ჩახედეთ ფეხბურთელებს გულებში!

AutoSharing Option
რეჟისორ მაკჯის (ჯოზეფ მაკჯინთი ნიკოლი) მიერ გადაღებული დრამაა "ჩვენ ვართ მარშალი", რომელიც ქართულად ასე თარგმნეს - "ჩვენ ერთი გუნდი ვართ". ფილმი პატარა ამერიკული ქალაქის, ამერიკული ფეხბურთის გუნდ "მარშალზეა".

ავიაკატასტროფაში 75 ადამიანი დაიღუპა - გუნდის მოთამაშეები, მწვრთნელები, ხელმძღვანელები... მხოლოდ მწვრთნელის ასისტენტი, ვიცე-კაპიტანი და ერთი მცველი გადარჩნენ.

ახალშეკრებილ, გამოუცდელი მოთამაშეებით შეკოწიწებულ "მარშალს" გაუჭირდა, თამაშებს ვეღარ იგებდა, სპონსორებიც აღარ სწყალობდნენ და გუნდი დაშლის პირას მივიდა.

ახალგაზრდა მწვრთნელმა (რომელსაც მეტიუ მაკკონაჰი განასახიერებს) გუნდის პრობლემები კარგად დაინახა. ფილმში არის ასეთი ეპიზოდი - მწვრთნელს მატჩამდე ფეხბურთელები
დაღუპული მოთამაშეების საფლავზე გაჰყავს და მიმართავს:

Sportall.Ge"მინდა, ორიოდე სიტყვით გითხრათ ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდზე. ისინი ჩვენზე ძლიერები, სწრაფები და გამოცდილები არიან, თეორიულად - ჩვენზე ბევრად უკეთესები. ეს თვითონაც იციან.

მე კი იმას გეტყვით, რაც მათთვის უცნობია - იმ ბიჭებს თქვენს გულებში არ ჩაუხედავთ, მე კი ჩავიხედე და ყველაფერი დავინახე, ეს თქვენ თვითონ დამანახვეთ. თქვენი შინაგანი სამყარო თქვენს მწვრთნელებსა და მეგობრებს, საკუთარ თავებს დაანახვეთ.

მინდა, რომ დღეს მინდორზე გასვლისას თქვენი გულები თამაშს მიუძღვნათ - დიახ, თქვენი გულები და სისხლის უკანასკნელი წვეთიც კი. და თუ ამას გაააკეთებთ, ჩვენ არ წავაგებთ.

შესაძლოა, ბოლო წუთებზე, ტაბლოზე დაწერილი ქულები ჩვენ სასარგებლოდ არ აისახოს, მაგრამ თუ ასე ვითამაშებთ, ვერავინ დაგვამარცხებს.

ჩვენ აქ იმისთვის მოვედით, რომ პატივი მივაგოთ ამ ბიჭებს, რომლებიც თამაშს ვერ დაესწრებიან, მაგრამ მატჩს თვალყურს ზეციდან მიადევნებენ და სანაძლეოს ვდებ, რომ თითოეულ ბურთს კბილების ღრჭიალს მიაყოლებენ. დღევანდელი თამაში გაძლევთ შესაძლებლობას, ხალხმა ისეთები დაგიმახსოვროთ, როგორებიც სინამდვილეში ხართ.

ეს თქვენი შანსია, ფერფლიდან აღდგეთ და მოიპოვოთ დიდება. გესმით?! დიდება, რომელსაც ქალაქი ელოდება. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ დაღუპული ბიჭების ხსოვნას. ისინი ჩვენთან არიან, ჩვენ კი მათ იმედები არ უნდა გავუცრუოთ.

ჩვენ ერთი გუნდი ვართ! დაკრძალვის ცერემონიალი სწორედ ახლა დასრულდა!"

...ეს იმდენად შთამბეჭდავი სიტყვა იყო, მოთამაშეებში ჩაკლული სულისკვეთება და გამარჯვების იმედი გააღვიძა. "მარშალი" მოედანზე გავიდა და თამაში მოიგო. იმიტომ, რომ მწვრთნელმა თითოეულ ფეხბურთელს გულის გასაღები და შინაგანი რესურსის ასამოქმედებლად საჭირო სიტყვები მოუძებნა.

ცხადია, ფილმში რეჟისორი რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს მწვრთნელსაც და მოთამაშესაც, მაგრამ მეტიუ მაკკონაჰის პერსონაჟი ჰაერიდან არ მოუყვანიათ. მსგავსი რამ ფეხბურთის ისტორიასაც ახსოვს. ეს სიტყვები კი ჩვენს რეალობაზე საოცრადაა მორგებული, რადგან გუნდისთვის, მოთამაშისთვის მწვრთნელის სიტყვა ბევრს ნიშნავს.

მას შეუძლია სული შთაბეროს ისეთ გუნდსაც კი, რომელიც მოწინააღმდეგეზე სუსტი და გამოუცდელია...

* * *
ჩვენი ისტორია გავიხსენოთ - ანდრო ჟორდანიას ქუთაისის "ტორპედო" რომ ჩააბარეს, გუნდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის II ლიგაში 8 წაგებით ბოლო ადგილზე იყო, სეზონის ბოლოს კი 22 მოგებითა და იმდენივე წაგებით I ლიგაში გადავიდა.

ბევრი მსგავსი შემთხვევის გახსენება შეიძლება, როცა, ერთი შეხედვით, "მკვდარი" გუნდისთვის კარგ მწვრთნელს უწამლია.

გავიხსენოთ ახლახან თბილისში დასრულებული 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელების უმრავლესობა ინგლისის პრემიერლიგის გუნდებიდან მიიწვია: "კარდიფიდან" - 5, "სუონსიდან" - 3, "ფულჰემიდან" - 2, "მანჩესტერ სიტიდან", "ჩელსიდან" და "სტოკიდან" - თითო. ერთი მეკარე წარმოადგენდა ჩემპიონშიპის "იფსვიჩს", 3 მოთამაშე რანგით მესამე ინგლისური ლიგის კლუბებს, ერთიც - ასევე ქვედალიგოსან უელსურ კლუბ "რექსჰემს".

ჰოლანდიის გუნდში ყველა ფეხბურთელი ერედივიზიეს (უმაღლესი დივიზიონის) გუნდებიდან იყო: 5 - "ეინდჰოვენში" თამაშობს, 3-3 - "აიაქსსა" და "ფეიენოორდში", 2 - "ალკმაარში" და ასე შემდეგ.

ვინ იტყვის, რომ ვასილ მაისურაძის გუნდში უფრო ძლიერი, სწრაფი, გამოცდილი და თეორიულად უკეთ მომზადებული ფეხბურთელები იყვნენ, ვიდრე უელსისა და ჰოლანდიის 19-წლამდელთა გუნდებში? საქართველოს ჭაბუკთა დამრიგებელმა ქუთაისის "ტორპედოდან" 6 ფეხბურთელი მიიწვია, თბილისის "დინამოდან" - 4, "საბურთალოდან" - 3, გორის "დილა 2"-დან - 2, გორის "დილადან", რუსთავის "მეტალურგიდან" და თბილისის "ლოკომოტივიდან" - თითო მოთამაშე.

საკითხავია - ამ ქართულ გუნდებს უკეთესი პირობები აქვთ და ჩვენთან ფეხბურთელებს უკეთ ამზადებენ, ვიდრე ზემოთ ხსენებულ ჰოლანდიურ თუ ინგლისურ კლუბებს? ამ ასაკში განსხვავება რომ ნაკლებია, ორი აზრი არ არის, მაგრამ... მაინც არის. ოღონდ, მეტოქეთათვის უცნობი იყო ის, თუ როგორ ჩაიხედა მაისურაძემ თავისი შეგირდების გულებში და როგორ აღმოაჩინა იქ გამარჯვებულის სულისკვეთება.

ფაქტია - მან გააკეთა ის, რასაც სხვები ვერ ახერხებდნენ.

ის მწვრთნელი, ვინც ფეხბურთელების გულებში ვერ იხედება და წარუმატებლობის მიზეზებს მხოლოდ მათში ხედავს, ვერასოდეს დაიმსახურებს ვერც ამ ფეხბურთელების და ვერც გულშემატკივართა პატივისცემას.

ის, რომ ჩვენი ფეხბურთი წუმპეშია, ყველაფრის ახსნად ვერ გამოდგება. ჩვენს ნაკრებებს კი სწორედ ასეთი მწვრთნელები სჭირდებათ, მწვრთნელები, რომლებიც ასეთ ვითარებაში მოძებნიან გამოსავალს, თორემ დალაგებული ქვეყნის ნაკრების გაწვრთნა რომ გაცილებით ადვილია, ჰოლანდიასთან და სხვა ევროპულ გრანდებთან ჩვენი მოგება კი - ალოგიკურია, ეს საკამათო არ არის.

* * *
დიახ, სწორად მიხვდით - ცხადია, ეს ყველაფერი თემურ ქეცბაიას ტელეგამოსვლის გამო მოვიყვანე. არც მედია და არც ფეხბურთელები არ არიან იდეალურები და ყველა რაღაცაში ცდება, მაგრამ მწვრთნელს როცა მოსწონს ნაკრები, რომელიც ციკლს 3 გატანილი გოლით ამთავრებს და წინსვლაზე ლაპარაკობს, ამას რა ჰქვია?

ქეცბაიას ექტორ კუპერის დროინდელი უსუსური ნაკრები არ ჰყავს და ქართული ფეხბურთის უბედურებაზე პასუხს მას ვერ მოვთხოვთ. ისიც აშკარაა, რომ ფეხბურთი კარგად იცის და მწვრთნელობის ნიჭიც აქვს, თორემ ორ გუნდს ჩემპიონთა ლიგაში ვერ გაიყვანდა.

მაგრამ ქართველ ფეხბურთელებთან ურთიერთობა გაუჭირდა და ვერც ააწყო. ორი აზრი არ არის - ნაკრების ზოგიერთი წევრი არასწორად იქცევა. რაც უნდა ნაწყენები იყვნენ მწვრთნელზე და მასთან მუშაობა არ სურდეთ, ესპანეთთან მატჩის წინ 7 მოთამაშის ჩამოუსვლელობას ვერც ჩვენ გავიგებთ და ვერც გულშემატკივარი.

ჩვენ ხომ კარგად გვახსოვს იგივე ქეცბაია - მოედანზე სულსა და გულს რომ დებდა; ან კახა ცხადაძის საქციელი, როცა ნაკრებისთვის პირველი ეკიპირება საკუთარი 50 ათასი მარკით იყიდა;

ან ის, როცა ნაკრების შეკრებაზე გუნდის პირველი თაობის ფეხბურთელები ყველაზე იაფიანი რეისებით ჩამოდიოდნენ, ხშირად - საკუთარი სახსრებითაც კი და ასე შემდეგ.

ახლა სხვა თაობაა, სხვა შეხედულებებით... დაულაგებელი ურთიერთობების მიუხედავად, ქეცბაია ნაკრებში დარჩენასა და ისევ ამ ბიჭებთან მუშაობას აპირებს.

თუ მართლა ასე მოხდა, ჩაიხედეთ, ბატონო თემურ, ამ ბიჭების გულებში და იქნებ იქ ისეთი რამ აღმოაჩინოთ, რაც თქვენც და ფეხბურთელებსაც მართლა ერთ გუნდად გაქცევთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
კარგი სტატიაა...
არტაგი
15:15 23-11-2013
0
ვაუ ამ საიტის რედაკტორს როგორ ძულს ქეცბაია.
რა და გიშავა ესეთი ამ კაცმა?
ან შენ გაგიკეთებია მაგდენი საქართველოსთვის რამდენიც ქეცბაიამ გააკეთა?
ქეცბაიაზე უფრო პატრიოტი ხარ?
მოკლედ ენას ატლიკინებტ რა შეეშვით მაგ ადანიანს მიეცითნ ნუშაობის საშვალება და ნახავთ სანამდე აიყვანს ნაკრებს მე მაგალითდ მჯერა ქეცბაიასი.
გიორგი
13:11 23-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული