ჩვენ და ყაზახები - სასიამოვნოა, როცა ფავორიტი ხარ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა მატჩი ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებულია და ამ შემთხვევაშიც არ არის გამონაკლისი: მერე რა, რომ არცთუ ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით. ისე, როგორც ჩვენი ნაკრების ისტორიაში ჩატარებული 181 შეხვედრის წინ, დღესაც წარმატების იმედი გვაქვს.

თანაც, მოგეხსენებათ, რომ ხშირად მართლაც არა ვართ განებივრებულნი ისეთი სიტუაცი(ებ)ით, როცა რომელიმე ოფიციალური თუ ამხანაგური მატჩის წინ წყვილის ფავორიტად... საქართველოს ნაკრებია მიჩნეული.

არადა, 14 აგვისტოს გასამართი მატჩის წინ სწორედ ამგვარი სიტუაციაა: ყველა უცხოური საბუკმეკერო კანტორა ყაზახეთი-საქართველოს ამხანაგურ შეხვედრაში უპირატესობას სტუმრებს ანიჭებს!

ჰოდა, ძალიანაც კარგი - ფავორიტის
სტატუსს გამართლება ხომ სჭირდება! ისე, როგორც, არცთუ სასიამოვნო სერიის დასასრულს: მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა ნაკრებმა ბოლო სამი მატჩი წააგო (საფრანგეთთან - 1:3, ირლანდიასთან - 0:4, დანიასთან - 1:2) და ვისურვოთ, რომ ეს ნავსი სწორედ 14 აგვისტოს გატყდეს...

ქეცბაიას 30-ე
...მართალია, 14 აგვისტოს შეხვედრა ამხანაგურ ხასიათს ატარებს, მაგრამ მაინც ორმაგი დატვირთვა უნდა "მოვუძებნოთ": ჯერ ერთი, 6 სექტემბერს ხომ თბილისში საფრანგეთს უნდა ვუმასპინძლოთ, კიდევ ოთხ დღეში კი - ფინელებს და ამ ორი ოფიციალური მატჩისათვის ყაზახებთან სპარინგი მართლაც მისწრებაა.

კი ბატონო, 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებს ლოკალური მიზანიღა (ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება) დარჩა, მაგრამ მომთხოვნი ქართველი გულშემატკივარი ჩვენი უპირველესი გუნდისგან ხომ ყოველთვის... ღირსეულ თამაშს ითხოვს!

...დღევანდელი მატჩი ერთგვარად საიუბილეო უნდა იყოს თემურ ქეცბაიასთვის, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 30-ე შეხვედრას ჩაატარებს.

ქეცბაიას "მონაგარს" მთლად უარყოფითსაც ვერავინ დაარქმევს: განვლილ 29 მატჩში ჩვენმა ნაკრებმა 10 მოიგო, 8 ფრედ დაამთავრა და 11 წააგო (ბურთების სხვაობა: 27-33); თუმცა, ალბათ, სასურველი იქნებოდა ოფიციალურ მატჩში მოგებების რაოდენობა... ამხანაგურ შეხვედრებში მოპოვებულ გამარჯვებებს რომ სჭარბობდეს...

სანაკრებო კარგია, საკლუბო...
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ 14 აგვისტოს არცთუ ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით და თუ პოსტსაბჭოურ პერიოდს გავიხსენებთ, უბრალოდ, უხერხულიც კი იქნება ქართული და ყაზახური ფეხბურთის ერთმანეთთან შედარება, - იმდენად მაღლა იდგა მაშინდელი თბილისის "დინამო" ყაზახეთის საუკეთესო გუნდზე, ალმაათის "ქაირათზე"!

თუმცა, იმის მერე დიდი დრო გავიდა, "დინამოსგან" განსხვავებით, "ქაირათი" ნამდვილად ვერ არის ყაზახეთის საუკეთესო კლუბი და ამ ქვეყნის ჩემპიონატში ბოლო წლებში ახალ-ახალი გუნდები ("ტობოლი", "აქტობე", "ირტიში", "ასტანა") დომინირებენ.

აღარაფერს ვამბობთ ყარაღანდის "შახტიორზე" - პოსტსაბჭოთა პერიოდში ეს გუნდი საკავშირო II ლიგაში ასპარეზობდა, ახლა კი... ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფშია გასული!

... საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებები აქამდე ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორივე მატჩი ოფიციალური იყო.

პირველი დაპირისპირება 2005 წლის 17 აგვისტოს შედგა და ეს მატჩი იმით იყო დასამახსოვრებელი, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა გაიოზ დარსაძეს. ამ შეხვედრას ჩვენი ნაკრები უსიამოვნო სტატისტიკით შეხვდა - ზედიზედ სამი მატჩი წავაგეთ (საბერძნეთთან, თურქეთთან, ალბანეთთან), რასაც ფრანგი მწვრთნელის, ალენ ჟირესის გათავისუფლება მოჰყვა.

თავისი სადებიუტო მატჩისთვის დარსაძემ ნაკრებში სერიოზული ცვლილებები განახორციელა: ნაკრებში დააბრუნა დავით მუჯირი, გიორგი გახოკიძე, ზურაბ მენთეშაშვილი და ჯაბა კანკავა; ნდობა გამოუცხადა დავით ოდიკაძესაც, რომელიც ჟირესის დროს მხოლოდ ერთხელ (ისიც შეცვლაზე, მატჩის მიწურულს) გამოჩნდა ჩვენს უპირველეს გუნდში. ორ ფეხბურთელს კი სულაც დებიუტი ჰქონდა: კახა ალადაშვილსა და 17 წლის გიორგი განუგრავას.

ყაზახებთან მატჩში მონაწილეობდა ნაკრების ყველა შეუცვლელი ფეხბურთელიც: კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი - ორად-ორი გამონაკლისი მხოლოდ შოთა არველაძე და მალხაზ ასათიანი გახლდათ.

Sportall.Ge

...დებიუტი მშვენიერი გამოდგა: წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენებმა თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლეს და გიორგი დემეტრაძის "დუბლით" 2:1 მოვიგეთ.

ყაზახებთან სტუმრად გამარჯვებას შინ უკრაინელების გამწარება მოჰყვა: სტუმრები მოგების შემთხვევაში 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ინაღდებდნენ, მაგრამ ანდრეი შევჩენკოს, ანდრეი ვორონინის, ანატოლი ტიმოშჩუკისა და სერგეი რებროვის გუნდს არაფერი დავუთმეთ და უმაყურებლო (!) თამაშის ბოლო წუთზე გოგა გახოკიძემ ზღაპრული საჯარიმო დარტყმით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (1:1).

სამწუხაროდ, ამის მერე იყო "დანიური კოშმარი" (1:6)...

ყაზახეთთან საშინაო შეხვედრას ჩვენი ნაკრები როგორ ხასიათზე შეხვდებოდა, ადვილი მისახვედრია. არადა, ძალიან დიდი შანსი იყო, ყაზახებთან მეორე მატჩიც მოგვეგო - პირველი შეხვედრის გმირმა გიორგი დემეტრაძემ მე-7 წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა!

Sportall.Ge

საბოლოოდ, ის მატჩი 0:0 დამთავრდა, თუმცა დასამახსოვრებელი ფაქტ(ებ)ი მაინც სხვა იყო - საქართველოს ნაკრებში პირველი შეხვედრა ჩაატარა იმ დროისათვის 18 წლის მეკარემ ნუკრი რევიშვილმა, მატჩის მიწურულს კი მიხეილ აშვეთიას ნაცვლად მოედანზე შემოვიდა 17 წლის რატი წინამძღვრიშვილი, ვისთვისაც ასევე დებიუტი იყო...

დაბოლოს, ქართულ-ყაზახურ საკლუბო დაპირისპირებებზეც, სადაც, ჩვენდა სამწუხაროდ, სასიამოვნო გასახსენებელი არაფერია: 5 შემთხვევიდან მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა ჩვენმა გუნდმა (რუსთავის "მეტალურგი") შეძლო ყაზახური ბარიერის დაძლევა.

საკლუბო დონეზე საერთო სტატისტიკა კი ასეთია: 10 მატჩი, 2 მოგება, 4 ფრე, 4 წაგება (ბურთების სხვაობა: 7-12)...

ქართულ-ყაზახურ ურთიერთდაპირისპირებათა ისტორია

სანაკრებო

მსოფლიოს ჩემპიონატი 2006. შესარჩევი ციკლი
17.08.05. ალმათი. 9 000 მაყურებელი
ყაზახეთი-საქართველო 1:2
1:0 კენჟეკხანოვი (23), 1:1 დემეტრაძე (50), 1:2 დემეტრაძე (82)
ყაზახეთი: დ. ლორია, ფამილცევი, კუჩმა, ირისმეტოვი, ხოხლოვი, ტრავინი, აზოვსკი (57. ნიზოვცევი), ლარინი (82. ჩიჩულინი), ბაიჟანოვი, ჟუმასკალიევი, კენჟეკხანოვი (64. კროხმალი).
საქართველო: ლომაია, ალადაშვილი (78. ოდიკაძე), ხიზანიშვილი, კალაძე, კობიაშვილი, მენთეშაშვილი, კანკავა, ცქიტიშვილი, იაშვილი (67. დ. მუჯირი), გახოკიძე, დემეტრაძე (90. განუგრავა).
კაპიტანი: კახა კალაძე
მთავარი მწვრთნელი: გაიოზ დარსაძე
გაფრთხილება: ტრავინი; ცქიტიშვილი, ხიზანიშვილი, ალადაშვილი, მენთეშაშვილი.
არბიტრი: რ. ჰავრილა (სლოვაკეთი)

08.10.05. თბილისი. უმაყურებლოდ
საქართველო-ყაზახეთი 0:0
საქართველო: რევიშვილი, მჟავანაძე, სალუქვაძე, კალაძე, კობიაშვილი, კანკავა, განუგრავა, ასათიანი, დ. მუჯირი, აშვეთია (86. წინამძღვრიშვილი), დემეტრაძე.
კაპიტანი: კახა კალაძე
მთავარი მწვრთნელი: გაიოზ დარსაძე
ყაზახეთი: დ. ლორია, მუკანოვი, კუჩმა (52. ფამილცევი), ირისმეტოვი, ლარინი (54. ხოხლოვი), ტრავინი, აზოვსკი, ნიზოვცევი, სმაკოვი, ჟუმასკალიევი, კენჟეკხანოვი (65. ლატვინენკო).
გაფრთხილება: კობიაშვილი, ასათიანი; ლორია, ნიზოვცევი, აზოვსკი, ირისმეტოვი.
არბიტრი: ი. ჰიიტია (ფინეთი)

საკლუბო
ჩემპიონთა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
17.07.07. რუსთავი. 4 000 მაყურებელი
ოლიმპი-ასტანა 0:0
ოლიმპი: მერლანი, მახვილაძე, ჭიჭვეიშვილი, ორბელაძე, ნავალოვსკი, აკუსაგა, სილაგაძე (66. კოშკაძე), ჟივკოვიჩი (46. რ. ჯიქია), გეწაძე, დვალიშვილი, დვალი (56. მასუანგა).
გაფრთხილება: დვალი, გეწაძე; ტოდოროვი, ჟალმაგამბეტოვი, ჩიჩულინი, კუჩმა.
არბიტრი: მ. ბორსკი (პოლონეთი)

24.07.07. კუსტანაი. 4 000 მაყურებელი
ასტანა-ოლიმპი 3:0
1:0 კუჩმა (12), 2:0 ტლეხუგოვი (55), ჟალმაგამბეტოვი (84)
ოლიმპი: მერლანი, მახვილაძე, ჭიჭვეიშვილი (51. დვალი), ორბელაძე, ნავალოვსკი, აკუასაგა, სილაგაძე, ქებაძე (66. კოშკაძე), გეწაძე, კახელიშვილი (70. დვალიშვილი), რ. ჯიქია.
გაფრთხილება: ტოდოროვი, ბოიჩენკო; სილაგაძე.
გაძევება: ჯიქია
არბიტრი: ვ. ბანარი (მოლდოვა)

ინტერტოტოს თასი
23.06.07. კუსტანაი. 6 500 მაყურებელი
ტობოლი-ზესტაფონი 3:0
1:0 ჟუმასკალიევი (61), 2:0 ბალტიევი (63), 3:0 ბაკაევი (73)
ზესტაფონი: ჭანტურია, საჯაია, ს. თოდუა, სანტოსი (35. გ. ჩხეტიანი), რ. ონიანი, ჟონატასი (46. ნ. კვასხვაძე), კესანი, კ. ჩხეტიანი, გ. ნუგზარის ძე ჭელიძე, ვიეირა (70. სანაია), ფიფია.
გაფრთხილება: ხარაბარა; საჯაია, რ. ონიანი.
არბიტრი: მ. იუგი (სლოვენია)

ზესტაფონი-ტობოლი 2:0
30.06.07. თბილისი. 1 500 მაყურებელი
1:0 საჯაია (3), 2:0 კ. ჩხეტიანი (37)
ზესტაფონი: ჭანტურია, საჯაია, სანტოსი, ს. თოდუა, რ. ონიანი, ნ. კვასხვაძე, ბენაშვილი (60. ჟონატასი), კესანი, კ. ჩხეტიანი, ვიეირა (90. გ. ღონღაძე), ფიფია.
გაფრთხილება: საჯაია, ფიფია; ბალტიევი, ოტაპენკო
არბიტრი: ვ. სვილიკოში (ხორვატია)

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი
14.07.10. აქტობე. 10 000 მაყურებელი
აქტობე-ოლიმპი 2:0
1:0 სმაკოვი (40. პენალტით), 2:0 სმაკოვი (53)
ოლიმპი: ბედიაშვილი, თ. ღონღაძე, კვახაძე, რეხვიაშვილი, ქემოკლიძე, გ. ნუგზარის ძე ჭელიძე (86. დოლიძე), რაზმაძე, დ. ბოლქვაძე (75. ხიდეშელი), გეწაძე, ჭედია (56. დობროვოლსკი), მოდებაძე.
გაფრთხილება: ღონღაძე
არბიტრი: ბ. ილდირიმი (თურქეთი)

21.07.10. რუსთავი. 4 200 მაყურებელი
ოლიმპი-აქტობე 1:1
1:0 რეხვიაშვილი (30), 1:1 ტლეშევი (90)
ოლიმპი: ბედიაშვილი (79. ბათიაშვილი), თ. ღონღაძე, კვახაძე, რეხვიაშვილი, ქემოკლიძე, გ. ნუგზარის ძე ჭელიძე (68. დოლიძე), რაზმაძე, დობროვოლსკი, დ. ბოლქვაძე, გეწაძე (53. ჭედია), მოდებაძე.
გაფრთხილება: ქემოკლიძე, დობროვოლსკი; კარპოვიჩი, ხაირულინი, გოლოვსკოი, ბა, ბონო.
არბიტრი: ა. დეაკონუ (რუმინეთი)

ევროპალიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი
14.07.11. რუსთავი. 3 000 მაყურებელი
მეტალურგი-ირტიში 1:1
1:0 კვახაძე (73), 1:1 დასკალოვი (79)
მეტალურგი: ბედიაშვილი, მახვილაძე, კვახაძე, ორბელაძე, ჯაფარიძე, ი. მაისურაძე, რაზმაძე, გ. მიქაბერიძე (84. ტყემალაძე), გეწაძე (78. ქავთარაძე), ქობალია (64. ტატანაშვილი), მოდებაძე.
გაფრთხილება: გეწაძე, ქავთარაძე, მახვილაძე, ტყემალაძე; ჩერნიშოვი, ივანოვი.
არბიტრი: რ. აისნერი (ავსტრია)

21.07.11. პავლოდარი. 6 000 მაყურებელი
ირტიში-მეტალურგი 0:2
0:1 ქობალია (23), 0:2 მოდებაძე (57)
მეტალურგი: ბედიაშვილი, მახვილაძე, ორბელაძე, კვახაძე, ჯაფარიძე, ი. მაისურაძე, რაზმაძე, გ. მიქაბერიძე (79. ტყემალაძე), გეწაძე (64. ტატანაშვილი), ქობალია (75. ქავთარაძე), მოდებაძე.
გაფრთხილება: მოდებაძე
არბიტრი: გ. იორდანოვი (ბულგარეთი)

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
05.07.12. ქუთაისი. 5 000 მაყურებელი
ტორპედო-აქტობე 1:1
1:0 საბანაძე (62), 1:1 ბიკმაევი (82)
ტორპედო: მიგინეიშვილი, რიგვავა, გამეზარდაშვილი, კვახაძე, გ. გურული, დიღმელაშვილი, გ. დათუნაიშვილი, დოლიძე (75. იოსელიანი), კუხიანიძე (81. ფანცულაია), საბანაძე, რ. გოცირიძე (59. ვ. ბოლქვაძე).
გაფრთხილება: რიგვავა, დიღმელაშვილი, გურული
არბიტრი: ტ. ოზკალფა (თურქეთი)

12.07.12. აქტობე. 12 000 მაყურებელი
აქტობე-ტორპედო 1:0
1:0 ბიკმაევი (75)
ტორპედო: მიგინეიშვილი, რიგვავა, გამეზარდაშვილი, კვახაძე, გ. გურული, დიღმელაშვილი (57. ფირცხალავა), გ. დათუნაიშვილი, დოლიძე (63. ე. გრიგალაშვილი), ვ. ბოლქვაძე, საბანაძე, რ. გოცირიძე (79. ტუღუში).
გაფრთხილება: გურული
არბიტრი: ა. ლიჩმანსკი (პოლონეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თავზე რო დაახურებენ ყველაფერს დღეს ჩვენ ნაკრებს მერე იძახე კიდე კარგია ფავორიტები რო ვართო :D:D:D:D იმის ტვინში ჩამახედა ვინც თქვენ ჟურნალისტის დიპლომები მოგცათ
Vicky
13:01 14-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული