რატი ალექსიძე: ნაკრების წარუმატებლობას ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებ

AutoSharing Option
"დინამო", "ჩელსი", საქართველოს ეროვნული ნაკრები - ასეთი იყო რატი ალექსიძის პირველი ნაბიჯები ფეხბურთში...

ახლა ის 34 წლისაა და კიდევ აქვს იმის სურვილი, რომ ფეხბურთი ითამაშოს...

ალექსიძე 2009 წლიდან უნგრულ "დიორში" თამაშობდა და 2012/13 წლების სეზონში უნგრეთის ჩემპიონიც გახდა. 31 მაისს კი კახა კალაძის საბენეფისო შეხვედრაშიც ითამაშა.

ალექსიძემ საკმაოდ რთული გზა გაიარა. ერთი პერიოდი თავი დანებებულიც კი ჰქონდა ფეხბურთელობისთვის, მაგრამ მოახერხა და ხელახლა გახდა ფეხბურთელი - ეს არ არის უბრალო გადაწყვეტილება და მისი შესრულება განსაკუთრებულ ნებისყოფას მოითხოვს.

ალექსიძეს არაერთ საკითხზე ჩამოვუგდეთ
სიტყვა...

მინდა, იქ დავამთავრო ფეხბურთის თამაში, სადაც დავიწყე
- პირველ რიგში, ალბათ, ყველას აინტერესებს, რას აპირებ. ისევ უნგრეთში წახვალ თუ სხვა არჩევანს გააკეთებ?
- შეიძლება ითქვას, რომ "დიორიდან" წამოვედი, უნგრეთში კი მაინც მომიწევს ჩასვლა, რაღაც-რაღაცები მაქვს მოსაგვარებელი.

- გასულ სეზონში ბევრი არ გითამაშია, უნგრეთის ჩემპიონატის პირველი ტურების შემდეგ შემადგენლობაში აღარ ჩანდი - რა იყო ამის მიზეზი?
- უთანხმოება მქონდა მწვრთნელთან, იყო პირადული მომენტებიც. სეზონის ბოლოსკენ მწვრთნელს დაველაპარაკე, ბოლო შეხვედრაში ოცი წუთი ვითამაშე. მოედანზე გასულს გულშემატკივარი ტაშითა და შეძახილებით შემხვდა.

ახლა ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. ისეთ ასაკში ვარ, საკუთარ თავს დასვენების უფლებას ვერ მივცემ. ახლა რომ პაუზა გავაკეთო, მერე ძალიან გამიჭირდება ფორმაში შესვლა. კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩის დასრულების შემდეგ, შუაღამისას უნგრეთში გადავფრინდი ოჯახის წამოსაყვანად. მანქანაც ჩავაბარე კლუბს და წამოვედი. შემეძლო, ისევ დავრჩენილიყავი უნგრეთში, მაგრამ ამის სურვილი აღარ მაქვს. ეტყობა, ასაკის ბრალია, სამშობლოში მინდა ყოფნა, ჩემს ახლობლებსა და მეგობრებთან.

- ფეხბურთის თამაშს ისევ აპირებ?
- ყოველ შემთხვევაში, საკუთარ თავს ვატყობ, რომ თამაში ისევ შემიძლია. მინდა, იქ დავამთავრო ფეხბურთის თამაში, სადაც დავიწყე - საქართველოში.

- გაქვს კონკრეტული შემოთავაზებები ქართული კლუბებისგან?
- შეიძლება ითქვას, რომ კი. მერწმუნეთ, ჩემთვის მართლა ძალიან ძნელია ფეხბურთელობისთვის თავის დანებება, ამ გადაწყვეტილების მიღება მიჭირს. ფეხბურთში იმდენი დრო დავკარგე, რომ აღარ მეთმობა ეს საქმე.

- საქმის კურსში ხარ იმ ყველაფერზე, რაც ბოლო დროს ხდება ქართულ საკლუბო ფეხბურთში და საერთოდ, ქართულ ფეხბურთში?
- უნგრეთიდან სულ თვალყურს ვადევნებდი ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებს, ანუ წარმოდგენა მაქვს იმაზე, თუ რა ხდება. რაღაცნაირად ვგრძნობ, რომ ფეხბურთი საქართველოში ჯერ ისევ მისახედია. ადამიანს ადამიანურად უნდა დაუფასო შრომა და სამსახური. ეს ყველა სფეროში აუცილებელია და ასე უნდა ხდებოდეს ქართულ ფეხბურთშიც.

უნგრეთში ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიდის ფეხბურთი, თუმცა... საქართველოში ბურთი იციან, "პოდ სებიას" აკეთებენ, "კედელს" თამაშობენ. უნგრეთში კი ამ მხრივ მონოტონურობაა. საქართველოში ერთმანეთს ჭამენ; თუ ვინმეს კარგს შეამჩნევენ, მის მიმართ შურითა და ღვარძლით განეწყობიან იმის ნაცვლად, რომ იშრომო და სხვაზე უკეთესი გახდე.

ურთიერთობაში წნეხი დაუშვებელია
- ეროვნულ ნაკრებში აღარ თამაშობ, თუმცა ეს ისეთი თემაა, შენგან შორს რომ ვერ იქნება. არაერთისთვის დაგვისვამს კითხვა, თუ რატომ ვერ ახერხებს საქართველოს ნაკრები წინსვლას და ზუსტი პასუხის ჩამოყალიბება ყველას უჭირს...
- ეგ ისეთი თემაა, ხორცს რომ შეგიჭამს. თავის დროზე მეც ვიყავი ნაკრების ფეხბურთელი, ბიჭები მართლა თავს ვიკლავდით, მაგრამ...

არ ვიცი, ამ კითხვაზე რა გიპასუხოთ; ერთი კი შემიძლია გითხრათ - ნაკრებში წაგებული თამაშის შემდეგ კლუბში თავი არ გამომეყოფოდა, დამალვა მინდოდა.

- ბოლო დროს რაღაც-რაღაცები შეიცვალა, სახელმწიფო ჩვენთან ეხმარება სანაკრებო ფეხბურთს, თუმცა შედეგი მაინც არ ჩანს...
- ადრე მართლა სხვა ვითარება იყო. ახლაც არის მატჩები, ჩვენი ნაკრები კარგად რომ თამაშობს. ესპანეთთან კი დავმარცხდით, მაგრამ ურიგოდ ნამდვილად არ გვითამაშია, ოღონდაც ვერ გამიგია, რაღაც დონეზე რომ ავა ჩვენი ნაკრები, მერე ჩავარდნა რატომ აქვს, რატომ ჩნდება ამხელა სხვაობა ჩატარებულ მატჩებს შორის. როგორც უნდა იყოს, ამას ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებ.

- არის ასეთი თვალსაზრისიც - საქართველოს ახლანდელი ნაკრების ფეხბურთელებს სერიოზული ამოცანების გადაწყვეტა არ შეუძლიათ. შენ როგორ ფიქრობ?
- ჩემი აზრით, ამ ფეხბურთელებს შეუძლიათ სერიოზული ამოცანების გადაჭრა, უბრალოდ, ხელის შეწყობა სჭირდებათ. პირველ რიგში, დისციპლინა უნდა იყოს გუნდში, კარგი ფეხბურთელი კი საქართველოს სულ ჰყავდა და სულ ეყოლება; ჩვენთან ყოველთვის მოიძებნება ისეთი ფეხბურთელები, წინააღმდეგობას რომ გაუწევენ ევროპულ გუნდებს.

- საჭიროა თუ არა პრემია და სხვა ფინანსური მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისთვის - როგორ ფიქრობ, ეს სერიოზული განხილვის თემა არ უნდა იყოს?
- ჩემს დროს ნაკრებში თვითმფრინავის ბილეთის ფულიც კი მნიშვნელოვანი იყო ზოგი ფეხბურთელისთვის, ზოგი კი ამ ფულს ხელს არ ჰკიდებდა. ყველა დეტალს სერიოზულად უნდა მივუდგეთ, თუ წინსვლა გვინდა. უცხოეთში ვუყურებდი - ფეხბურთელს ნაკრებში რომ გამოიძახებდნენ, უხაროდა, დამატებითი შემოსავალი მექნებაო.

საქართველოს ნაკრებშიც უნდა იყოს ფინანსური ანაზღაურება ფეხბურთელებისთვის. არ ვამბობ, რომ ამისთვის მილიონები უნდა გამოყონ, მაგრამ ფინანსური წახალისება აუცილებელია. გზები უნდა მოიძებნოს, რომ ნაკრებმა რაღაცას მიაღწიოს.

- მწვრთნელის ფაქტორი - ამაზე რას იტყოდი?
- მწვრთნელი ფეხბურთელებს, პირველ რიგში, უნდა მიეხმაროს; ფეხბურთელებს კი მწვრთნელის რიდი უნდა ჰქონდეთ. ნერვები ყველას აქვს და მწვრთნელისა და ფეხბურთელების ურთიერთობაში წნეხი დაუშვებელია.

ქინქლაძეზე მაგარი ფეხბურთელი არ მინახავს
- ვინ არის შენთვის ისეთი თავდამსხმელი, ვისიც თეთრი შურით გშურს?
- სიამოვნებას ვიღებ მესის თამაშით. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, მესის ჭვინტით გაკეთებული პასით, მისი გრძნეული ფეხებით შესრულებული ილეთებით კარგ გუნებაზე ვდგები.

ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში გერმანელებმა მართლაც მაგრად ითამაშეს. გერმანულმა მანქანამ ესპანელები გადათელა, მე კი გული ძალიან დამწყდა, "ბარსელონამ" და "რეალმა" რომ წააგეს.

მესის მერე ყველაზე უფრო რობენის მშურს, პატარა ბავშვივით უხარია ფეხბურთის თამაში, არ თაკილობს და მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე იბრძვის.

ისე კი, გიო ქინქლაძეზე მაგარი ფეხბურთელი არ მინახავს.

- ფეხბურთის თამაშის გარდა, ყველაზე უფრო კიდევ რისი სურვილი გაქვს?
- სტადიონზე ერთი კაცის, ერთი გულშემატკივრის ხმასაც კი მნიშვნელობა აქვს. კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩში "დინამოს" სტადიონზე რომ ხალხი მოვიდა, ამდენი მაყურებლის თვალწინ ამ სტადიონზე მანამდე არასდროს მითამაშია. სიხარულისგან ისე დავიძაბე, რომ სუნთქვა მიჭირდა.

ჰოდა, ძალიან მინდა, რომ საქართველოს სტადიონებზე ხშირად მოვიდეს ამდენი მაყურებელი. ეს აუცილებელია, ეს ათამაშებს ფეხბურთს ფეხბურთელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ასეთმა ცხოვრებამ დამღალა - რატი ალექსიძე კარიერას ასრულებს?
რატი ალექსიძე: მინიმუმ ერთ სეზონს კიდევ ვითამაშებ
რატი ალექსიძის პორტრეტი: კენ ბეითსი არ შემცდარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული