შეხვედრა რთული გამოდგა, ჟურნალისტთა უმეტესობამ კითხვის თუ კითხვების ნორმალურად დასმა ვერ მოახერხა, ყვირილსა და ხელების ქნევაში გაჯიბრება კი ნამდვილად არ არის მედიელის საქმე.
მთავარი, რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების ინტერესებია.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ქვეყნის მთავარ გუნდს კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი გამოაკლდება - 31 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი, ვისზეც ქეცბაიამ გუშინწინდელ თოქ-შოუში
19 ნოემბერს "კრილია სოვეტოვის" მცველს რუსეთში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ.
მაშ ასე, "ლელოს" კითხვებს ამისულაშვილი პასუხობს.
- ალბათ, უყურეთ თემურ ქეცბაიას სატელევიზიო შეხვედრას ჟურნალისტებთან. ნაკრების მწვრთნელმა კონკრეტულად თქვენზეც ისაუბრა. რა კომენტარს გააკეთებდით ამ თემაზე?
- რა კომენტარი უნდა გავაკეთო?! თურმე, ყველაფერი ჩემი ბრალი ყოფილა. რაც შეეხება ქეცბაიას ნალაპარაკებს ჩემზე, ასეთ რამეს რა აზრი აქვს, როცა ვისზეც ლაპარაკობ, იქ არ არის და პასუხს ვერ გაგცემს? რაც მან ჩემზე ილაპარაკა, ამაზე აუცილებლად გავცემ პასუხს, ოღონდ მაშინ, როცა პირისპირ შევხვდები.
- ლაპარაკი იყო ბიზნესკლასით მგზავრობაზეც...
- ...როცა ქეცბაიამ ჩემზე თქვა, ვითომდა, მოვითხოვე ბიზნესკლასით მგზავრობა - რა ზღაპრებს ჰყვება?! ფეხბურთის ფედერაციაში, ალბათ, არის სათანადო დოკუმენტები, რითიც შეიძლება იმის გარკვევა და დამტკიცება, სინამდვილეში რა და როგორ იყო.
მე არაფერი მომითხოვია. მხოლოდ ერთხელ აგვიღო ფედერაციამ ბიზნესკლასის ბილეთი, ისიც იმიტომ, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, სამარა-ასტანის რეისით ყაზახეთში ერთი დღით გვიან ჩავედი. სხვა შემთხვევაში, ბიზნესკლასისთვის ფულს საკუთარი ჯიბიდან ვამატებდი და არავის საქმე არ არის, ჩემს ფულს რაში დავხარჯავ.
მგზავრობის თემაზე ერთადერთი თხოვნა ის იყო, რომ გადაჯდომების გარეშე, პირდაპირი რეისით მოვხვედრილიყავით დანიშნულების ადგილზე.
- ესპანეთთან შესარჩევის ბოლო მატჩისთვის ნაკრებში არ ჩამოხვედით. ქეცბაიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ამაზეც ილაპარაკა. როგორია ამასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია?
- ესპანეთთან მატჩი 14 ოქტომბერს იყო, მანამდე კი რუსეთის ჩემპიონატში ვითამაშე. მატჩის მერე ფეხი ამტკივდა. ექიმმა მითხრა, 7-8 დღე უნდა დაისვენოო, ეს პერიოდი კი 12-13 ოქტომბერს მთავრდებოდა და ამიტომაც ვერ მოვახერხე ნაკრებში ჩამოსვლა. 20 ოქტომბერს რუსეთის ჩემპიონატის ტურში კი ვითამაშე.
ალბათ, გახსოვთ, ზურაბ ხიზანიშვილი რომ ვერ ჩამოვიდა ლუქსემბურგთან ამხანაგური მატჩისთვის და ამის შემდეგ ქეცბაიამ მას კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა. როგორ შეიძლება, ასეთი ეჭვიანობა ყველაფერზე, როცა ერთ საქმეს ვაკეთებთ?!
- ნაკრები და ამისულაშვილი - რა პერსპექტივას ხედავთ?
- იმის შემდეგ, რაც ქეცბაიამ ჩემზე ილაპარაკა, მის გუნდში თამაშს ვეღარ შევძლებ. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს!
- ქეცბაიასა და ჟურნალისტების შეხვედრაზე ასეთი რამეც მოვისმინეთ - ფეხბურთელებმა ნაკრებით გაიკეთეს კარიერაო...
- სადღაც, ნალჩიკის "სპარტაკში" თამაშობდაო - ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მხრიდან ასეთი აგდებული ტონით ლაპარაკი არ შეიძლება! ყველას არ უთამაშია "ნიუკასლში", მაგრამ ამის გამო ფეხბურთელზე ასეთი ირონიული გამონათქვამი არ უნდა კეთდებოდეს.
ისე კი, საინტერესოა, რომელმა ფეხბურთელმა გაიკეთა კარიერა ქეცბაიას გაწვრთნილი საქართველოს ნაკრებიდან? თურქული "ქაისერისფორიდან" რუსეთში რომ დავბრუნდი, ნაკრები აქ არაფერ შუაში იყო. რადგან ვთამაშობდი საქართველოს ეროვნულ გუნდში, ესე იგი, ამას ვიმსახურებდი.
უშეცდომო არავინაა და იქნებ მეც დამიშვია შეცდომები ნაკრებში თამაშის დროს, მაგრამ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. როცა "კრასნოდარის" ფეხბურთელი ვიყავი, სერიოზული ტრავმა მივიღე და რკინები ჩამიდგეს. მერე ოპერაცია უნდა გამეკეთებინა ამ რკინების ამოსაღებად, მაგრამ ნაკრებს ავსტრიაში ამხანაგური მატჩი ჰქონდა თურქეთთან და ამის გამო გადავდე ეს ოპერაცია.
14 ოქტომბერს ესპანეთთან თამაში რომ არ მდომებოდა, ფინეთთან მეორე ყვითელ ბარათს "ავიკიდებდი" და ასეთნაირად გამოვტოვებდი ალბასეტეს მატჩს.
ნაკრებში ახალი თაობა წამოვიდა და ხშირად სვამენ კითხვებს - რატომ არ ჩამოდიან ახალგაზრდა ფეხბურთელები ნაკრებშიო? გუნდში ეჭვები არ უნდა არსებოდეს, ფეხბურთელს ნაკრებში ჩამოსვლა და თამაში უნდა უხაროდეს.
- როგორც უნდა იყოს, ფაქტია, რომ ქეცბაიამ თქვენზე საქვეყნოდ ილაპარაკა არცთუ სასიამოვნო რაღაცები...
- თავმოყვარე ადამიანი ვარ და ქეცბაიას პირში ვეტყვი, თუ რა პრეტენზიებიც მაქვს მასთან. ტელევიზიით ყვირილს კი ნამდვილად არ ვაპირებ.
- უთანხმოება თუ კონფლიქტი სხვა გუნდებშიც მომხდარა, თუმცა ხანდახან მათი მოგვარებაც ხერხდება. ამ შემთხვევაში ამის შანსი არ არსებობს?
- 16 წლისამ დავიწყე პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა და მთელი ამ ხნის განმავლობაში არავისთან მომსვლია კონფლიქტი, მათ შორის - არ ქეცბაიასთან, მაგრამ მწვრთნელი ასეთ რაღაცებს რომ იტყვის ჩემზე, ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ.
პირველი არ ვარ, ვინც საქართველოს ამ ნაკრებიდან ასე მიდის და ღმერთმა ქნას, ბოლო ვიყო. ნაკრების ფეხბურთელებს მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]