დიდიე დეშამის გუნდმა პირველი ტაიმის მიწურულს გაგვტეხა და ოპერატორ-რეჟისორმაც ყველაფერი ისე გადმოგვიშალა, საფეხბურთო ნიუანსებშიც რომ ჩაგვახედა - ოლივიე ჟირუს ალექსანდრე ამისულაშვილი კეტავდა, ჩვენებურმა უკან მოიხედა, მეათედი წამით დაიკარგა კონცენტრაცია, ჟირუმ ამით ისარგებლა, ნაბიჯით მოსწყდა მეურვეს და დასწრებაზე თამაშისთვის ფორა შეიქმნა. ჟირუს თავურმა გოლმა იმედი გადაწურა - საქართველო თამაშის შემომბრუნებელი ნაღდად არ იყო.
თემურ ქეცბაია ამ მატჩისთვის კარგა ხანი ემზადებოდა, ეს არ იყო რამდენიმე დღის ნაფიქრი ტაქტიკა-სტრატეგია. ჩვენი გუნდის თამაში ისეთი
საქართველო თერთმეტი კაცით არ ჩაჯდა საკუთარ საჯარიმო მოედანთან. პირველ ტაიმში დავინახეთ შეტევის ორგანიზება, ბურთის ამოტანა, რამდენიმე გადაბმული პასი, რამდენიმე მწვავე შეტევა და ორი საგოლე მომენტიც საფრანგეთის კართან.
ჩვენი გუნდის თამაში იმ ძრავს ჰგავდა, რესურსი ბოლომდე რომ აქვს ამოწურული. ასეთი ძრავით შეიძლება სენსაციის მოხდენა, ერთი-ორი თამაშის მოგება, სერიოზული შედეგის მიღწევა კი გამორიცხულია.
რა მოხდებოდა, რომ პირველი ტაიმი ფრედ დასრულებულიყო ან ანგარიში ჩვენ წაგვეყვანა? შესაძლოა, კითხვა არაპროფესიულად არის დასმული, მაგრამ ასეთი კითხვა ყოველთვის გიჩნდება ასეთი პირველი ტაიმის შემდეგ - საქართველოს ნაკრებმა იბრძოლა, ითამაშა და იმედის ნაპერწკალიც გააჩინა. ეს კი ფეხბურთში ცოტას არ ნიშნავს.
ეს ჩვენი ნაპერწკალი ჟირუმ ჩააქრო. მეორე ტაიმი მხოლოდ ფრანგების იყო. ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ, ქარიმ ბენზემა კი სულაც იცინოდა.
ფრანგები ყველა პარამეტრით ჩვენზე წინ არიან, ოღონდაც ფეხბურთს აქვს ის თვისება, რომ ხავსს ჩაეჭიდო. მწვრთნელიც იმიტომ ჰყავს გუნდს, რომ ზოგჯერ გამონათება შეაძლებინოს, თორემ ცხრილში ბოლოსწინა თუ ოდნავ უკეთეს ადგილს ნაკრებს სხვაც დააკავებინებს.
მწვრთნელებმა კარგად დაამუღამეს საქართველოს ნაკრების ავან-ჩავანი. ახალი მოსული ვარ, შედეგი პირველ ციკლში არ იქნება, ეს შესარჩევი ეტაპი მომდევნო ციკლისთვის უნდა გამოვიყენოთო...
დასრულდა პირველი ციკლი, ჩაფლავდა მეორეც, მწვრთნელმა ნაკრებიდან გაუშვა რამდენიმე 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელი, მომდევნო შესარჩევში კიდევ ერთი-ორი გამოცდილი მოთამაშე დატოვებს ნაკრებს, ისევ თაობათა ცვლა, ისევ იმედი და ისევ წარუმატებლობა.
შემდეგ მწვრთნელიც შეიცვლება, ახალი თავკაციც იტყვის, რომ ეს ციკლი მომდევნო შესარჩევისთვის მოსამზადებელი ეტაპი იქნებაო. მერე ისიც გაუშვებს "სტარიკებს" გუნდიდან, ისევ გამოჩნდებიან ახალი სახეები ნაკრებში, შედეგი კი ყოველთვის ერთი იქნება.
საქართველოს ნაკრები საცირკო წარმოდგენის ცხენს ჰგავს, რომელიც არენაზე სულ წრეს არტყამს და ამის იქით ვერ მიდის. მწვრთნელი კი, რაგინდ პატიოსანიც უნდა იყოს, დროის გაყვანის ტაქტიკას მიმართავს.
ისე, ამ ტაქტიკასაც ცოდნა უნდა, ეს ძალიან სპეციფიკური ტაქტიკაა, ყველაფერი ნატურალურად უნდა მოხდეს, თორემ შეიძლება თაღლითობა დაგაბრალონ.
გიორგი ლორიამ რამდენჯერმე ითამაშა თავდაჯერებულად, თუმცა მეტიც შეეძლო; უჩა ლობჟანიძე შეუპოვრად იბრძოდა, ამისულაშვილმა კინაღამ გოლი გაიტანა, ზურა ხიზანიშვილმა ერთი-ორი კარგი ტექნიკური ილეთი გვიჩვენა, მაგრამ გენიოს ფრენკ რიბერის ვერაფერი მოუხერხა; გურამ კაშია ამბობს, დაცვაში მირჩევნიაო თამაში, მაგრამ საყრდენ ნახევარმცველად ათამაშებენ; ჯანო ანანიძე ჯანმაგარ და სწრაფ ფრანგებთან ჩაიკარგა, დავით თარგამაძემ არაერთხელ კარგად გაათრია ბურთი ფლანგზე, სანდრო კობახიძემ გოლი გაიტანა, რაც კინაღამ პირველ ტაიმშიც გამოუვიდა; მათე ვაწაძე, ასე თუ ისე, რიგიანად გაისარჯა...
რიბერის გოლზე ცალკე უნდა ითქვას. როცა მას სიჩქარე აკრეფილი აქვს და ერთი-ერთზე რჩება მცველთან, ვინ არის მისთვის ბურთის ამრთმევი? ხიზანიშვილს ხელს არ ვაფარებთ, მაგრამ ელემენტარული ტაქტიკური განათლება მოითხოვს იმას, რომ ასეთ დროს თანაგუნდელი უნდა დააზღვიო.
ყველაზე უფრო მაინც დროის გაყვანის ტაქტიკა მაფიქრებს. არა მგონია, ასეთი ტაქტიკა სახეირო იყოს ჩვენი გუნდისთვის, თუმცა ეს მხოლოდ ჟურნალისტური აზრია და მეტი არაფერი. მწვრთნელები კი უკვე კარგად გამოწვრთნილ პოლიტიკოსებს დაემსგავსნენ - ისე ჩამოაყალიბებენ თეორიებსა და არგუმენტებს, რომ აქეთ დაგადებენ ვალს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვლადიმერ გუცაევი: ამ დონეს სხვა კლასი სჭირდება
ქეცბაიას კამათი ჟურნალისტთან - ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთთან? [VIDEO]
საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]
როგორ აპირებთ ფრანგებთან მოგებას????
რა სისულელეა, სად უნდა დააზღვიო მეკარის მოედანთან? თუ ორ ორი დამცველი უნდა დაუყენო რადგან ხიზანა ვეღარ თამაშობს?