გამოკითხვა ჟურნალისტებში: უნდა დარჩეს თუ არა ნაკრებში თემურ ქეცბაია?

AutoSharing Option
ჟურნალისტების პოზიცია ყოველთვის ანგარიშგასაწევი იყო. მასმედიის აზრი და ამა თუ იმ საკითხისადმი დამოკიდებულება განსაკუთრებით იქ ფასობს, სადაც დალაგებული ქვეყანაა.

რა დაიწერება ბეჭდვით თუ ელექტრონულ მედიაში, რა ითქმება ტელევიზიით თუ რადიოთი - ეს არის ერთ-ერთი ბოძი, რაზეც დგას სახელმწიფო და მისი საზოგადოება.

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია ისე დანიშნეს, მაშინდელმა ხელისუფლებამ აზრი არავის ჰკითხა.

საქართველოს უპირველეს გუნდში ქეცბაიას საქმიანობის შეფასებისგან მეტწილად თავს იკავებენ ჩვენი სპეციალისტები. თუ ვინმე რამეს იტყვის, ძალიან დიპლომატიურად ან ქვეტექსტებით.

ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჟურნალისტებისთვის მიგვემართა ერთადერთი კითხვით:
მომდევნო
შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ისევ თემურ ქეცბაიამ უნდა უხელმძღვანელოს?


გამოკითხულებს პასუხის არგუმენტებით დასაბუთებაც ვთხოვეთ. ქართულ ფეხბურთში მოსაქმე მედიელების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოვკითხეთ და ვფიქრობ, მათი პოზიცია არავისთვის უნდა იყოს ინტერესმოკლებული.

მერაბ მამულაშვილი, ლელო:
- არა, რადგან საქართველოს ნაკრებისა და ქეცბაიას "რომანი" წარუმატებლად მთავრდება. სამწუხაროდ, ჩვენმა სახელოვანმა ფეხბურთელმა ნაკრებს გასაღები ვერ მოარგო.

ილია ნანობაშვილი, მსოფლიო სპორტი:
- არა, რადგან შედეგი გაუარესდა და ამავე დროს - თამაშის ხარისხიც. ამას ემატება კონფლიქტები ფეხბურთელებთან, რომელთა მოგვარება ვერა და ვერ ხერხდება, ეს კი მწვრთნელის პრეროგატივა უნდა იყოს.

ლაშა თაბაგარი, მსოფლიო სპორტი:
- არა, ვინაიდან ქეცბაიამ, ჩემი აზრით, ამოწურა თავისი შესაძლებლობები ამ ნაკრებში. რისი გაკეთებაც მან მოახერხა, ეს მისი მაქსიმუმი იყო. თუ ჩვენი მიზანი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაა, არა მგონია, რომ ეს ამ გუნდით, თამაშის ასეთი ხარისხით იყოს შესაძლებელი. საქართველოს ნაკრებისთვის ასეთი ძვირად ღირებული მწვრთნელი დიდი ფუფუნებაა.

დავით ერაძე, რუსთავი 2:
- კი, რადგან რეალობიდან გამომდინარე, სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ. ქეცბაიას ნაკრებს ჰქონდა დადებითიც, თუმცა უფრო მეტი იყო უარყოფითი - ჯგუფში დაკავებულ ადგილს და თამაშის ხარისხს ვგულისხმობ. ქეცბაია არის ადამიანი, ვისაც შეუძლია, ქართული საქმე აკეთოს. მას შეეძლო, უარი ეთქვა საქართველოს ნაკრების გაწვრთნაზე, მაგრამ, ჩემი აზრით, ქართველობის გამო დათანხმდა ამ შეთავაზებას. მისი მწვრთნელობის პერიოდს დაემთხვა კარგი ფეხბურთელების დეფიციტი. იმედია, ქეცბაია პირად წყენას დაივიწყებს და მოახერხებს ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელების შემორიგებასა და მობილიზებას.

გია ტუხაშვილი, ლელო:
- გარკვეული პრინციპული მოსაზრებების გამო, ასეთი ტიპის გამოკითხვაში არ ვმონაწილეობ.

დავით მინაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებელი:
- არა, გამომდინარე გუნდის შედეგიდან და თამაშის ხარისხიდან.

დიმიტრი ობოლაძე, რუსთავი 2:
- შედეგიდან გამომდინარე, არა. თანაც, ნაკრებში არის კომუნიკაციის პრობლემა. არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ეს ვისი ბრალია, მაგრამ ნაკრებში ჯანსაღი სიტუაცია არ არის.

ლევან ჯანეზაშვილი, ქრონიკა პლუსი, ათიანი:
- არა, რადგან ნაკრების თამაშის ხარისხი გუნდის უკეთესი მომავლის იმედს არ იძლევა. არ მაქვს იმის ილუზია, რომ სხვა მწვრთნელის ხელში საქართველოს ნაკრები სასწაულებს მოახდენს, მაგრამ ორი შესარჩევი ციკლის განმავლობაში გუნდი ასე რომ თამაშობს, ჯობია, მომდევნო შესარჩევში სხვა მწვრთნელმა სცადოს ბედი. და კიდევ, დიდხელფასიანი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს არ სჭირდება.

კობა ინასარიძე, რაო-რაო:
- არა, ვინაიდან ორი შესარჩევი ეტაპი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ქეცბაიას საკუთარი პოტენციალი გამოემჟღავნებინა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ამას ემატება კონფლიქტი ფეხბურთელებთან. ბოლო შესარჩევში ნაკრები მხოლოდ 3 გოლს რომ გაიტანს, ის მწვრთნელი რატომ უნდა დარჩეს გუნდში?!

ილია ბაბუნაშვილი, ათიანი:
- არა, რადგან ნაკრების განვითარების შესაძლებლობები აღარ არის, ქეცბაიამ ამოწურა საკუთარი თავი ამ ნაკრებში და ეს დაინახეს ფეხბურთელებმაც და ხალხმაც. უკვე გასაგებია, რაც არის ქეცბაია ნაკრების მწვრთნელად და ის სტილიც, რითაც ის ათამაშებს გუნდს. ქეცბაია ახალს ვეღარაფერს გააკეთებს ნაკრებში, გუნდს კი ხალისი სჭირდება, თუნდაც "ახალი ცოცხის" პრინციპი.

რატი შელეგია, კვირის პალიტრა:
- არა, იმიტომ, რომ ქეცბაიას ხელში, გარდა ნაკრების გარკვეული პროგრესისა, არ იგრძნობა ის, რომ გუნდს მეტი შეუძლია. ქეცბაიას შემცვლელმა, შესაძლოა, ბევრად უკეთესი შედეგი ვერ აჩვენოს, თუმცა უკეთ გამოჩნდება, რა არის საქართველოს ნაკრების პრობლემა - მწვრთნელი თუ ფეხბურთელთა კონტინგენტი.

ელენე ბილიხოძე, საზოგადოებრივი რადიო:
- არა, რადგან საქართველოს ნაკრებში მან ამოწურა თავისი შესაძლებლობები და მისივე კარიერისთვის იქნება უკეთესი, თუ თვითონ დატოვებს ამ პოსტს.

ნიკოლოზ ნეფარიძე, ლელო:
- არა და ამის თქმის უფლებას, პირველ რიგში, მაძლევს ჩვენი ნაკრების შედეგი, მერე კი არასასურველი სიტუაცია გუნდში. ქეცბაიამ ჩვენი ნაკრებისთვის შეარჩია უინტერესო და უპერსპექტივო ფეხბურთი და ამ მიმართულებას არ ღალატობს შედარებით სუსტ მეტოქეებთანაც კი.

ლევან სალუქვაძე, GMG:
- არა, რადგან თვითონ მწვრთნელი ამბობს, მიზნის მისაღწევად საჭირო ფეხბურთელები არ მყავსო და რაღა მიზეზი უნდა იყოს, რომ ისევ ის დარჩეს გუნდის თავკაცად?! ქეცბაიას, როგორც ფეხბურთელსა და პიროვნებას, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა...

პაატა გელაშვილი, ლელო:
- არა. ის, რომ გუნდმა ბრძოლა ისწავლა, არ არის პატარა საქმე, თუმცა მარტო ეს ქეცბაიას სასარგებლო არგუმენტად ვერ გამოდგება. რა თქმა უნდა, ყველაფერი მისი ბრალი ვერ იქნება, მაგრამ ამ ყველაფერზეც მწვრთნელი აგებს პასუხს. ეს არის დაწერილი და დაუწერელი კანონიც. ჩვენ ვერ მოვთხოვდით მას, რომ ნაკრები ყოველ მიზეზგარეშე გაეყვანა ჯგუფიდან, მაგრამ უფლება გვაქვს, მოვთხოვოთ პროგრესი და... თუნდაც ის, რომ გუნდმა გოლები გაიტანოს. დაცვითი ფეხბურთის გარდა, ის არ ეძებდა ალტერნატიულ გზებს. ქეცბაია ყოველთვის ხელს იშვერს ფეხბურთელებისკენ. მესმის, რომ არ გვყავს გადასარევი თაობა, გნებავთ - სპორტული, გნებავთ - სხვა მონაცემებით, მაგრამ მწვრთნელმა ერთხელ მაინც უნდა თქვას, რომ თავადაც უშვებს შეცდომებს და ამ შეცდომებზე ხმამაღლა ილაპარაკოს.

გია პლატონიშვილი, საქართველოს რესპუბლიკა:
- არა. თავმოყვარე კაცი უფრო ადრე გადადგებოდა და გულშემატკივრებს ნერვებს არ მოუშლიდა. ვისურვებდი, რომ ქეცბაიამ, რა ავტორიტეტიც შეიქმნა ფეხბურთელობით, მწვრთნელობით წყალში არ გადაყაროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 66 /
ეს ყველაფერი დოლარშია ლარში არ გეგონოთ
Giorgi
15:25 25-09-2013
0
ქეცბაიას ხელფასი თვეში 30 000 კი არა 100 000-სს აღემატება ეს გაითვალიწინეთ სანამ მისი დარჩენის სურვილს გამოთქვამთ. ამ ხელფასს იმ თვეშიც იღებს როდესაც ნაკრებს თამაში არა აქვს...
დღეში იღებს 3000-ზე მეტს!!!
Giorgi
15:23 25-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული