ავთანდილ ებრალიძე: თუ თამაშის შანსი მომეცემა, ყველაფერს გავაკეთებ

AutoSharing Option
"ყოველთვის ვოცნებობდი, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი მქონოდა. სიმართლე გითხრათ, არც ველოდი, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მომეცემოდა გუნდთან ერთად ყოფნის შესაძლებლობა", - ამბობს საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტი, 22 წლის ავთანდილ ებრალიძე.

პორტუგალიური "ჟილ ვისენტეს" ქართველი შემტევი უკვე ერთი კვირაა, საქართველოს ნაკრებთან ერთად ესპანეთში იმყოფება და ვარჯიშობს.

ავთომ კარიერა "ნორჩ დინამოში" დაიწყო, მერე კი ოჯახთან ერთად პორტუგალიაში წავიდა და ბოლო ხუთი წელია, იქ ცხოვრობს და თამაშობს. ებრალიძის პორტუგალიური კარიერა ადგილობრივი მესამე ლიგიდან იწყება. ბოლო ორი წელი კი, სხვადასხვა ლიგაში ასპარეზობისას, მისი
პროგრესი ისეთი თვალსაჩინო იყო, რომ მიმდინარე წელს ქართველი ფეხბურთელი უმაღლესი ლიგის კლუბში გადავიდა, რომელთანაც 4-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

"ჟილ ვისენტეს" ახალგაზრდა შემტევს ბოლო პერიოდში სპეციალისტების სტაბილურად კარგი შეფასებები და პრესა აქვს.

"ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შეტყობინება ჩემი დაბადების დღის მეორე დღეს მივიღე და ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩემს საფეხბურთო კარიერაში.

ძალიან კმაყოფილი ვარ. გუნდში მეგობრული გარემოა და მიხარია, რომ ნაკრებთან ერთად ესპანეთთან მატჩისთვის ვემზადები",
- კმაყოფილია ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი.

ავთო ებრალიძე ალბასეტეში სრული დატვირთვითა და დიდი მონდომებით ვარჯიშობს, მატჩს კი მოუთმენლად ელის:

"თუ შანსი მომეცა, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრების მაისურით მოედანზე გავიდე და ესპანელთა წინააღმდეგ ვითამაშო, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სამწვრთნელო შტაბის, ჩემი თანაგუნდელებისა და იმ ხალხის მოლოდინი გავამართლო, ვინც მთელი ეს წლები გვერდში მედგა და საფეხბურთო კარიერის შექმნაში მეხმარებოდა".

სფფ-ის პრესსამსახური


ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ჩვენი შანსის გამოყენებას აუცილებლად ვეცდებით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული