუნთის ნერვის ანთება და თავბრუსხვევები დაეწყო, სხეულის კოორდინაცია დაერღვა და წონასწორობის შენარჩუნებასაც ვეღარ ახერხებდა. ბოლოს ამ ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდას ისე გაუჭირდა, რომ ინვალიდის ეტლით ატარებდნენ.

ჯერ ანთალიაში სცადეს მისი განკურნება, შემდეგ მოსკოვში გადააფრინეს და საუკეთესო კლინიკებში საუკეთესო ექიმებთან მიიყვანეს. მაგრამ ვერა და ვერ უმკურნალეს, მეტიც, დაავადების მიზეზიც ვერ დაუდგინეს - ოჯახი და "ვოლგას" ხელმძღვანელობა დადარდიანებული გახლდათ, ფეხბურთზე ვინღა ფიქრობდა, ადამიანის განკურნებაზე იყო ლაპარაკი.

ღვთის წყალობით, მოთამაშე განიკურნა - არა მსოფლიოში სახელგანთქმულ რომელიმე კლინიკაში, არამედ, თბილისში, მე-9 საავადმყოფოში.

ის, რაც ანთალიისა და მოსკოვში ცნობილმა ექიმებმა ვერ მოახერხეს, ამ საავადმყოფოს ნევროპათოლოგმა ნანა თევზაძემ შეძლო. მან ოჯახი დაამშვიდა, რომ შედეგიანად უმკურნალებდა და ერთ თვეში გია მართლაც ფეხზე დააყენა, განიკურნა და სერიოზული აღარაფერი სჭირს, ეგაა, მოედანზე დასაბრუნებლად დრო სჭირდება.

ერთი კვირაც არ არის, რაც გუნდს დაუბრუნდა. მართალია, ჯერ სრული დატვირთვით ვარჯიში ეკრძალება, მაგრამ ინდივიდუალური მზადება განაახლა. ახლა გია სოჭშია, სადაც სანაკრებო პაუზის დროს "ვოლგა" დაბანაკდა.

სხვათა შორის, ოჯახში ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას ძალიან ემადლიერებიან, რადგან მძიმე დროს გია არ მიატოვა და ყურადღებას არ აკლებდა.

სამწუხაროა, რომ გიას სანაკრებო თამაშიც გაუცდა და რუსეთის პრემიერლიგის მატჩებიც. არადა, აუტსაიდერი "ვოლგას" ახალ მთავარ მწვრთნელს, იგორ კალიტვინცევს ქართველის იმედი ჰქონდა. დარჩენილ შეხვედრებში გაირკვევა, დარჩება თუ არა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" პრემიერლიგაში.

სხვათა შორის, ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დაწყებამდე გია გრიგალავას "ვოლგას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი გაჯი გაჯიევი სამარის "კრილია სოვეტოვში" იწვევდა, მოლაპარაკებები ჰქონდა ყაზანის "რუბინთან", მაგრამ "ვოლგაში" დარჩენა ამჯობინა, რადგან მუდმივი სათამაშო პრაქტიკის იმედი ჰქონდა და რაც მთავარია, 6 თვეში ნიჟნელებთან კონტრაქტი უმთავრდება, თავისუფალი აგენტის სტატუსით კი გუნდს გაცილებით იოლად მოძებნის.

გია გრიგალავა მოედანს დაუბრუნდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა [VIDEO]
გია გრი­გა­ლა­ვა: საქართველოში რომ მეცხოვრა, ალბათ, მორაგბე გავხდებოდი
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი გია გამოჯამრთელდი ნაკრებს ჭირდები
Sana
21:08 25-03-2013
0

სიახლეები პოპულარული