ბოლო ჯგუფში - საქართველოს ნაკრების უსიამოვნო პერსპექტივა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უახლოესი ოფიციალური მატჩი 6 სექტემბერს აქვს - ამ დღეს თბილისში საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს ვუმასპინძლებთ.

თუმცა ჩვენს ჯგუფში მანამდე ორი შეხვედრა უნდა ჩატარდეს: 7 ივნისს ფინელები საკუთარ მოედანზე ბელორუსს უმასპინძლებენ, ოთხი დღის მერე კი ეს გუნდები ამჯერად მინსკში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ამ ყველაფერს კი იმიტომ "ვახსენებთ" გულშემატკივრებს, რომ საქართველო-საფრანგეთის მატჩამდე ჩვენი შესარჩევი ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა, დიდი ალბათობით, შეცვლილი იქნება. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილს, რაღა თქმა უნდა, ესპანეთი და საფრანგეთი "გადაინაწილებენ"; აი, ერთი შეხედვით არაფრისმომცემ, მაგრამ მეტ-ნაკლებად მაინც "პრესტიჟული" მესამე ადგილისათვის
კი საქართველოსთან ერთად ბელორუსები და ფინელებიც იბრძოლებენ.

ჰოდა, ისღა დაგვრჩენია, ვისურვოთ, რომ ივნისში ჩასატარებელი ფინეთისა და ბელორუსის ორივე მატჩი ჩვენთვის სასურველი ანგარიშ(ებ)ით დამთავრდეს!

"ჩვენთვის სასურველი" შედეგ(ებ)ი კი ორივე მატჩის ფრედ დასრულება იქნება, თორემ ისე რომ მოხდეს და ჯერ ფინეთმა მოუგოს ბელორუსს, მერე კი სლავებმაც 3 ქულა მოიპოვონ, საფრანგეთთან მატჩს... ჯგუფის აუტსაიდერის როლში შევხვდებით.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ფრანგების მერე, ოთხ დღეში, ფინელებს უნდა ვუმასპინძლოთ, 15 ოქტომბერს კი ბოლო მატჩი გველოდება სტუმრად ესპანელებთან; ჰოდა, ამ დარჩენილ სამ შეხვედრაში რამდენი ქულის აღების შანსი გვაქვს?

ძნელია ამ საკითხზე მარჩიელობა, თუმცა ის კი ფაქტია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სამი ურთულესი მატჩი ელოდება საკუთარი პრესტიჟის შესანარჩუნებლად: გასაგებია, რომ ამ ციკლში შედეგს არავინ ითხოვს, მაგრამ ჯგუფში ბოლო ადგილზე გასვლის პერსპექტივაც არა გვგონია, ვინმეს ხიბლავდეს.

მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმ ნიუანსსაც, დიდი ალბათობით, შესარჩევი ციკლის ბოლოსკენ მეტად და მეტად აქტუალური რომ შეიძლება გახდეს.

მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპას 13 საგზური აქვს: 9-ვე ჯგუფის პირველადგილოსნებს პლუს პლეი ოფში გამარჯვებული 4 ნაკრები. ეს ოთხი ნაკრები კი საუკეთესო მეორეადგილოსნების "დაწყვილებით" შეირჩევა, ანუ თეორიულად იმის შანსიც არსებობს, რომ ჩვენი ჯგუფის მეორეადგილოსანი (ესპანეთი ან საფრანგეთი), შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატის კი არა, საერთოდ პლეი ოფის მიღმაც დარჩეს!

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ საფრანგეთსაც და ესპანეთსაც დარჩენილი მატჩების რაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოგება დასჭირდეს. 8 საუკეთესო მეორეადგილოსნის გამოსავლენად პირველი კრიტერიუმი ქულათა რაოდენობაა, მეორე კი - ბურთების სხვაობა!

იმედი დავიტოვოთ, რომ საფრანგეთი ან ესპანეთი თავისთვის სასურველი და "კომფორტული" ბურთების სხვაობას ჩვენთან დაპირისპირებისას ვერ "შექმნის": თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ერთ მატჩში სამი გოლი მხოლოდ ორჯერ გაუშვა (თურქებთან ამხანაგურ შეხვედრაში და სულ ახლახან - ფრანგებთან).

ეგ კი არა, უკანასკნელად დიდი ანგარიშით 2009 წლის 14 ოქტომბერს დავმარცხდით - ექტორ რაულ კუპერის ბოლო სანაკრებო მატჩი საქართველოს ნაკრებმა პირწმინდად დათმო და ბულგარელებთან 2:6 წავაგეთ!

გეხსომებათ ის შესარჩევი ციკლი: საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო შედეგი რომ უჩვენა (ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო) და ჯგუფშიც "დამსახურებულ", ბოლო ადგილზე გავედით...

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. ევროპა. I ჯგუფი
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 5 3 2 0 8-2 11
2. საფრანგეთი 5 3 1 1 8-4 10
3. საქართველო 5 1 1 3 3-7 4
4. ბელორუსი 4 1 0 3 3-8 3
5. ფინეთი 3 0 2 1 2-3 2

რეკორდის მოლოდინი
საფრანგეთთან მატჩი თემურ ქეცბაიასათვის 27-ე იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ამ მხრივ, ქეცბაიას მეორე მაჩვენებელი აქვს საქართველოს ნაკრების ისტორიაში და მხოლოდ და მხოლოდ ალექსანდრე ჩივაძეს ჩამორჩება: თბილისის "დინამოს" ლეგენდარულმა კაპიტანმა ყველაზე მეტჯერ, 35-ჯერ უხელმძღვანელა ჩვენს უპირველეს გუნდს.

და აი, თემურ ქეცბაიას ამ რეკორდის გაუმჯობესების ჩინებული შანსი მიეცა: შემოდგომაზე დაგეგმილი სამი ოფიციალური მატჩის (საფრანგეთთან, ფინეთთან, ბელორუსთან) გარდა, საქართველოს ნაკრებს ამ ზაფხულს სამი ამხანაგური შეხვედრა ელოდება (ირლანდიასთან, ყაზახეთთან და სავარაუდოდ, დანიასთან).

ამის გარდა, 2013 წლის ბოლომდე არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატაროს: როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშემ ოთარ გიორგაძემ გვითხრა, ეს შეხვედრა, სავარაუდოდ, ნოემბერში უნდა გაიმართოს.

ანუ 2013 წლის ბოლომდე თემურ ქეცბაიას უკვე 34 მატჩი დაუგროვდება და თავისი უფროსი კოლეგის რეკორდსაც მიუახლოვდება.

აქვე, ქეცბაია-მწვრთნელის "მონაგარსაც" გაგაცნობთ: ამ 27 შეხვედრიდან საქართველოს ნაკრებმა 10 მოიგო, 8 ფრედ დაამთავრა და 9 წააგო (ბურთების სხვაობა 26-17; თუმცა აქვე, ალბათ, ეს 27 მატჩი უნდა "დავახარისხოთ": 15 ოფიციალური შეხვედრიდან ქეცბაიას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 3 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და 7 წააგო (ბურთების სხვაობა: 11-17).

სამაგიეროდ, ამხანაგურ შეხვედრებში ჩვენს ნაკრებს შედეგი მართლაც არ დაეწუნება: 12 მატჩიდან 7 მოგება, 3 ფრე და 2 წაგება (ბურთების სხვაობა: 15-10). ისე, ამხანაგურების მსგავსად, დადებითი ბალანსი ოფიციალურ შეხვედრებშიც რომ გვქონდეს, ამაზე უკეთესს რას ვინატრებდით...

ბოლო წუთ(ებ)ის ფაქტორი
ერთ-ორ წელიწადში საქართველოს ნაკრები თავის ისტორიაში საიუბილეო, მეორასე მატჩს ჩაატარებს; ამ "მრგვალ" ნიშნულამდე 21 შეხვედრაა დარჩენილი, თუმცა დღეს სხვა თემაზე გვინდა ვისაუბროთ: დღემდე ჩატარებული 179 მატჩიდან ძალიან ბევრი იყო ისეთი პაექრობა, როცა საბოლოო შედეგის განმსაზღვრელი გოლ(ებ)ი საქართველოს ნაკრების კარში ტაიმ(ებ)ის ბოლო წუთებზე გადიოდა!

რა იყო ამის მიზეზი, ძნელი ასახსნელია: ვინმემ, შესაძლოა, წამიერი მოდუნება ახსენოს, უფრო ზუსტად, კონცენტრაციის დაკარგვა; თუმცა, ფაქტია, რომ 23-წლიანი ისტორიის განმავლობაში არაერთი ისეთი მატჩი გვახსოვს, ჩვენთვის სასურველი ანგარიში ტაიმების ბოლო წუთებზე რომ ვერ შევინარჩუნეთ.

აი, ასე მოხდა 22 მარტის შეხვედრაშიც: პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ოლივიე ჟირუმ ჩინებულად შეარჩია პოზიცია და ზუსტი თავური დარტყმით საფრანგეთის ნაკრები დააწინაურა (არადა, ეს გოლი ხომ იმ "სტანდარტულს" მოჰყვა, რომელიც სრულიად უწყინარ სიტუაციაში "ავიკიდეთ").

რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ პირველი ტაიმის 0:0-ით დამთავრების შემთხვევაში, ჩვენთვის სასურველ ამ ანგარიშს მეორეშიც შევინარჩუნებდით, მაგრამ ტაიმის ბოლო წამებზე გაშვებულმა გოლმა ჩვენს ფეხბურთელებზე რომ უაღრესად დამთრგუნველად იმოქმედა, ფაქტია. თუმცა, ჩვენი ნაკრების ისტორიაში ეს რომ იშვიათი შემთხვევა ყოფილიყო, ასე თუ ისე, შევეგუებოდით, მაგრამ ასეთი რამ, სულ მცირე, ოცჯერ (!) მაინც მოხდა!

"ბოლო წამების შოკი" უკანასკნელად წინა შესარჩევ ციკლში მივიღეთ: 2010 წლის 12 ოქტომბერს, დავით სირაძის გოლით სტუმრად ლატვიას რომ ვამარცხებდით, მასპინძელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა ალექსანდრ ცაუნიამ ურთულესი მდგომარეობიდან ანგარიში გაათანაბრა! არადა, უკვე მსაჯის მიერ დამატებული წუთები იწურებოდა...

...მოგეხსენებათ, საქართველო და იტალია არაერთხელ მოხვდნენ ერთ შესარჩევ ჯგუფში და თითქმის ყველა ამ დაპირისპირებაში აპენინელები გადამწყვეტ გოლ(ებ)ს სწორედ ტაიმების მიწურულს გვიტანდნენ ხოლმე; ასე იყო ამ გუნდების სულ პირველ პაექრობაში, 1996 წლის 9 ოქტომბერს რომ გაიმართა პერუჯაში: საქართველოს ნაკრებს ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს ფაბრიციო რავანელის ზუსტმა თავურმა დარტყმამ ყველაფერი გადაწონა.

თუგინდ, სხვა მატჩები გავიხსენოთ: 2000 წლის 11 ოქტომბერს და 2008 წლის 10 სექტემბერს იტალიამ ერთნაირი ანგარიშით (2:0) მოგვიგო და იმ შეხვედრებში მეორე და გადამწყვეტი გოლები ალესანდრო დელ პიერომაც და დანიელე დე როსიმაც შეხვედრის ბოლო წუთებზე გაგვიტანეს.

კიდევ ბევრი ასეთი მატჩის გახსენება შეიძლება, თუნდაც შოტლანდია-საქართველოს დაპირისპირება: 2007 წლის 24 მარტს გლაზგოდან ქულა უნდა წამოგვეღო, მაგრამ ბოლოსწინა წუთზე დასანანი გოლი მივიღეთ.

ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მარცხი კი ნაკრების დღევანდელ თავკაცსაც, ალბათ, არასდროს დაავიწყდება: 1999 წლის 5 ივნისს, თბილისში საბერძნეთს ვმასპინძლობდით და მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე სწორედ თემურ ქეცბაიას გოლით ვიგებდით, მაგრამ სტუმრებმა ჯერ ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, ბოლო წამებზე კი ნიკოს მახლასმა სულაც გამარჯვების მომტანი ბურთი გაიტანა საქართველოს ნაკრების კარში!

სხვათა შორის, ეს ის მატჩია, ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებში დებიუტი რომ ჰქონდათ 17 წლის ზურაბ ხიზანიშვილსა და მის თანატოლ ოთარ ხიზანეიშვილს.

P.S. ისე, ძალიან ცოტა, მაგრამ ისეთი მატჩებიც ყოფილა, როცა საქართველოს ნაკრებსაც მოუგია ბოლო წუთზე გატანილი გოლებით: 2010 წელს დავით სირაძის ზუსტი დარტყმებით ესტონეთი და მალტა დავამარცხეთ, მომდევნო წელიწადს კი ხორვატებს ლევან კობიაშვილის დაუვიწყარი გოლით ვაჯობეთ.

უსიამოვნო პერსპექტივა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მარადიული კითხვა - შედეგი თუ სანახაობა?
დროის გაყვანის ტაქტიკა - თვალსაზრისი საფრანგეთი-საქართველოს მატჩზე
ვლადიმერ გუცაევი: ამ დონეს სხვა კლასი სჭირდება
ქეცბაიას კამათი ჟურნალისტთან - ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთთან? [VIDEO]
საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფინელებს სახლში უნდა მოვუგოთ და მესამეზე ვართ. ეს არის ჩვენი მაქსიმუმი.
GIORGI
16:30 27-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული