ფრანგები თბილისში დიდი ხნით ჩამოფრინდნენ

AutoSharing Option
4 სექტემბერს, 17 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისით მსოფლიოსა და ევროპის ექსჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები ჩამოფრინდა.

იყო ჩვეულებრივი აჟიოტაჟი, თუმცა არ ყოფილა გულშემატკივართა ტრადიციული სიმრავლე, სტუმართაგან თავის დაფასება; ქართულ მედიასთან ურთიერთობაზე უარი კი უკვე ჩვეული მოვლენაა - ეს ლამის ყველა სტუმრის სტილია.

ვერ გეტყვით, როგორც იქცევიან ამ რანგის გუნდები სხვა ქვეყნებში სტუმრობისას, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში, სამწუხაროდ, არც ისე სასიამოვნო ქვეტექსტები იგრძნობა...

ფრანგები აეროპორტის ძველი გასასვლელიდან ავტობუსით გამოვიდნენ და ავტობუსიდანაც გულშემატკივრებს ხელი მხოლოდ პატრის ევრამ და მუსა სისოკომ დაუქნიეს.

ფრანკ რიბერი
ავტობუსის ბოლოში იჯდა. ერთი კი გამოგვხედა, მაგრამ... ვერ "შეგვამჩნია".

ასევე მოხდა სასტუმრო "რედისონშიც", სადაც სტუმრები დაბინავდნენ. საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი თბილისში 24-კაციანი (თავიდან 25 ფეხბურთელი ჰყავდა გამოძახებული) შემადგენლობით გვესტუმრა:

მეკარეები: მიკაელ ლანდრო (ბასტია), უგო ლორისი (ტოტენჰემი), სტივ მანდანდა (მარსელი);
მცველები: ერიკ აბიდალი (მონაკო), გაელ კლიში (მანჩესტერ სიტი), მეტიუ დებუში (ნიუკასლი), პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი), ლორან კოშილნი (არსენალი), ელიაკიმ მანგალა (პორტუ), ადილ რამი (ვალენსია), ბაკარი სანია (არსენალი);
ნახევარმცველები: მაქსიმ გონალონსი (ლიონი), ჯოშუა გილავოგი (სტ. ეტიენი), ჯეფრი კონდობია (სევილია), ბლეზ მატუიდი (პსჟ), პოლ პოგბა (იუვენტუსი), მუსა სისოკო (ნიუკასლი);
თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა (რეალი), ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი), ოლივიე ჟირუ (არსენალი), სამირ ნასრი (მანჩესტერ სიტი), დიმიტრი პაიე (მარსელი), ფრანკ რიბერი (ბაიერნი), მატიე ვალბუენა (მარსელი).

თბილისში გამომგზავრებამდე დეშამმა ერთი ცვლილება განახორციელა: ტრავმირებული ეტიენ კაპუს ნაცვლად, "ლიონის" ნახევარმცველი მაქსიმ გონალონსი გამოიძახა. სახლში დარჩა "ლიონის" 22 წლის ნახევარმცველი კლემან გრენიეც, რომელიც "სოსიედადთან" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრისას დაშავდა.

ჯერჯერობით დეშამს ამ გრენიეს შემცვლელი არ დაუსახელებია. არ არის გამორიცხული, "მამლების" თავკაცმა ახალი მოთამაშე თბილისური მატჩის შემდეგ დაიმატოს ან საერთოდაც უარი თქვას მასზე.

...ბოლო ორ კვირაში ქართველების წინააღმდეგ მეორე მატჩისთვის ემზადება მეკარე უგო ლორისი. 22 აგვისტოს ის თბილისში "ტოტენჰემის" კარს იცავდა, საპასუხო შეხვედრისას კი ისვენებდა...

საღამოს სტუმრები "დინამოს" ბაზაზე მივიდნენ, სადაც 20:30 საათზე დახურული ვარჯიში ჩაატარეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, დეშამი პრესკონფერენციას 5 სექტემბერს, 18 საათზე, "დინამო არენის" მედიაცენტრში გამართავს, 19:30 წუთიდან "მამლები" იმავე არენაზე ივარჯიშებენ.

მედიას (და არავის - სხვას) მხოლოდ 15 წუთი ექნება იმისთვის, რომ ფრანგების ვარჯიშს თვალი მიადევნოს.

სხვათა შორის, 6 სექტემბრის მატჩის შემდეგ ფრანგები თბილისში კიდევ ორ დღეს დარჩებიან და ბელორუსთან მატჩისთვის მზადებას აქ გააგრძელებენ.

7 სექტემბერს, 17 საათზე, სასტუმრო "რედისონში" დეშამმა მეორე თბილისური პრესკონფერენცია დაგეგმა. იმავე დღეს, საღამოს 19 საათიდან, "დინამოს" ბაზაზე საფრანგეთის ნაკრები ღია ვარჯიშს ჩაატარებს - ამ შემთხვევაშიც მხოლოდ მედიისთვის.

* * *

ამასობაში მატჩისთვის მზადებას განაგრძობს საქართველოს ნაკრებიც. ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და სრული დატვირთვით ემზადება.

ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, თემურ ქეცბაია მატჩისწინა ოფიციალურ პრესკონფერენციას "ბასაზე", 12 საათზე გამართავს.

იქვე გაიმართება (18 საათზე) ნაკრების ბოლო ვარჯიშიც და არა იქ (როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე), სადაც 6 სექტემბრის მატჩი უნდა ჩატარდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოლოს რა გაუგებრად წერია სად ჩაატარებენ ქართველი ფეხბურთელები ბოლო ვარჯიშს
levani
11:34 05-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული