დანია-საქართველო 2:1 - უსაჩუქროდ არც დანია დავტოვეთ [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა 5 ივნისს შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშა და მოკრძალებული შემტევი პოტენციალის მიუხედავად, დაწინაურებაც შეძლო.

ამის შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა - ტრადიციულად, თემურ ქეცბაიას გუნდმა მატჩის სერიოზული შეცდომის გარეშე ჩამთავრება მაინც ვერ შეძლო და მორიგი მარცხი იწვნია.

ირლანდიისგან განსხვავებით, ამჯერად ჩვენი ნაკრები არ შერცხვა და ამბიციურ დანიელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ქართველებს შეეძლოთ, ოლბორგში არათუ ფრედ ეთამაშათ, არამედ გაემარჯვათ და ამით ფიფას სანაკრებო რეიტინგში პოზიციები გაეუმჯობესებინათ, მაგრამ საქართველოს ნაკრები კვლავ არ აღმოჩნდა ის გუნდი, რომელიც კლასით მასზე მაღლა მდგომ მეტოქეს
აჯობებდა.

საუბედუროდ, ჩვენს გუნდს უკვე დიდი ხანია, ისიც აღარ შეუძლია, აქა-იქ გაიბრწყინოს და ქართველი გულშემატკივრები იშვიათი წონადი გამარჯვებებით გაახაროს. ევროპაში კი ჩვენ მიერ დასაჯაბნი გუნდების სია თვალსა და ხელს შუა მცირდება.

გადამწყვეტი, რა თქმა უნდა, გიორგი ლორიას უხეში შეცდომა აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა ბურთი ხეირიანად ვერ ამოიტანა, შეცვლაზე შესულ ნიკლას პედერსენს ჩააბარა და მანაც ერთი შეხებით დაუცველ კარში კურიოზული გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ ქართველებს საქმე უკვე გაძლებაზე ჰქონდათ, მაგრამ ვერ გაძლეს, რაც სრულიად ლოგიკური იყო.

მატჩის 89-ე წუთზე კრისტიან ერიქსენმა ჯარიმა უზადოდ შეასრულა და სომხეთთან მოახლოებული ოფიციალური შეხვედრის წინ თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დუბლინური მატჩის შემდეგ ქეცბაიამ სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა - დაცვის მარცხენა ფლანგზე დავით კვირკველია გიორგი ფოფხაძემ ჩაანაცვლა, უჩა ლობჟანიძე ძირითადიდან ამოვარდა და მისი ადგილი მარჯვენა მცველის პოზიციაზე გურამ კაშიამ დაიკავა, რომელიც ირლანდიაში ნახევარდაცვაში ირჯებოდა; ცენტრფორვარდობა კი ნიკოლოზ გელაშვილის მაგივრად, ლადო დვალიშვილს დაეკისრა.

ქეცბაიამ მოედნის ცენტრში სამი ტიპური ჩამშლელი გაამწესა, ფლანგები კი ალექსანდრე კობახიძესა და ჯანო ანანიძეს ჩააბარა. ჯანო მარცხნივ მოქმედებდა, სანდრო კი, რომელსაც მარცხენაფლანგელად უფრო ვიცნობთ, მარჯვნივ თამაშობდა.

მატჩის საწყისი 20 წუთი დანიელთა მიერ ჩატარებული დროის საუკეთესო მონაკვეთი იყო. მორტენ ოლსენის გუნდი ტემპიანად და კომბინაციურად უტევდა და სწრაფი გოლის გატანაც შეეძლო - მე-3 წუთზე მრავალსვლიან შეტევას სიმონ პოულსენის არაზუსტი დარტყმა მოჰყვა; მე-16 წუთზე მასპინძელთა დაწინაურება უკვე ანდრეას კორნელიუსს შეეძლო, თუმცა მიზანმა მასაც უმტყუნა.

ამას კობახიძის არაზუსტი გასროლა მოჰყვა, რის შემდეგაც მეორე ნომრად მოთამაშე სტუმრები უფრო თამამად გადავიდნენ მოწინააღმდეგის ნახევარზე. ბურთის ფლობის უკეთესი მაჩვენებლები კვლავ დანიელებს ჰქონდათ, მაგრამ მათ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო უჭირდათ ქართველთა საჯარიმოში შეღწევა.

რა თქმა უნდა, სტუმრები მეტოქეს ხშირად ვერ აწუხებდნენ, მაგრამ მაინც ახერხებდნენ თამაშის გამწვავებას. მეტიც, 35-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა დაწინაურების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან - ჯარიმის შემდეგ ზურაბ ხიზანიშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა და მისი დარტყმა დანიელთა მეკარე სტეფან ანდერსენმა მოიგერია. მახვილი კუთხიდან კი დამატებას კაშია ცდილობდა, რომელმაც მიზანს ააცილა.

მეორე ტაიმში დანიელები კიდევ უფრო უინიციატივონი ჩანდნენ. ქართველებმა მათი თამაშის მანერას ალღო საბოლოოდ აუღეს და მასპინძელთა იერიშებს დამაჯერებლად უმკლავდებოდნენ. მოედანზე უკვე აღარ ჩანდა ის რესურსი, რითაც დანიის ნაკრებს ქეცბაიას გუნდის გატეხვა შეეძლო. მოგვიანებით ქართველები დაწინაურდნენ კიდეც და გამარჯვების რეალური იმედი გაგვიჩნდა, მაგრამ...

ჩვენი ნაკრების კარში გასული გოლები უკვე გავიხსენეთ, დაწინაურებით კი 52-ე წუთზე დავწინაურდით, როცა შეცვლაზე შესულმა ირაკლი სირბილაძემ საჰაერო დუელი მოიგო და ბურთი კობახიძეს გადასცა, ამ უკანასკნელმა კი მეკარესთან პირისპირ ირაკლი ძარია გაიყვანა, რომელმაც ახლო მანძილიდან უნაკლოდ დაარტყა.

ამის შემდეგ უკვე სრულიად ლოგიკური იყო, საქართველოს ნაკრები მთლიანად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე რომ გადაერთო. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი სამწვრთნელო შტაბის მიერ განხორციელებულმა ყველა ცვლილებამ გაამართლა, მაგრამ სენსაციასთან მაინც ძალიან ახლოს ვიყავით.

საამისოდ ამჯერად ჩვენი გუნდი შემართებით იბრძოდა, მაგრამ კვლავ არ ეყო ერთი რამ - კლასი.

მოკლედ, საქართველოს ნაკრების აქტივში ვერც 5 ივნისის შეხვედრა ჩაიწერა. მარცხის შემდეგ რაიმე პოზიტივის დანახვა ძნელია და მხოლოდ იმას თუ გავუსვამთ ხაზს, დუბლინში განცდილი კატასტროფის შემდეგ გუნდმა დროულად რომ შეძლო შოკიდან გამოსვლა.

გლობალურად კი ვითარება უცვლელია - საქართველოს ნაკრებს ბრძოლა არ დავიწყებია, მაგრამ საკუთარ თავზე მაღლა ვერ ხტება.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

05.06. ოლბორგი. ნორდიისკ არენა
დანია-საქართველო 2:1
0:1 ძარია (52), 1:1 პედერსენი (77), 2:1 ერიქსენი (89)
დანია საქართველო
4-2-3-1 4-2-3-1
ანდერსენი ლორია
იაკობსენი კაშია
ბიელანდი ხიზანიშვილი
ოკორე ხუბუტია
პოულსენი ფოფხაძე
სტოკჰოლმი დაუშვილი
ზიმლინგი კანკავა
რომედალი კობახიძე
ერიკსენი ძარია
ბრეითვაითი ანანიძე
კორნელიუსი დვალიშვილი

მწვრთნელი მწვრთნელი
მ. ოლსენი თ. ქეცბაია

დანია
12. ზიმლინგი - შიონე
46. რომედალი - კრონ-დელი
61. სტოკჰოლმი - კვისტი
62. ბრეითვაითი - პედერსენი
75. პოულსენი - მაკიენოკო
79. შიონე - კუსკი
სათადარიგოები: შმეიხელი, ანკერგენი, ვასი, ი. ჰანსენი, კ. ჰანსენი, ფიშერი

საქართველო
46. დვალიშვილი - სირბილაძე
63. ძარია - თარგამაძე
63. ანანიძე - ლობჟანიძე
73. დაუშვილი - გიგაური
87. ა. კობახიძე - გელაშვილი
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, თომაშვილი, კვირკველია, მ. კობახიძე, მაისურაძე

გაფრთხილება: დაუშვილი (57), გიგაური (86)

არბიტრი: ფ. ბრიხი (გერმანია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ირლანდია-საქართველო 4:0 - გუნდი, რომელსაც მომავალი არ აქვს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 24 /
ქეცბაიას რა ბრალია ხალხნო, პასს ვერ აკეტებენ ეს ფეხბურტელები ვერ ხედავთ?, ანდა ეს ლორია რამ გამოათაყვანა, ამათზე უკეთესი ვინ ყავს გამოსაძახებელი? არ იციან თამაში, ვაბშე ფეხბურთი რა თამაშია უნდა აუხსნა ამათ და კიდე ბურთის მოჯენა უნდა ისწავლონ კიდე, არაფერი არ გამოვა ამათგან
toka
11 ივნისი 2013 20:57
0
ქეცბაიაც ოქტომბრის ცოცხს გაჰყვება. ხიზანიშვილიც უნდა მივაბათ რომ არ დაგვიტოვოს.
dzirs!
06 ივნისი 2013 23:45
0
როგორ ტო 23 წელია დამოუკიდებლები ვართ და არაფერი შედეგი არ ჩანს რაშია საქმე:მუდამ ასე იქნება ნუ ინერვიულბთ ნერვებს გაუფრთხილდით.
maxo
06 ივნისი 2013 20:37
0
დაიწყებს ქეცბაია პირველმა გოლმა გაგვტეხაო.ნოლით ერთს ბევრი გუნდი აგებს,მაგრამ ყურებს არავინ ჰყრის.მოგებას არ ვითხოვთ,ლამაზი ფეხბურთი გვინდა.თუ ყველაფერი მთავრობის გადასაწყვეტია,ფეხბურთის მოყვარულები ქართველები არ ვართ.გააგდეთ ფეხბურთი დღეს ვისაც ეკუთვნის,მწვრთნელი და მიაყოლეთ ვინც კი ფულს იდებს ჯიბეში.დავიღალე ამდენი ფუჭი იმედით.
rato
06 ივნისი 2013 18:03
0
ქეცბაია "ახალგაზრდულ გუნდს" აშენებს რას ერჩით. ერთმა ახალგაზრდამ, გაგუამ თავიც გამოიჩინა,ბოლო წუთზე საჯარიმოს ხაზთან ჯარიმაც აგვკიდა და მანამდეც გამოიჩინა თავი ყვითელი ბარათით. და ვინ იტყვის რომ ამ თამაშში კობიაშვილი ან იაშვილი ზედმეტები იქნებოდნენ??? არ ვიცი ალბათ გაგებით უნდა მოვეკიდოთ!!!!
giorgi
06 ივნისი 2013 16:16
0
ქეცბაია კარგი მწვრთნელი არის და ეს დანიასთანაც გამოჩნდა. დანიასთან უხეში შეცდომები დაუშვეს თავად ფეხბურთელებმა და ეს მწვრთნელის ბრალი არ არის. ორივე ამხანაგური თამაში სასარგებლო იყო ნაკრებისთვის. მწვრთნელს ქონდა შანსი გამოეცადა ფეხბურთელები. წარმატებას ვუსურვებ ქეცბაის და ბიჭებს.
უძლევი
06 ივნისი 2013 15:16
0
თქვენც შეარჩიეთ სამოყვარულო გუნდები საპარინგოდ და ყოველთვის მოვიგებთ. სატირალია რააააააააააააააააააააა
wwwwwwwwwwwww
06 ივნისი 2013 14:02
0
ქართული ფეხბურთის დონე დაბალია და გასაგებია.აი ქეცბაიას კულტურის დონეა საეჭვო.რა არის ეს სულ, რომ იფურთხება აქლემივით.სირცხვილია,ვინმემ მისცეს შენიშვნა.
Unknown
06 ივნისი 2013 12:45
0
"თემურ ქეცბაიას გუნდმა მატჩის სერიოზული შეცდომის გარეშე ჩამთავრება მაინც ვერ შეძლო" - პატივცემულო ჟურნალისტო, როდესაც მეკარე ან მცველი ჩუქნის გოლს მეტოქეს, ვერცერთი მწვრთნელის ტაქტიკა ვერ უშველის ასეთ გუნდს.
Georgi
06 ივნისი 2013 12:44
0
გასაგებია
Unknown
06 ივნისი 2013 12:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული