ქართული სანაკრებო დინასტიები

AutoSharing Option
...გეხსომებათ, ალბათ, ეს რუბრიკა - რამდენიმე წლის წინათ "ლელოში" ქართულ საფეხბურთო დინასტიებზე წერილების ციკლი გამოვაქვეყნეთ.

დრო და დრო კვლავაც ვუბრუნდებოდით ამ რუბრიკას, ანუ, მაშინ, როცა წარსულში ცნობილი ამა თუ იმ ფეხბურთელის შვილი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებდა.

აი, დღეს კი სანაკრებო დინასტიების შესახებ გვინდა ვისაუბროთ...

ძმები ნაკრებში და არველაძეების უნიკუმი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი 1990 წლის 27 მაისს ჩაატარა, როცა ლიტვასთან საშინაო შეხვედრა 2:2 დაამთავრა.

იქიდან მოყოლებული დღემდე, ჩვენი უპირველესი გუნდის ღირსება არაერთ ისეთ მოთამაშეს დაუცავს, საფეხბურთო დინასტიის
გამგრძელებელი რომ ყოფილა: ზურაბ ხიზანიშვილი და დავით მუჯირი (უმცროსი), ვიტალი დარასელია (უმცროსი) და ლევან მჭედლიძე, კახა მახარაძე და გიორგი მეგრელაძე.

თუმცა, როცა "საოჯახო ფეხბურთზე" ვლაპარაკობთ, ალბათ, უპრიანი იქნება, რომ ძმებიც გვეხსენებინა: აი, სულ ახლახან, ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგურ მატჩში ჩვენს გუნდში შოთა და ელგუჯა გრიგალაშვილებმა იასპარეზეს; მანამდე მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და 1990 წლიდან მოყოლებული მხოლოდ ერთადერთი შემთხვევაა, როცა საქართველოს ნაკრებში ორ ძმას ერთად აქვს ნათმაშები: გიორგი და დავით ლომაიებს.

ოღონდ, გიორგი ლომაიას ჩვენს უპირველეს გუნდში თუ 45 მატჩი (საუკეთესო შედეგი ქართველ მეკარეებს შორის) ჩაატარა, ცენტრალურმა მცველმა დავით ლომაიამ მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ ითამაშა საქართველოს ნაკრებში (2007 წელს, სტუმრად აზერბაიჯანის ნაკრებთან).

არადა, იმ დროისათვის ჩვენი ნაკრების ნომერ პირველი მეკარე გიორგი ლომაია ითვლებოდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების იმდროინდელმა თავკაცმა კლაუს ტოპმიოლერმა აზერბაიჯანთან ამხანაგურ მატჩში ძირითადში 17 წლის გიორგი მაკარიძე დააყენა, რომლისთვისაც სადებიუტო შეხვედრა გახლდათ.

გრიგალაშვილები და ლომაიები ვახსენეთ და, აბა, ისე როგორ იქნებოდა, არველაძეებზე არაფერი გვეთქვა? ჰო, ეს მართლაც უნიკალური შემთხვევაა (თანაც, მსოფლიოს მასშტაბით), როცა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სამი ძმა ერთად თამაშობდა: რევაზ, შოთა და არჩილ არველაძეები!

სამწუხაროდ, ქრონიკული ტრავმებისა თუ ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი თავკაცის უაზრო იგნორირების გამო, არჩილ არველაძემ ნაკრებში მხოლოდ 32 მატჩი ჩაატარა (6 გოლი), უფრომა ძმამ, რეზომ - 11 (1 გოლი), შოთა კი დღემდე რჩება საქართველოს ნაკრების ისტორიაში ნომერ პირველ ბომბარდირად (26 გოლი 61 შეხვედრაში) და საერთოდაც, საუკეთესო თავდამსხმელად.

ისე, მხოლოდ ორჯერ მოხდა, როცა სამივე არველაძე ერთად იყო მოედანზე სანაკრებო შეხვედრის დროს: 1994 წლის 19 ივლისს მალტის ნაკრებთან ტესტ-მატჩში და იმავე წლის ავადმოსაგონარ 7 სექტემბერს, როცა საქართველოს ნაკრები თავის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში შინ დამარცხდა მოლდოვის ნაკრებთან.

გურული, კორღალიძე... ვინ იქნება მესამე?
საქართველოს ნაკრების 23-წლიან ისტორიაში ჯერჯერობით მხოლოდ ორი შემთხვევაა, როცა ჩვენი უპირველესი გუნდის მაისურა მამა-შვილს აქვს მორგებული (რა თქმა უნდა - სხვადასხვა დროს).

...1990 წლის 27 მაისი ვახსენეთ ზემოთ და იმ მართლაც დაუვიწყარ დღეს, როცა საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ცხონებულმა გივი ნოდიამ ძირითადში სრულიად დამსახურებულად მიუჩინა ადგილი "გურიას" ნახევარმცველს ოთარ კორღალიძესა და თბილისის "იბერიას" ("დინამოს") თავდამსხმელს გია გურულს. სამწუხაროდ, კორღალიძეს ამის მერე ნაკრებში აღარ იწვევდნენ, არადა, ამპლუით ნახევარმცველი 1991 და 1992 წლებში ზედიზედ ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

გავა დრო და საქართველოს ნაკრებში მისი შვილიც გამოჩნდება: 2004 წლის თებერვალში, გოჩა ტყებუჩავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა კვიპროსზე სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სამივე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო რიგის "სკონტოს" ნახევარმცველმა ლევან კორღალიძემ. თუმცა, ამის შემდეგ კორღალიძე-უმცროსს საქართველოს ნაკრებში აღარ უთამაშია.

...პირველი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი მამუკა ფანცულაიასთან ერთად გია გურულიც გახდა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქართველი იყო, უცხოურ კლუბში რომ გააგრძელა კარიერა (ჯერ, პოლონურ "კატოვიცეში", შემდეგ კი ფრანგულ "ლე ავრში").

ისე, დღესაც უცნაურად მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელს (ერთ სეზონში 8 გოლი რომ გაიტანა) საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ეპიზოდურად რომ იწვევდნენ. არადა, 1990 წელს ლიტვასთან მატჩში ანგარიში სწორედ გია გურულმა გაათანაბრა (ანუ, პირველი გოლის ავტორია საქართველოს ნაკრებში), თუმცა, მომდევნო შეხვედრა მხოლოდ... 4 წლის მერე (ისრაელთან ამხანაგური მატჩი) ჩაატარა.

მერე იყო პირველი შესარჩევი ციკლი, როცა ჩინებულ ფორმაში მყოფი გია გურული მოლდოვასთან საშინაო მატჩში შესვენების შემდეგ გამოცვალეს, მომდევნო შეხვედრაში (სტუმრად - ბულგარეთთან) კი შეცვლაზე შემოვიდა და ისიც ბოლო 13 წუთი ითამაშა. აი, ეს იყო "ლე ავრის" თავდასხმის ლიდერის ბოლო სანაკრებო მატჩი. თუმცა უფროს გურულს, ალბათ, ეამაყება, რომ მისმა შვილმაც, მამის მსგავსად, საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა!

ეს ყველაფერი კი 2010 წლის 17 ნოემბერს მოხდა, როცა ორწლიანი პაუზის მერე საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გაიმარჯვა: სლოვენიასთან ამხანაგურ შეხვედრაში, მეორე ტაიმში მოედანზე ლვოვის "კარპატის" მარცხენა გარემარბი, 26 წლის სანდრო გურული შემოვიდა და მისი გოლით ჩვენებმა ანგარიში გაათანაბრეს! სანდრო გურულმა ამის მერე კიდევ ხუთი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრებში და ხუთჯერვე შეცვლაზე შემოვიდა.

...ოთარ კორღალიძე და ლევან კორღალიძე, გია გურული და სანდრო გურული, - აი, ჯერჯერობით ის ორი "საფეხბურთო ოჯახი", საქართველოს ნაკრებში მამასა და შვილს რომ უთამაშია. თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს რიცხვი მალე უნდა გაიზარდოს; თანაც, არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ნაკრების უახლოეს მატჩში მოხდეს: საქართველოს ნაკრების პირველი კაპიტნის, კახა ცხადაძის შვილი, ბაქოს "ინტერის" ფორვარდი ბაჩანა ცხადაძე ხომ, ისე როგორც საფრანგეთთან და ფინეთთან მატჩებისათვის, ახლაც ჩვენს უპირველეს გუნდშია გამოძახებული: ისე, "რიგში" სხვებიც დგანან, თუმცა, ამაზე - სხვა დროს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეზი,აჩი,შოთი ამ რეკორდის მოხსნა ცოტა ძნელია უახლოეს მომავალში.იმრავლოს თქვენმა გვარმა.
chagneli ARVELADZE
21:46 06-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული