გია გრიგალავა: საქართველოს ნაკრებისთვის მესამე ადგილიც კარგი შედეგი იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველმა გია გრიგალავა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

გიამ ავადმყოფობის გამო როგორც კლუბის, ისე სანაკრებო მატჩები გამოტოვა.

- გია, რამდენად არის შანსი, მოედანს ამ სეზონშივე დაუბრუნდე?
- წინ 9 თამაშია. მარჩიელობას არ დავიწყებ, მაგრამ, ღვთის შეწევნით, ორი-სამი კვირის შემდეგ ვარჯიშს ალბათ დავიწყებ.

- როგორ ატარებ დროს "თამაშგარე მდგომარეობაში" მყოფი?
- გუნდთან სოჭში თვითმფრინავით ჩავფრინდი, რათა ბიჭებთან ერთად ვყოფილიყავი. ვესწრებოდი ყველა ვარჯიშს.

საქართველოში ვიმკურნალე. კრიზისი უკვე ჩავლილია.
ამჟამად მკურნალობის კურსს კლუბის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გავდივარ. იმედი მაქვს, პროცედურები წამადგება.

- გვერდიდან როგორ შეაფასებ განახლებულ ჩემპიონატში "ვოლგას" მიერ ჩატარებულ ორ მატჩს?
- ორივე თამაშს ტელევიზორში ვუყურე. "როსტოვთან" შეხვედრა მომეწონა.

- "ყუბანთან" რა აკლდა ჩვენს გუნდს?
- ალბათ, გატანილი გოლები. მომენტები ვერ გამოვიყენეთ, შეცდომებისთვის კი მეტოქემ დაგვსაჯა.

- შენ ლიგის ერთ-ერთი ფეხბურთელი ხარ იმ მცირედთაგან, რომლებმაც პირველი 19 მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარეს. როგორია საკუთარი გუნდის თამაშის ტელევიზორით ყურება?
- ძნელად შესაგუებელია. თანაც, ჩემი გუნდის თამაშისთვის ტელევიზორით არასდროს მიყურებია, რადგან, როდესაც მატჩს ვტოვებდი, სტადიონზე მაინც ვიმყოფებოდი ხოლმე.

თანაც, ახლა ახალი ეკიპირება, ფორმა გვაქვს და გუნდში ახალწვეულიც საკმაოდ ბევრი გვყავს. ბევრი მათგანის გაცნობაც ვერ მოვასწარი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს არა "ვოლგის", არამედ სხვა რომელიღაც გუნდის თამაშს ვუყურებ.

- საქართველოს ნაკრების თამაშს საფრანგეთთან თუ მიადევნე თვალი?
- რა თქმა უნდა. ნაკრებიდანაც დამიკავშირდნენ, ჩემი მდგომარეობა აინტერესებდათ.

- თქვენი ნაკრების მიზანი ახლა ჯგუფში მესამე ადგილია?
- რეალისტები თუ ვიქნებით, ჩვენთვის მესამე ადგილიც კარგი შედეგი იქნება.

- ელოდი, რომ ფინელები ესპანეთთან ფრეს გაახერხებდნენ?
- ფინელებთან ჩვენი თამაშის შემდეგ მეგონა, რომ მათ, უბრალოდ, შანსიც კი არ ჰქონდათ.

- ჩვენი გულშემატკივრები ხუმრობენ, რომ სჯობს, "ვოლგამ" დარჩენილი შეხვედრები სტუმრად ჩაატაროს, რათა ქულები დააგროვოსო.
- ალბათ, არ ღირს. სტუმრად უკეთეს თამაშს განგებ ნამდვილად არ ვაჩვენებთ. უბრალოდ, ამას ხელი გარემოებებმა შეუწყო. სტუმრად ზოგიერთ გუნდთან თუ "მეორე ნომრად" ვთამაშობთ, შინ ვცდილობთ, გაცილებით შემტევი ფეხბურთი ვაჩვენოთ.

ასევე იხილეთ:
გია გრიგალავა ინვალიდის ეტლისგან ისევ ქართველმა ექიმმა დაიხსნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული