საქართველოს ეროვნული ნაკრები: სია და ამბავ-ხა ბარი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს თითქოს ჩვევად აქვს - შესარჩევი ციკლის ბოლოს, შემოდგომაზე, ერთი გემრიელი მოგებით გაახარებს ხოლმე გულშემატკივარს. ამის შანსი ჩვენს ეროვნულ გუნდს ახლაც აქვს - 6 სექტემბერს ფრე საფრანგეთთან, ხოლო ოთხი დღის შემდეგ გამარჯვება ფინეთთან.

ეს ის შედეგი იქნება, რაც ჩაფლავებულ ციკლს დაგვავიწყებს და ქომაგს მომავლის იმედს გაუღვივებს...

დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა. გუნდში ვერ არის ის ატმოსფერო, როგორიც გვინდა, რომ იყოს, მაგრამ საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება და იქნებ დადებითი მუხტი ამან გააჩინოს.

ამ მატჩებისთვის სანაკრებო სია უკვე ცნობილია. ხშირად ეროვნული გუნდის
მწვრთნელი შემადგენლობას თვეებით ადრე ატრიალებს ტვინში, სადაც ჩვენ არ ვიცით, რა ხდება, მაგრამ ვარაუდების უფლება ნამდვილად გვაქვს.

თემურ ქეცბაია, ალბათ, 29 აგვისტოს ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩებს დაელოდება, რათა გადაწყვიტოს - საფრანგეთთან კარში გიორგი ლორია დააყენოს თუ ნუკრი რევიშვილი. საფრანგეთთან სტუმრად 1:3 რომ წავაგეთ, ლორიამ თავისი საუკეთესო თამაში ვერ გვიჩვენა. ამასობაში რევიშვილი ათამაშდა კარგად და თუ ვენის "რაპიდთან" თბილისში რიგიანად გაირჯება, ნაკრების მწვრთნელისგან მეტ ნდობასაც დაიმსახურებს.

დაცვაში ჩვენს გუნდს, რომ იტყვიან, ჭაკად აქვს საქმე. ზურაბ ხიზანიშვილი ისე ვეღარ თამაშობს, როგორც - თავის საუკეთესო წლებში, მაგრამ ქეცბაია მას მაინც იწვევს ნაკრებში - ვეტერანის ალღო და გამოცდილება ცოტას როდი ნიშნავს. თუ მწვრთნელი საფრანგეთთან და ფინეთთანაც ჩაკეტილ თამაშს აირჩევს, ხიზანიშვილი ალბათ ისევ სასტარტოში იქნება და მის მეწყვილედ დაცვის ცენტრში, სავარაუდოდ, ალექსანდრე ამისულაშვილს ვიხილავთ.

სიას თუ გადავხედავთ, დაცვის ხაზზეც შეიძლება იმის თქმა, ესა თუ ის ფეხბურთელი რატომ არ გამოიძახაო. მაგალითად, გორის "დილას" ჰყავს ორი ისეთი ცენტრალური მცველი, სანაკრებო დონისთვის შესაფერისად რომ მივიჩნიოთ - ოთარ ხიზანეიშვილი და მამუკა კობახიძე. როცა ნაკრების უკვე მერამდენე შეხვედრაში მოირღვა დაცვის ცენტრი, რატომ არ შეიძლება, რომ 21 წლის კობახიძეს მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება? მით უმეტეს მაშინ, როცა ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ არსებობს.

ხიზანიშვილი ოქტომბერში 32 წლის გახდება, ამისულაშვილს ახლახან შეუსრულდა 31 წელი და, ალბათ, დროა, დამდეგი შესარჩევისთვის გუნდის მომავალზეც ვიფიქროთ.

სწრაფი, მოდრიბლინგე, ჭკვიანი, აგრესიული - ეროვნული ნაკრებისთვის ასეთი განაპირა მცველები დღეს ნამდვილად არ გვყავს და ალბათ, იმას უნდა დავჯერდეთ, რა კონტინგენტიც არის გამოძახებული.

ნაკრების ნახევარდაცვაში გამოჩნდა საინტერესო ფეხბურთელი - 23 წლის ელგუჯა გრიგალაშვილმა "ტოტენჰემთან" თბილისურ შეხვედრაშიც დაამტკიცა, რომ ნაკრებში გამოძახების ღირსია. ქეცბაიამ აღარ გამოიძახა გორის "დილას" შუახაზელი ლაშა გვალია და მას დინამოელი ირაკლი ძარია ამჯობინა.

სათამაშო პრაქტიკა უკვე აქვს ჯანო ანანიძეს და ვნახოთ, იქნებ ისე აღარ ჩაიკარგოს მოედანზე, როგორც საფრანგეთთან გასვლით შეხვედრაში.

ქეცბაია და ლევან ყენია - ვფიქრობ, სანამ საქართველოს ნაკრებს ეს მწვრთნელი თავკაცობს, ყენია სტრატეგიული მნიშვნელობის ფეხბურთელი ვერ იქნება ჩვენი ეროვნული გუნდისთვის.

ქეცბაიამ აღარ გამოიძახა ირაკლი სირბილაძე. სამაგიეროდ, ნაკრების სიაში პირველად გამოჩნდა ორი თავდამსხმელი - გიორგი ილურიძე და ბაჩანა ცხადაძე.

ილურიძე 21 წლისაა და ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელად მოიაზრებოდა 5 სექტემბერს ლუქსემბურგთან და 9 სექტემბერს სლოვაკებთან მატჩებისთვის. ალექსანდრე ჩივაძის გუნდს შესარჩევი ეტაპი ამ შეხვედრებით ეწყება და კარგი სტარტი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი 21-წლამდელები ხომ ჯგუფიდან გასვლას გეგმავენ. ამ დროს კი ქეცბაიამ ჩივაძეს ილურიძე წაჰგვარა.

თქმა რად უნდა, პრიორიტეტი ეროვნული გუნდი უნდა იყოს, მაგრამ ეროვნული ნაკრები ჩაფლავებულ ციკლს ამთავრებს, ახალგაზრდული კი შესარჩევს იწყებს და მიზანიც აქვს დასახული.

25 წლის ბაჩანა ცხადაძე სამი წელია, რაც საქართველოდან აზერბაიჯანში წავიდა, ბოლო დროს გოლებს მოუხშირა. ვერ გეტყვით, იყო თუ არა ქეცბაია ჩასული აზერბაიჯანში ცხადაძის თამაშის სანახავად, მაგრამ ნდობა რომ გამოუცხადა, ფაქტია.

უფრო რისთვის იყენებს შესარჩევში დარჩენილ მატჩებს ქეცბაია - ჯგუფში მესამე ადგილის დასაკავებლად თუ მომდევნო ციკლისთვის მოსამზადებლად? - ამ კითხვაზე პასუხს, ალბათ, მალე მივიღებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაიამ საფრანგეთთან და ფინეთთან მატჩებისთვის ორ დებიუტანტს უხმო
NO COMMENT! - ლევან ყენიამ თემურ ქეცბაიას თემა დახურა
ბაჩანა ცხადაძე: საქართველოს ნაკრებში გამოძახებას არ ველოდი
უზომოდ ბედნიერი ვარ! - გიორგი ილურიძე ჯერ ნაკრებში, მერე... "ჰაიდუკში"
კვირის 1000 წვრილმანი: თავისუფალი დრო
მკითხველის კომენტარები / 5 /
"ქეცბაიამ კი ჩივაძეს ილურიძე წაჰგვარა" ვაი თქვენს პატრონს თქვე ვაი ჟურნალისტებო ! რაზე აკრიტიკოთ ქეცო აღარ იცით!:)))))))))
Dinamo Fan
16:05 28-08-2013
0
თუ გაუვარდა და მესამე ან მეოთხე ადგილი დაიკავა მაშინ იტყვის ამისთვის ვამზადებდი გუნდსო და თუ ბოლოზე გავიდა მაშინ მომოვალი ციკლისთვის ვამზადებ გუნდსო!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული