იმის გათვალისწინებით, თუ რა დონის მეტოქეს ვეთამაშებით, ვფიქრობთ, უხერხულიცაა რაიმე ოპტიმისტური ვარაუდების გამოთქმა: 2008 წლიდან მოყოლებული, ესპანეთის ნაკრები მსოფლიოში პირველობას არავის უთმობს! თანაც, ჩვენს დღევანდელ მეტოქეს საქართველოს ნაკრებთან გარკვეული სატურნირო მოტივაციაც ამოძრავებს: ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს... 1 ქულა სჭირდება 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად!
ისე, ესპანელებს, შესაძლოა, ეს ერთი ქულაც არ
თუმცა, სჯობს მოვლენებს რეალურად შევხედოთ და იმაზე ვიოცნებოთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა შეძლოს და, შესაძლებლობების ფარგლებში, ღირსეულად ეპაექროს პლანეტის უპირველეს გუნდს. მით უმეტეს, რომ ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა უკვე ორჯერ მოახერხა მსგავსი რამ: შარშან, 11 სექტემბერს იმავე ესპანეთთან საშინაო შეხვედრას ვგულისხმობთ და წლევანდელი 6 სექტემბრის საქართველო-საფრანგეთის მატჩს.
თანაც, არახალი ამბავია, რომ საქართველოს ნაკრებს გამორჩეულად ძლიერ მეტოქესთან უფრო უკეთ უთამაშია, ვიდრე შედარებით სუსტ მოწინააღმდეგესთან.
თუმცა, უამრავი საკადრო პრობლემით (ზოგი - "გასაგები", ზოგიც - "გაუგებარი" მიზეზით) "დახუნძლულ" საქართველოს ნაკრებს მართლაც ძნელია, რომ რაიმე მოვთხოვოთ; ან კიდევ, რა ტაქტიკა-სტრატეგია უნდა დაუპირისპიროს კაცმა ჩავის, ინიესტასა თუ სხვა გენიალური ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ესპანეთის ნაკრებს?
აღარაფერს ვამბობთ თითოეული ქართველი გულშემატკივრისათვის ასე დავიწყებულ სატურნირო მოტივაციაზე: უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ ლამის კანონზომიერებადქცეულ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ნაკრებისათვის ესა თუ ის შესარჩევი ციკლი... მეორე-მესამე ტურის მერე მთავრდება!
...საქართველოს ნაკრები X შესარჩევ ციკლს ამთავრებს და ერთადერთხელ იყო, როცა ბოლო შეხვედრას გარკვეული სატურნირო მნიშვნელობა ჰქონდა: 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩს 4 ბურთის სხვაობით თუ მოვიგებდით, III ადგილზე გავიდოდით. არადა, ამ მიზანთან ახლოს ვიყავით: აჩიკო არველაძის, კახა ცხადაძისა და თემურ ქეცბაიას ერთიმეორეზე ეფექტური გოლების წყალობით უშუალო კონკურენტს, პოლონეთის ნაკრებს 3 უპასუხო ბურთი კი გავუტანეთ, მაგრამ მეტი ვეღარ შევძელით.
აი, დანარჩენ რვა შესარჩევ ციკლში, ისე, როგორც დღეს, შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩვენთვის არაფერს ნიშნავდა...
გრანდებთან ჭიდილი
1994 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყოველ მეორე შესარჩევ ციკლში გვიწევდა ევროპის "დიდი ხუთეულის" (გერმანია, ინგლისი, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი) ნაკრებებთან პაექრობა; მოგეხსენებათ, რომ ევროპიდან მხოლოდ ამ ხუთ ნაკრებს აქვს სხვადასხვა დროს მსოფლიოს ჩემპიონობა მოპოვებული და რა გასაკვირია, რომ გერმანიასთან, ინგლისთან, იტალიასთან და საფრანგეთთან სტუმრად ჩატარებული ყველა ოფიციალური თუ ამხანაგური მატჩი წაგებული გვაქვს!
ეგ კი არა, ამ ცხრა შეხვედრაში მხოლოდ ორჯერ მოხდა, საქართველოს ნაკრებმა ევროპულ გრანდებთან სტუმრობისას გოლის გატანა რომ შეძლო: პირველი შემთხვევა 1995 წლის 6 სექტემბერს მოხდა, როცა თემურ ქეცბაიამ გერმანიას გაუტანა და ანგარიშიც გახსნა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა იმძლავრეს და აკაკი დევაძის კართან მართლაც "საშინელი" შტურმი მოაწყვეს - გერმანელთა მრავალრიცხოვანი შეტევებიდან კი ოთხი შედეგიანი აღმოჩნდა.
მეორე შემთხვევა კი წლეულს იყო, როცა "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთის ნაკრები 3:0-ს გვიგებდა და დაუღალავმა სანდრო კობახიძემ მაინც შეძლო უგო ლორისის კარში პრესტიჟის გოლის გატანა.
აი, ეს იყო და ეს, - ვნახოთ, 15 ოქტომბერს რა მოხდება...
ევროპულ გრანდებთან სტუმრად ჩატარებული ყველა მატჩი
საკვალიფიკაციო მატჩები
06.09.1995. ნიურნბერგი. ფრანკენშტადიონი. 45 000 მაყურებელი
გერმანია-საქართველო 4:1
0:1 ქეცბაია (28), 1:1 მიოლერი (38), 2:1 ციგე (56), 3:1 კირსტენი (11), 4:1 ბაბელი (72)
09.10.1996. პერუჯა. რენატო კური. 17 000 მაყურებელი
იტალია-საქართველო 1:0
1:0 რავანელი (44)
30.04.1997. ლონდონი. უემბლი. 72 000 მაყურებელი
ინგლისი-საქართველო 2:0
1:0 შერინგემი (43), 2:0 შირერი (89)
11.10.2000. ანკონა. დელ კონერო. 26 000 მაყურებელი
იტალია-საქართველო 2:0
1:0 დელ პიერო (47-პენ), 2:0 დელ პიერო (87-პენ)
06.06.2007. ოსერი. აბე დეშამი. 24 000 მაყურებელი
საფრანგეთი-საქართველო 1:0
1:0 ნასრი (33)
13.10.2007. გენუა. ლუიჯი ფერარისი. 23 000 მაყურებელი
იტალია-საქართველო 2:0
1:0 პირლო (44), 2:0 გროსო (84)
10.09.2008. უდინე. ფრიული. 29 000 მაყურებელი
იტალია-საქართველო 2:0
1:0 დე როსი (17), 2:0 დე როსი (89)
23.03.2013. პარიზი. სტად დე ფრანსი. 77 000 მაყურებელი
საფრანგეთი-საქართველო 3:1
1:0 ჟირუ (45), 2:0 ვალბუენა (47), 3:0 რიბერი (61), 3:1 ს. კობახიძე (71)
ამხანაგური მატჩი
07.10.2006. როსტოკი. ოსტზეეშტადიონი. 28 000 მაყურებელი
გერმანია-საქართველო 2:0
1:0 შვანშტაიგერი (24), 2:0 ბალაკი (67)
სერიები მაინც ვითვალოთ...
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაია 15 ოქტომბერს 33-ე მატჩს ჩაატარებს; რეკორდი კი ალექსანდრე ჩივაძეს ეკუთვნის, რომელმაც 1993-96 და 2001-03 წლებში საქართველოს ნაკრებს 35 შეხვედრაში უთავკაცა.
სწორედ ჩივაძის ხელმძღვანელობით მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა ყველაზე მეტი გამარჯვება (13), აი, ქეცბაიას თავკაცობით კი ჩვენმა უპირველესმა გუნდმა 10 მატჩი მოიგო.
მოკლედ, როგორც გამარჯვებებში, ისე თამაშების რაოდენობითაც ქეცბაიას 3 მატჩი აშორებს ჩივაძის რეკორდამდე, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩივაძემ შვიდი ოფიციალური მატჩი მოიგო, მაშინ, როცა ქეცბაიას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ სამჯერ შეძლო შესარჩევი ეტაპის შეხვედრებში (მალტასთან, ხორვატიასთან, ბელორუსთან) გამარჯვება.
ამის მიუხედავად, თემურ ქეცბაიას სხვა და არანაკლებ უნიკალური მაჩვენებელი აქვს, რომლის გაუმჯობესებაც, ძნელი სათქმელია, რომელიმე მწვრთნელი თუ შეძლებს: დღევანდელი მატჩით თემურ ქეცბაია ზედიზედ მეორე შესარჩევ ციკლს დაასრულებს!
არადა, 1994 წლიდან მოყოლებული, მსგავსი არაფერი მომხდარა, როცა ერთსა და იმავე მწვრთნელს გადაბმულად ემუშაოს ორი ციკლის განმავლობაში; ეგ კი არა, იმავე ჩივაძისა და ქეცბაიას გარდა, მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, როცა ერთი კონკრეტული ციკლი ერთი და იმავე მწვრთნელმა დაიწყო და ჩაამთავრა: კლაუს ტოპმიოლერმა და ექტორ რაულ კუპერმა.
ისე, სტატისტიკურ მაჩვენებლებზე ვსაუბრობთ და ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ჩვენს ნაკრებს უკვე ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (ფრე - საფრანგეთთან და ხუთი წაგება - იმავე საფრანგეთთან, ირლანდიასთან, დანიასთან, ყაზახეთთან და ფინეთთან).
რაც ქეცბაია ნაკრების მთავარი მწვრთნელია, მსგავსი რამ უკვე მეორედ ხდება: 2011 წლის 29 მარტიდან 11 ნოემბრამდე ასევე ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია გვქონდა. არადა, ამას წინ უძღვოდა საქართველოს ნაკრებისათვის სარეკორდო, ათმატჩიანი წაუგებელი(!) სერია: 2010 წლის 3 მარტს ესტონეთთან ამხანაგური მატჩით რომ დაიწყო თემურ ქეცბაიამ და უკვე ნახსენებ 2011 წლის 29 მარტის ისრაელთან სტუმრად წაგებით რომ დაამთავრა.
საერთოდ კი, ყველაზე კოშმარული სერია არგენტინელი სპეციალისტის, ექტორ კუპერის დროს გვქონდა: თითქმის ორწელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა 15 მატჩი ჩაატარა მოგების გარეშე!
საბოტაჟი თუ მხოლოდ დამთხვევა?
წესითა და რიგით, ნებისმიერი ფეხბურთელისათვის საოცნებო უნდა იყოს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში. მით უფრო, რომ ასეთი დონის გრანდთან მოგებას ხომ არავინ ითხოვს და ამას გარდა, მსოფლიო დონის ვარსკვლავების წინააღმდეგ ასპარეზობაზე მეტი მოტივაციაც რაღა უნდა იყოს?
ოღონდ, მოდი, იმაზეც შევთანხმდეთ, რომ ამ შემთხვევაში მატჩის მერე ესპანელ ვარსკვლავებთან მაისურების... გაცვლას არ ვგულისხმობთ - რა თქმა უნდა, ჩავის, ინიესტას, ფაბრეგასის, სერხიო რამოსისა თუ დავიდ სილვას მაისურა ერთობ ძვირფას რელიქვიად უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ ასეთი დიდოსტატების წინააღმდეგ ხომ შეიძლება რომ თავი სხვა კუთხით გამოვიჩინოთ?
თუმცა, ძალიან ძნელი სათქმელია, თუ ვინ და როგორ შევძლებთ ამას: ქართველმა გულშემატკივარმა თუ ჟურნალისტმა რაც უნდა თავი იმტვრიოს, საქართველოს ნაკრების დღევანდელ სავარაუდო შემადგენლობას "მიახლოებითაც" კი ვერ დაასახელებს! არადა, ესპანელთა მთავარ მწვრთნელს ვისენტე დელ ბოსკეს უპრობლემოდ შეუძლია, 15 ოქტომბერს საერთოდ სულ სხვა 11 ფეხბურთელი გამოიყვანოს, ვიდრე სამი დღის წინ ჰყავდა ბელორუსების წინააღმდეგ. ოთხი დღის მერე რომ კიდევ ერთი მატჩი ჰქონდეს, იმ შემთხვევაშიც უმტკივნეულოდ დააყენებდა აგრეთვე სულ სხვა თერთმეტ მოთამაშეს და ასე შემდეგ.
ჩვენ კი ამის ფუფუნების უფლება ვინ მოგვცა? ჰო, როგორი საქმეა, პლანეტის უძლიერეს გუნდს ეთამაშები და, ფაქტობრივად, ძირითადი შემადგენლობის 6 ფეხბურთელი არ გეყოლება ამ დროს! თანაც, ფეხბურთელებსაც ხომ გააჩნიათ: როგორი საქმეა, ალექსანდრე ამისულაშვილის, ჯაბა კანკავას, თორნიკე ოქრიაშვილის, ჯანო ანანიძის, დავით თარგამაძისა და გია გრიგალავას "უმტკივნეულოდ" ჩანაცვლება?
ანუ არ გვეყოლება დაცვისა და, საერთოდ, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი (ალექსანდრე ამისულაშვილი), შეუცვლელი საყრდენი და გუნდის კაპიტანი (ჯაბა კანკავა), ამ ბოლო დროს ძირითადში მყარად დამკვიდრებული მარცხენა მცველი (გია გრიგალავა) და ერთდროულად სამი შემტევი გარემარბი თუ შუამარბი (თორნიკე ოქრიაშვილი, დავით თარგამაძე, ჯანო ანანიძე);
სამწუხაროა, რომ ამათგან ზოგიერთს დისკვალიფიკაცია აქვს, ზოგი ტრავმის გამო ვერ ეხმარება ნაკრებს, ზოგი კი - პირადი პრობლემის გამო. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ბოლო დროს ასეთი ფაქტები, ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან გახშირდა და მსგავს პრეცედენტს წინა მატჩების დროსაც ჰქონდა ადგილი.
უფრო ზუსტად, აი, იმას ვგულისხმობთ, როცა საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ესა თუ ის ფეხბურთელი ტრავმის გამო ვერ ცხადდებოდა სანაკრებო შეკრებაზე, სამაგიეროდ, სამი-ოთხი დღის მერე თავის კლუბში გამოჩნდებოდა ხოლმე ძირითადში და ისე იასპარეზებდა, "ტრავმის" არაფერი ეტყობოდა...
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი. ბოლო ტური
ესპანეთი-საქართველო 23:00
საფრანგეთი-ფინეთი 23:00
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 7 5 2 0 12-3 17
2. საფრანგეთი 7 4 2 1 12-6 14
3. ფინეთი 7 2 3 2 5-6 9
4. საქართველო 7 1 2 4 3-8 5
5. ბელორუსი 8 1 1 6 7-16 4
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"