ბაჩანა ცხადაძე: საქართველოს ნაკრებში გამოძახებას არ ველოდი

AutoSharing Option
ბაჩანა ცხადაძე საქართველოს ნაკრებში პირველად გამოიძახეს. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებისთვის (6 სექტემბერს "დინამო არენაზე" - საფრანგეთის ნაკრებთან, 10 სექტემბერს - "მიხეილ მესხზე" ფინეთთან) თემურ ქეცბაიამ სიაში ბაქოს "ინტერის" თავდამსხმელიც შეიყვანა.

ბოლო ორი წელია, ბაჩანა ცხადაძე "ინტერის" თავდასხმის ლიდერია. 25 წლის ფორვარდმა წლეულს, ევროპალიგაზეც თავი გამოიჩინა - ფინურ "მარიეჰამნთან" გასვლაზე მოგებულ (2:0) შეხვედრაშიც გაიტანა და შინ - ნორვეგიულ "ტრომსოსთანაც" (1:0).

აზერბაიჯანის ჩემპიონატი კი "ინტერმა" ცუდად დაიწყო - ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო.

კახა ცხადაძის
გუნდმა პირველი გამარჯვება (5:1) გასულ
უქმეებზე, ბაქოს "რავანთან" გასვლით შეხვედრაში მოიპოვა და ამაში მთავარი მწვრთნელის ვაჟმა ლომის წილი დაიდო: 1:1-ზე მან 12 წუთში ჰეთ-თრიქი შეასრულა და "ინტერისთვის" 3 ქულა უზრუნველყო.

უმცროსი ცხადაძის კარგი თამაში "აზერი ფუტბოლმა" დააფასა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში ქართველის მოხვედრა ასე ახსნა:

"ეს იყო კრიტიკოსების მიმართ ბაჩოს ღირსეული პასუხი.

გასულ სეზონში "ინტერის" საუკეთესო თავდამსხმელმა ისეთი გოლები გაიტანა, ყველა გემოვნების მაყურებელს მოეწონებოდა: თავით, დასწრებაზე და საჯარიმოს გარედან შორეული დარტყმით, თანაც - როგორი დარტყმით!

უცნაურია, რომ ცხადაძის კარგი თამაში გუნდში ილჩო ნაუმოსკის გამოჩენას დაემთხვა. ნუთუ ზურგსუკან კონკურენტს უნდა გრძნობდე, კარგად რომ ითამაშო?"

* * *
"ცხადია, ნაკრებში გამოძახება სასიხარულოა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასაკობრივ და ახალგაზრდულ ნაკრებებშიც არ მითამაშია. ამიტომ, გულახდილად რომ გითხრათ, ქეცბაიას დაინტერესება მოულოდნელი იყო.

მით უფრო, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებს ნაკრებში იშვიათად იწვევენ.

ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და სულ სხვა პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ახლა საფრანგეთსა და ფინეთს ვმასპინძლობთ. უნდა ვეცადოთ, რომ ნაკრების რეიტინგი გავაუმჯობესოთ. კარგი იქნება, თუ ჯგუფში მე-3 ადგილს დავიკავებთ",
- ამბობს ცხადაძე.

სხვათა შორის, ცხადაძემ კარიერაში ჰეთ-თრიქი პირველად შეასრულა:

"ორი გოლი რამდენჯერმე გამიტანია, მაგრამ ერთდროულად სამი - პირველად. მახარებს ისიც, რომ გუნდს, და პირადად მამაჩემს, მძიმე მომენტში დავეხმარე.

ზედიზედ სამი წაგების შემდეგ "რავანთანაც" ცუდად დავიწყეთ და გოლი გავუშვით. თან გასვლაზე ვთამაშობდით და თამაშის შემოტრიალება ძნელი იყო, მაგრამ აუცილებლად უნდა მოგვეგო.

ამდენი წაგების გამო კახას გადადგომა სურდა, მაგრამ ხელმძღვანელობამ გადააფიქრებინა. ჩვენ გვამშვიდებდა, არადა, თავად უფრო ნერვიულობდა. მოგება ჰაერივით გვჭირდებოდა. მეც, რაც ძალა და ღონე მქონდა, მოედანზე დავდე და მიხარია, რომ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე".

...მაგრამ მანამდე იყო ზედიზედ სამი მარცხი, რაც კახა ცხადაძის გუნდს არასოდეს ჰქონია. "ინტერის" შემტევი წარუმატებელი სტარტის მიზეზებზეც ლაპარაკობს:

"ასეთმა დასაწყისმა ყველა შოკში ჩაგვაგდო, მაგრამ წარუმატებლობას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა.

ჯერ ერთი ის, რომ ევროპალიგაზე კარგად ვითამაშეთ. "მარიეჰამნის" შემდეგ "ტრომსოს" შინ მოვუგეთ, მეტოქეს გასვლაზეც ვჯობდით და გვეგონა, გავიდოდით, მაგრამ... მაინც წავაგეთ და გავვარდით. ამას კი ნამდვილად არ ვიმსახურებდით. ყველას გული დაგვწყდა და ამან ფსიქოლოგიაზეც იმოქმედა.

მეორე მიზეზი ისაა, რომ პირველივე ტურში, "ყარაბაღთან", ლაშა სალუქვაძე დაგვიშავდა და დაცვაში აშკარად ავირიეთ.

მესამე მიზეზი კი საგოლე მომენტების რეალიზაციის დაბალი დონეა. "რავანთან" მოგებამ ყველაფერი შეცვალა, ახლა ფსიქოლოგიური წნეხი მოგვეხსნა და თავს უკეთესად ვგრძნობთ".


ბაჩანა ცხადაძეს გუნდის ახალწვეულზე, ალექსანდრე იაშვილზეც ვკითხეთ:

"მასზე ახალს ვერაფერს ვიტყვი. ჯერ ერთი, იაშვილი ძალიან კარგი ადამიანია და მეორეც - სამაგალითო პროფესიონალია და მეამაყება, მის გვერდით რომ ვთამაშობ.

რომ არ იცოდე, რომ 36 წლისაა, ვერც შეატყობ. ყველა ახალგაზრდაზე ბევრს მოძრაობს და ყველაზე მეტად მონდომებულია, თან კარგ ფორმაშიცაა".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაიამ საფრანგეთთან და ფინეთთან მატჩებისთვის ორ დებიუტანტს უხმო
მკითხველის კომენტარები / 4 /
Dinamo Fan - სანამ ფანები შენნაირად იაზროვნებენ, მანამდე დინამო ისე იტამაშებს როგორც ტოტენჰემთან. ზესტაფონში რომ წამოვიდეს და 'ქართული ფეხბურთისთვის რამე გააკეთოს', თამაშს რომ თავს დაანებეს შენ შეინახავ? გადაიხადე რამდენსაც იმსახურებს და წამოვა, რა არის აქ ასე ძნელად შესაგნები?
joni
19:25 28-08-2013
0
იმ ბიჭს ჩემს კომენტარს რომ გამოეხმაურა...

მერე შე დალოცვილო მაგას არ ამბობს ყველა? ფულის გამო აზერბაიჯანებში ყატარებში და რუსეთის მეთვრამეტე დივიზიონებში რომ თამაშობენ? რატო უნდა ქონდეს ამას ამხელა ხელფასი? აზერბაიჯანის ჩემპიონატში ერთი ფეხი გაიქნია და 4000 ევრო უნდა ჩაუჯიბონ? თუ იმიტომ რომ მანდ მაგდენს უხდიან? მანდ თუ მაგდენს უხდიან ეგ აზერბაიჯანია და ეს საქართველოა , ეს მისი სამშობლოა და სანამ ამას ყველა არ გაითავისებს არაფერი ეშველება ქართულ ფეხბურთს! შენ კი ცოტა ტვინი გაანძრიე და ფულებზე ნუ ლაპარაკობ!
Dinamo Fan
18:32 28-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული